Facebook Twitter

¹3კ-1473-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ს-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინიდან ი. ს-ისა და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება, ასევე, ავეჯის გატანა და მოპასუხისათვის მის მიმართ განხორციელებული განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის _ 450 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე ა. და ქ. კ-ები გამოსახლდნენ თბილისში, ...... მდებარე ბინიდან და დაევალათ ბინიდან ავეჯის გატანა. 2001წ. 20 სექტემბერს საქმეზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ შეძლეს იმ მიზეზით, რომ აღსრულებისას ბინაში აღმოჩნდა გამოსახლებული ა. კ-ის მიერ 1968 წელს შვილად აყვანილი ი. ს-ი, რომელსაც ამ ბინასთან არავითარი საერთო არ აკავშირებდა. ბინაშივე აღმოჩნდა კ-ების კუთვნილი ავეჯი და საოჯახო ნივთები. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ბინის უკანონოდ დაკავებით მას მიადგა ზიანი, ამიტომ ბინიდან გამოსახლებასთან ერთად მოპასუხისათვის მოითხოვს 450 ლარის დაკისრებას.

2002წ. 28 თებერვალს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელსაც უწყება ჩაბარდა სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი. ს-ი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლდა თბილისში, ...... მდებარე კ. ს-ის სახელზე რიცხული ბინიდან. მასვე დაევალა ბინიდან ავეჯის გატანა. მოპასუხე ი. ს-ს ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა 450 ლარი.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ს-მა, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა იმ საფუძვლით, რომ იგი 2002წ. 28 თებერვალს იყო ავად, რაზეც წარმოადგინა თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 მარტის განჩინებით საქმის განხილვა განახლდა. 2002წ. 28 მარტს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე და არც რაიმე ცნობა გამოუცხადებლობის შესახებ წარმოადგინა. მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 28 მარტს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი. ს-ი თანმხლებ პირებთან და ავეჯთან ერთად გამოსახლდა კობა ს-ის სახელზე რიცხული თბილისში, ..... მდებარე ბინიდან. მოპასუხე ი. ს-ს ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ 450 ლარი.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ს-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოში 2002წ. 19 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც გაფრთხილებული იყო სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 19 სექტემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ს-მა და განმარტა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა 2002წ. 19 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინებით ი. ს-ის საჩივარი მიღებულ იქნა და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს-ს პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის შესახებ ეცნობა სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ 2002წ. 28 მარტს იგი იმყოფებოდა ავად, ხოლო ი. ს-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომ მან 2002წ. 28 თებერვალს მკურნალობა დაიწყო თბილისის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, სასამართლომ არ მიიჩნია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ს-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კასატორი განმარტავს, რომ იგი გადიოდა მკურნალობას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე მას სჭირდება ხანგრძლივ სტაციონალური და ამბულატორული მკურნალობა. 2002წ. 28 თებერვალს გამოუცხადებლობის შესახებ მან წარმოადგინა ცნობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2002წ. 19 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ: ნერვული სტრესის გამო აუცილებელი იყო მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და შესაბამისად, შეუძლებელი იყო სასამართლოში გამოცხადება. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით დაარღვია სსკ-ს 241-ე და 233-ე მუხლების მოთხოვნები და გამოიტანა უკანონო განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში 2002წ. 28 მარტს გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დადგენილია ასევე, რომ გამოუცხადებელ მხარეს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ს-ი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ მიზეზით, რომ მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით. პალატა თვლის, რომ სამედიცინო ცნობა, რომელიც წარმოადგინა ს-მა, იუწყება იმის შესახებ, რომ მან 2002წ. 28 თებერვალს დაიწყო მკურნალობა თბილისის ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში. ცნობის მიხედვით არ ირკვევა, თუ რამდენ ხანს მკურნალობდა იგი, როგორი იყო მისი მკურნალობის რეჟიმი და იყო თუ არა ავად სასამართლო სხდომის დღეს _ 2002წ. 28 მარტს. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი და არ გააუქმა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებულია ის შემთხვევები, როცა სასამართლოს უფლება არა აქვს, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული მუხლის არც ერთი პუნქტი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არა გვაქვს. ამდენად, რაიონული სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.