Facebook Twitter

1562-1136(კ-05) 18 აპრილი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. ხირტლაძე

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებად აღრიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. მ-ემ და ვ. ს-ემ მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის მთავარი ეკონომიკური სამმართველოს, შპს «ბ-ის», აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს, შ. ფ-ისა და ნოტარიუს ხ. კ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:

1. ქ. ბათუმის მერიის მთავარ ეკონომიკურ სამმართველოსა და მოქალაქე შ. ფ-ეს შორის «ბ-ის» ბალანსზე რიცხული ¹32 მაღაზიის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. მოპასუხეებს შორის «ბ-ის» ¹32 მაღაზიის აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე დადებული ხელშეკრულების დამოწმების შესახებ ნოტარიუს ხ. კ-ის სანოტარო აქტის ბათილად ცნობა;

3. ქ. ბათუმში, ........ ქუჩის ¹13-ში მდებარე ¹32 მაღაზიის პრივატიზებასთან დაკავშირებით «ბ-ის» საწესდებო კაპიტალიდან ამოღების შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2003წ. 2 აგვისტოს ¹170 განკარგულების გაუქმება;

4. შპს «ბ-ის»' დირექციისათვის თავის ბალანსზე ¹32 მაღაზიის აღრიცხვის და თავის შემოსავალში ფულადი ღირებულების აღების დავალდებულება;

5. ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს მიერ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა და მოპასუხე შ. ფ-ის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ........ ქუჩის ¹13-ში მდებარე ¹32 მაღაზიის შპს «ბ-ის» საკუთრებაში აღრიცხვა.

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ქ. ბათუმის მერიის მთავარი სამმართველოს მიერ 2004წ. 5 თებერვალს ჩატარებულ სააუქციონო ვაჭრობაზე (ოქმი¹19) 50%-ის ფასდაკლებით გამოტანილ იქნა გასაყიდად, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1998წ. 5 აგვისტოს ¹173 დადგენილებით დამტკიცებულ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანილი, ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹13-ში მდებარე შპს «ბ-ის» ბალანსზე რიცხული ¹32 მაღაზია, რომელიც წარმოადგენდა ლითონის კონსტრუქციის პავილიონის ტიპის 357კვ.მ სასარგებლო ფართის შენობას 535,9კვ.მ მიწის ფართობთან ერთად. იგი ეკუთვნოდა ქ. ბათუმის მერიას. ქ. ბათუმის მერიის 2003წ. 2 აგვისტოს ¹370 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს «ბ-ის» საწესდებო კაპიტალიდან მაღაზიის გამოტანისა და მისი პრივატიზების შესახებ, რის საფუძველზეც 2003წ. 9 ოქტომბერს აღნიშნული მაღაზია გატანილ იქნა პირველ სააუქციონო ვაჭრობაზე, მაგრამ ვაჭრობა არ ჩატარდა, რადგანაც ვაჭრობაზე განაცხადი არ შესულა. აღნიშნულის გამო ქ. ბათუმის მერიის მთავარი ეკონომიკური სამმართველოს 2003წ. 29 დეკემბრის ბრძანებით, ქალაქ ბათუმში, ........ ქუჩის ¹13-ში მდებარე, შპს «ბ-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ¹32 მაღაზია და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება განისაზღვრა 50%-ის ფასდაკლებით, ანუ ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენდა 14 644 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 2004წ. 28 იანვარს, აუქციონში მონაწილეობისათვის განაცხადი შეიტანა ამავე მაღაზიის გამგე შ. ფ-ემ, რის შედეგადაც 2004წ. 5 თებერვალს ჩატარდა მეორე სააუქციონო ვაჭრობა (ოქმი ¹19 და ¹2), სადაც გაიმარჯვა მოპასუხე შ. ფ-ემ. აღნიშნულის საფუძველზე, 2004წ. 4 მაისს ქ. ბათუმის მერიის მთავარ ეკონომიკურ სამმართველოსა და შ. ფ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომელიც დაამოწმა ქ. ბათუმის ნოტარიუსმა ხ. კ-მა.

მოსარჩელეებმა სარჩელის საფუძვლად მიუთითეს შემდეგზე:

2004წ. 4 მაისის ხელშეკრულება უკანონოა, რადგან «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად შპს «ბ-ას” მიღებული ჰქონდა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი საწესდებო კაპიტალი სასამართლო დადგენილებაში შეტანილი და რეგისტრირებული იყო ამავე სასამართლოში. შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა შეიძლებოდა მხოლოდ დამფუძნებლისა და თვით იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ. ქ. ბათუმის მერიის 2003წ. ¹170 განკარგულება შპს «ბ-ის» საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანისა და საწესდებო კაპიტალიდან ........ ქ. ¹13-ში მდებარე ¹32 მაღაზიისა და მისი ფულადი ღირებულების ამოღების თაობაზე უკანონო იყო, რადგანაც საწესდებო კაპიტალიდან აღნიშნული ქონების ამორიცხვა და მისი იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით საპრივატიზაციოდ გატანა-გასხვისება დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი დადგენილების შემდეგ, რაც არ არსებობდა. ქ. ბათუმის მერიის სადავო განკარგულებაში არ იყო მითითებული საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ობიექტის ღირებულება, ხოლო შპს «ბ-ის” საწესდებო კაპიტალი ფორმირებული იყო ფულადი შესატანის სახით და ერთეული ობიექტის სახელწოდებით საწესდებო კაპიტალიდან მისი ამორიცხვა მერიის განკარგულების საფუძველზე უკანონო იყო. «მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, ¹32 მაღაზიის საწესდებო კაპიტალიდან ამორიცხვაზე აუცილებელი იყო მესაკუთრის თანხმობა, რაც არ არსებობდა. მოსარჩელეთა განმარტებით, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საპრივატიზაციო ობიქტების ნუსხას ამტკიცებდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზაციო ნუსხას ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მითითებული ორგანოების თანხმობები, ასევე, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ¹173 დადგენილებით დამტკიცებულ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა, ამ წესით ¹32 მაღაზიის გასხვისების შესახებ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დადგენილება კანონსაწინააღმდეგო იყო.

მ. მ-ისა და ვ. ს-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე შ. ფ-ემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

მოპასუხის მოსაზრებით, მ. მ-ე და ვ. ს-ე არიან არასათანადო მოსარჩელეები და მათ არ გააჩნდათ სარჩელის აღძვრის უფლება, რადგან არ წარმოადგენდნენ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს. ამასთან, სადავო ობიექტის პრივატიზაციით არ მომხდარა «ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-5 მუხლით გარანტირებულ მუშაკთა სოციალური გარანტიის ხელყოფა. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა თავად განაცხადეს უარი შ. ფ-თან, როგორც სადავო ობიექტის ახალ მესაკუთრესთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

