საქმე # 330100121004335300
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№452აპ-23 ქ. თბილისი
ჯ. ბ. 452აპ-23 5 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბ. ჯ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 17 დეკემბერს საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება მე-.. მ/რ-ნი, №.. მდებარე სახლის ეზოში, ბ. ჯ–მ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - რ. გ–ს, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში, ასევე, ბარძაყსა და ხელში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბ. ჯ–სა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. გამართლებულ ბ. ჯ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა მოითხოვა ბ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებული ბ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
10. დაზარალებულმა - რ. გ–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 17 დეკემბრის ოქმში მიუთითა ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება მე-.. მ/რ-ნი, №.. მდებარე სახლის ეზოში იმ ადგილზე, სადაც ბ. ჯ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, რ. გ–მს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
14. ბ. ჯ–ს მსჯავრდებისათვის ირელევანტურია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, 2020 წლის 17 დეკემბრის სამედიცინო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც რ. გ–ს აღენიშნებოდა სილურჯე მარცხენა მტევნის არეში, ვინაიდან, ბარათის ჩანაწერიდანაც ირკვევა, რომ პაციენტის გადმოცემით მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე ჩაარტყა თავში მუშტი.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე მ. მ–ი ბ. ჯ–ს მიერ რ. გ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია, პირიქით, მოწმემ მიუთითა, რომ 2020 წლის 17 დეკემბერს კარგად ესმოდა თუ როგორ აყენებდა რ. გ–ი ბ. ჯ–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ბ. სთხოვდა, რომ დაენებებინა მისთვის თავი და წასულიყო, მათ კამათი განაგრძეს ეზოში რა დროსაც თავადაც გავიდა და შეეცადა მათ დაწყნარებას, ქალბატონი გააფრთხილა, რომ აღარ მისულიყო მათთან სახლში. მოწმის განმარტებით კონფლიქტს ყოველთვის იწყებდა რ. გ–ი. დაზარალებულისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაადასტურა ასევე ო. ჯ–მ (ბ. ჯ–სა და რ. გ–ს შვილი), რომელმაც მიუთითა, რომ მამას დედასთვის არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც კი კონფლიქტი მოსვლიათ, ყოველთვის დედა იწყებდა ჩხუბს და მამას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მამა მის შეურაცხყოფას ითმენდა რადგან არ უნდოდა შვილებს ენერვიულათ.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
17. სასამართლო ვერ გაიზიარებს გამომძიებელ ნ. ა-სა და სასწრაფო დახმარების ექიმის თ. ი–ს ჩვენებების იმ ნაწილს, რომელიც გადმოსცემს დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
18. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმ თ. ი–ს განმარტებას (დაზარალებული რ. გ–ი შფოთავდა, იყო ემოციური, ყვიროდა, პოლიციას სთხოვდა ყოფილი მეუღლის დასჯას), აღნიშნულით ვერ დასტურდება ბ. ჯ–ს მიერ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, რაც აუცილებელია ბ. ჯ–სთვის შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისათვის.
19. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ბ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე