Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1474-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 12 ოქტომბერს მ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ი. გ-ის გამოსახლება თბილისში, ... ბინიდან, რომელიც განთავსებულია საერთო საცხოვრებელში და ეკუთვნის სს “კ-ს”. მ.მ-ეს ბინა გამოეყო 1993 წელს და სამი წლის განმავლობაში ფლობდა მას. 1996 წელს იგი დროებით წავიდა რაიონში და მისი ოთახი თვითნებურად დაიკავა მოპასუხე ი. გ-მა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ი. გ-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მ.მ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება მიიღო სკ-ს 160-ე მუხლზე დაყრდნობით და ჩათვალა, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

მ.მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი მოტივებით: სადავო ბინა პრივატიზებულია და წარმოადგენს სს “კ-ის” საკუთრებას. კასატორი აღნიშნულ ოთახში ჩაწერილია 1985 წლიდან, ხოლო საკუთრებაში გადაეცა 1996 წელს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ კასატორი კეთილსინდისიერი მფლობელია, ხოლო ი. გ-ი უკანონოდაა შეჭრილი. ასეთი დაადასტურა სს “კ-ის” წარმომადგენელმაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში. საოლქო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა სკ-ს 159-ე და 160-ე მუხლებს, კასატორი შეჭრის დღიდან მიმართავდა როგორც სს “კ-ის” ადმინისტრაციას, ისე უკანონოდ შეჭრილ ი. გ-ს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზია საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი არ არის, ხოლო სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

თბილისში, ... მდებარე საერთო საცხოვრებელი წარმოადგენს სს “კ-ის” საკუთრებას. ხსენებულ საერთო საცხოვრებელში განთავსებული ¹82 ოთახი მესაკუთრემ 1993 წელს გამოუყო მ. მ-ეს, ხოლო 1996 წლიდან ამ ოთახში ცხოვრობს ი. გ-ი. მ. მ-ემ ი. გ-ის გამოსახლების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მ.მ-ის მიერ ნივთის ფლობის სამართლებრივი მდგომარეობა, როდესაც იგი სკ-ს 159-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია კეთილსინდისიერ მფლობელად. აღნიშნული ნორმით კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობების ყოველმხრივი შემოწმების საფუძველზე. მ. მ-ის მიერ სადავო ოთახის მართლზომიერ ფლობას ადასტურებს მისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემა თვით ნივთის მესაკუთრის მიერ. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელობის არსებობა სადავოდ არ გაუხდია თვით მ.მ-ეს.

სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 160-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს, ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია, ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის საფუძვლით კანონიერად უთხრა უარი მ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნას.

სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა 160-ე მუხლს, ვინაიდან მან ი.გ-ის ოთახში უკანონოდ შეჭრა სადავოდ გახადა იმავე დღიდან და ამის თაობაზე მიმართავდა როგორც მესაკუთრეს, ისე ი.გ-ს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების დაცვა. იგი იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში მ.მ-ეს სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად მოთხოვნა წარმოეშვა 1996 წელს, როდესაც შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ და თავისი კეთილსინდისიერი მფლობელობის უფლების დაცვა შეეძლო მოეთხოვა სამი წლის გნმავლობაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.