მოპასუხის მითითებით, შ. ფ-ე არის კეთილსინდისიერი შემძენი, სადავო ობიექტი შეიძინა სკ-ის 312-ე მუხლის საფუძველზე და კანონის მოთხოვნათა დაცვით მოახდინა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა მესაკუთრის თანხმობა სადავო ობიექტის საწესდებო კაპიტალიდან ამორიცხვის შესახებ, რადგან ქ. ბათუმის მერიის მიერ, რომელიც წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, 2003წ. 11 აგვისტოს მიღებულ იქნა დადგენილება «ბ-ის» ¹32 მაღაზიის პრივატიზაციის შესახებ. მოპასუხემ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება პრივატიზების თაობაზე კომპეტენტური ორგანოების თანხმობის არარსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამმართველოს 2003წ. 2 სექტემბრის ბრძანების თანახმად, ¹32 მაღაზია შეტანილი იყო საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში, რაც აღინიშნა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2000წ. 17 ოქტომბრის ¹116 დადგენილებაში.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეს პრივატიზებაზე ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამმართველოს არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის შესახებ, რადგან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ახორციელებენ ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო ქალაქებსა და რაიონებში _ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მ. მ-ისა და ვ. ს-ის სარჩელი ასევე არ ცნო მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელს არ დაეთანხმა ასევე მოპასუხე «ბ-ის» წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ მათი ქმედება უკანონო იყო და სადავო ობიექტი კანონიერად იქნა გადაცემული ეკონომიკის სამინისტროსათვის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატანად და ისინი თანახმა იყვნენ პრივატიზების განხორციელებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 იანვრის საოქმო განჩინებით შ. ფ-ე და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო ამოირიცხნენ მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ჩართულ იქნენ მესამე პირებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ისა და ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მერიის მთავარ ეკონომიკურ სამმართველოსა და შ. ფ-ეს შორის 2004წ. 4 მაისს დადებული ხელშეკრულება შპს «ბ-ის” ¹32 მაღაზიის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ, რომელიც დამოწმებული იყო ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ, გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 2003წ. 2 აგვისტოს ¹170 განკარგულება ქ. ბათუმში, ....... ქუჩის ¹13-ში მდებარე შპს «ბ-ის” ¹32 მაღაზიის საწესდებო კაპიტალიდან ამოღების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაევალა საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

«სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით სახელმწიფო ქონების მართვას და პრივატიზაციას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული იყო, რომ აფხაზეთის და აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვას და პრივატიზებას ახორციელებდნენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. მითითებული კანონის მე-5 მუხლით დაწესებულია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების ფორმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, მოცემულ შემთხვევაში «ბ-ის» @¹32 მაღაზიის პრივატიზაცია არ იყო შეთანხმებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან. შპს «ბ-ის» წესდების მე-4 მუხლის თანახმად, 2000წ.ათვის მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 190 900 ლარს და საზოგადოების წილის 100 პროცენტის მფლობელი იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახით, როგორც დამფუძნებელი, რაც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ქ.Q ბათუმის მერიის ბრძანება აუქციონის წესით სადავო მაღაზიის რეალიზაციის შესახებ უკანონო იყო. ამავე წესდების მე-5 მუხლის თანახმად, საზოგადოების კაპიტალის წილის გასხვისების შემთხვევაში მის ფულად გამოსახულებაში შეფასებას ახდენდა დამოუკიდებელი ექსპერტი საბაზრო ფასებისა და პასივების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო ფართის პრივატიზაციის წესით გასხვისება დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებისა და საბაზრო ფასების გათვალისწინების გარეშე განხორციელდა. «მეწარმეთა შესახებ» კანონის 3.3. პუნქტის შესაბამისად, შპს კაპიტალში შესატანის დაბრუნება დაიშვებოდა მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, რისთვისაც საჭირო იყო საზოგადოების კაპიტალში ცვლილებების შეტანა და ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული იყო სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული კანონის თანახმად, «ბ-ის» წესდებაში მითითებული იყო, რომ საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის დღიდან, რაც არ არსებობდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ პრივატიზაციის შედეგად, მაშინ, როცა მოპასუხე აჭარის ა/რ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, «ბ-ის» სისტემის ობიექტების პრივატიზების პროცესი საწყის ფაზაში იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ «ბ-ის» ¹32 მაღაზიის პრივატიზაცია ნაჩქარევად და კანონდარღვევით განხორციელდა.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის მთავარმა ეკონომიკურმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტთა მოსაზრებით, მოსარჩელეები ვ. ს-ე და მ. მ-ე საქმეში წარმოადგენდნენ არასათანადო მოსარჩელეებს, რომლებსაც პრივატიზაციის შედეგების გასაჩივრების კანონიერი უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან პრივატიზების ობიექტი არ წარმოადგენდა მათ საკუთრებას. აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას, რომ მერია არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა პრივატიზება, რადგან აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 11 თებერვლის ¹12 დადგენილებით ლიკვიდირებული იყო ა/რ ქონების მართვის სამინისტრო და მის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მერიის ეკონომიკურ სამმართველოში ჩამოყალიბებული ქონების მართვის სამმართველო. რაც შეეხებოდა შპს «ბ-ის» წესდების მე-5 მუხლში განსაზღვრულ დამოუკიდებელ ექსპერტს, იგი ახდენდა საზოგადოების წილის და არა საწესდებო კაპიტალიდან უკვე ამოღებული ქონების შეფასებას. აპელანტთა განმარტებით, სსკ-ის 59-ე მუხლით პრივატიზებისათვის აუცილებელი იყო საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა, ასეთ შემთხვევაში ისიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ გააპროტესტა აღნიშნული ფაქტი და აჭარაში განხორციელებული პრივატიზაცია კანონიერად ჩათვალა.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მ. მ-ისა და ვ. ს-ის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი მოტივით:

მ. მ-ე და ვ. ს-ე მოცემულ საქმეში წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს, რადგან იყვნენ პრივატიზებული მაღაზიის თანამშრომლები და მათ მიმართ არ იქნა დაცული «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. გარდა აღნიშულისა, ასევე‚ დარღვეულ იქნა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლება, რადგან არ მიეცათ საშუალება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეღოთ მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში, ასევე მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სახელმწიფომ უკანონო პრივატიზებით.

გარდა აღნიშნულისა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1998წ. 5 აგვისტოს დადგენილება «ბ-ის» ¹32 მაღაზიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის შესახებ უკანონოა და ეწინააღმდეგება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების» შესახებ კანონის მე-5 მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას, რადგან პრივატიზების საკითხი არ იყო შეთანხმებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო სადავო დადგენილების გამოცემისას არ იყო სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, ამ უკანასკნელზე გადაცემული იყო მხოლოდ მართვის ფუნქციები და არა მათი განკარგვა-გასხვისებისა და პრივატიზების უფლება. აღნიშნული დასტურდება ხელშეკრულებით, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აჭარის ა/რ არსებული ქონება, მათ შორის _ «ბ-ა» და მის ბალანსზე რიცხული ¹32 მაღაზია, საკუთრებაში გადასცა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს.

ამდენად, 2004წ. 4 მაისს უკანონოდ განხორციელდა ¹32 მაღაზიის პრივატიზება, სადაც მუშაობდნენ მოსარჩელეები და აღნიშნულის გამო გათავისუფლდნენ სამუშაოდან. მ. მ-ისა და ვ. ს-თვის ცნობილი იყო, რომ პრივატიზება ხორციელდებოდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არ მიიღეს მონაწილეობა აუქციონში.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს შ. ფ-ემ, აჭარის ა/რ მთავრობამ და შპს «ბ-ამ» და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების _ ვ. ს-ისა და მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთაAშემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართული შ. ფ-ე პრივატიზებულ სადავო ობიექტში მუშაობდა 1994 წლიდან, სადავო მაღაზია ¹32 აღებული ჰქონდა იჯარით 2002 წლიდან 2005წ. 1 იანვრამდე, ხოლო 1998წ. 5 აგვისტოს აღნიშნული მაღაზია აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში. ის, რომ საპრივატიზაციო ობიექტთა გასხვისების საკითხი არ იყო შეთანხმებული საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან, სასამართლომ არ ჩათვალა სკ-ის 53-54-ე მუხლების დარღვევად, ვინაიდან აჭარის ა/რ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიაჩნდა, რომ მათი უფლებები არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. მ-ემ და ვ. ს-ემ იცოდნენ ¹32 მაღაზიის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, მაგრამ არ მიიღეს მონაწილეობა აუქციონში, შემდეგ სარჩელი აღძრეს შ. ფ-ის მიმართ და შესყიდვა ჩათვალეს უკანონოდ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შ. ფ-ე იყო კეთილსინდისიერი მყიდველი. არ დარღვეულა «აუქციონის შესახებ» კანონი აუქციონის ჩამტარებელი ორგანოს მხრიდანაც. აუქციონი ჩატარდა ორჯერ, მეორე აუქციონის ჩატარების დროს მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შ. ფ-ემ, გადაიხადა თანხა და მიიღო ქონება საკუთრებაში. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ემ და ვ. ს-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

მოგვიანებით, კასატორებმა წარმომადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა დაასაბუთეს შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

კასატორებმა მ. მ-ემ და ვ. ს-ემ დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოადგინეს დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელშიც აღნიშნეს, რომ არ იზიარებენ იმ ფაქტს, რომ მათ ¹32 მაღაზიის პრივატიზაციის შედეგად რაიმე ზიანი არ მისდგომიათ. ამასთან, მათი განმარტებით, მათ უნდოდათ შეესყიდათ მაღაზია, მაგრამ კანონიერი გზით და არა უკანონო აუქციონში მონაწილეობით, როგორც ეს გააკეთა შ. ფ-ემ.

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული ჰქონდა უფლება, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები და გამოერკვია ყველა საეჭვო გარემოება, ნაცვლად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაამართლა არაკანონიერად ჩატარებული პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფოს რამდენიმე ათეული ათასი ლარით დაზარალების მცდელობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ისა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 მუხლისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიუთითებია სამართლის არც ერთ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა, გადაწყვეტილებიდან არ დგინდება სადავო სამართალურთიერთობას რომელი ნორმა შეუფარდა სააპელაციო სასამართლომ, რომელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტზე ააგო გადაწყვეტილება და რომელ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ააგო მხოლოდ მოსაზრებებზე, რაც არ იქნა გამყარებული შესაბამისი სამართლებრივი ნორმებითა და სათანადო დასაბუთებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებზედაც დაამყარა თავისი დასკვნები, შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებითაც უარყო ისინი და კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ისა და ვ. ს-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა იმ მოტივზე, რომ მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს სადავო პრივატიზაციით არ მისდგომია ინდივიდუალური ზიანი, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიუთითებია კანონის შესაბამის ნორმაზე, რის საფუძველზე მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, შპს «ბ-ის» ბალანსზე რიცხული ¹32 მაღაზიის აუქციონის წესით პრივატიზებით შეილახა თუ არა მოსარჩელეთა კანონიერი უფლებები, კერძოდ, შრომითი უფლებები და რა უშუალო ან ინდივიდუალური ზიანი მიადგა მათ, რაზეც მოსარჩელეები ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, სათანადოდ უნდა შეაფასოს მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს რამდენად წარმოადგენდა სადავო პრივატიზაცია და აღნიშნული რამდენად შეიძლება გახდეს 2004წ. 29 დეკემბერს ჩატარებული აუქციონისა და მისი თანამდევი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი იმ პირობებში, როცა მათ სადავოდ არ გაუხდიათ აუქციონის დანიშვნისა და ჩატარების კანონიერება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს მ. მ-ისა და ვ. ს-ის სათანადო მოსარჩელეობის საკითხი. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ქ. ბათუმის მერიის 2003წ. 2 აგვისტოს ¹170 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხზე და ამ ნაწილში რამდენად წარმოადგენენ მ. მ-ე და ვ. ს-ე სათანადო მოსარჩელეებს, რადგან სადავო განკარგულებით ¹32 მაღაზია ამოღებულ იქნა სამეწარმეო სუბიექტის _ შპს «ბ-ის» საწესდებო კაპიტალიდან. შესაბამისად, დადგენილ უნდა იქნეს, რამდენად ეხება მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს სადავო აქტი, რადგან ისინი იყვნენ მხოლოდ მითითებულ დაწესებულებაში დასაქმებული პირები. თავად სამეწარმეო სუბიექტს კი ზემოაღნიშნული განკარგულება სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შემოწმებულ უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტთან თუ მე-601 მუხლთან შესაბამისობაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტისა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე დაუსაბუთებელია 2003წ. 29 დეკემბერს ჩატარებული აუქციონისა და მისი თანამდევი შედეგების კანონიერად მიჩნევის ნაწილშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც თავად გადაწყვეტილებაშია მითითებული, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებს, მითითებული საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შპს «ბ-ის» საწესდებო კაპიტალიდან ¹32 მაღაზიის ამოღების შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2003წ. 11 აგვისტოს ¹170 განკარგულება მიღებულ იქნა თუ არა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, უფლებამოსილი იყო თუ არა ქ. ბათუმის მთავრობა მიეღო გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღების შესახებ და აღნიშული შეესაბამებოდა თუ არა «მეწარმეთა შესახებ» კანონისა და შპს «ბ-ის» წესდების მოთხოვნებს. ასევე უნდა იქნეს გამოკვლეული, 2003წ. 29 დეკემბერს ქ. ბათუმის მერიის მთავარი ეკონომიკური სამმართველოს მიერ აუქციონი ჩატარდა თუ არა სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის, კერძოდ, «ქონების პრივატიზების შესახებ» 1997წ. 30 მაისის კანონის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამმართველო უფლებამოსილი იყო სადავო ობიექტი გაესხვისებინა აუქციონზე და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 11 თებერვლის ¹12 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა სახელმწიფო ქონების მართვის ქ. ბათუმის სამმართველო და სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული განყოფილებები. ამდენად, აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამმართველო მიიჩნია უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოდ აუქციონის ჩატარებასა და სადავო ობიექტის გასხვისებაზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას თავად უნდა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების საფუძველზე, შესაბამისად, უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და სათანადო შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამმართველოს ჰქონდა თუ არა მინიჭებული «პრივატიზების შესახებ კანონის» მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქონების პრივატიზების განხორციელების უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ასევე უნდა მიეცეს სათანადო შეფასება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005წ. 7 ივნისის ¹1-1/739 ბრძანებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება _ საქართველოს მთავრობის 2005წ. 12 მაისის ¹183 განკარგულების დანართში მითითებულ საწარმოთა ქონება, რომელთა შორისაა შპს «ბ-ის» ქონებაც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, წარმოადგენდა თუ არა შპს «ბ-ის» ¹32 მაღაზია სადავო აუქციონის ჩატარების დროს აჭარის ა/რ მთავრობის საკუთრებას და იყო თუ არა ეს უკანასკნელი უფლებამოსილი, გაესხვისებინა იგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მიერ წამოყენებულ დამატებით საკასაციო პრეტენზიას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება უნდა გამოიკვლიოს სათანადოდ. საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკურ სამმართველოს ოფიციალურად მინიჭებული ჰქონდა უფლება სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების წესით გასხვისებაზე, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია შესაბამის ნორმატიულ აქტზე ან მტკიცებულებაზე, რის საფუძველზეც გააკეთა აღნიშული დასკვნა.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ფ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის ნაწილშიც და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს აღნიშნული საკითხი, რადგან ქ. ბათუმის მერიის 2003წ. 2 აგვისტოს ¹170 განკარგულებიდან დგინდება, რომ სადავო ობიექტის შპს «ბ-ის» საწესდებო კაპიტალიდან ამოღება მოხდა ქ. ბათუმის მერიისადმი თავად შ. ფ-ის მოთხოვნის შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შეიძლებოდა თუ არა სცოდნოდა შ. ფ-ეს რამდენად წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალიდან ამოეღო ამ უკანასკნელის ქონება და შეეტანა საპრივატიზებო ნუსხაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანულ კანონში 2005წ. 25 ნოემბრის ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ კანონს დაემატა 884-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2006წ. 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ უზრუნველეყოთ აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც მოცემული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ისა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.