საქმე # 330802223007661421
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№42I-23 ქ. თბილისი
კ.კ. 42I-23 7 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. კ–ს(K.K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. კ–ს (K.K.) მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2020 წლის 4 მარტს, 2020 წლის 8 ივლისს და 2021 წლის 21 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ტეხასის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის თანახმად (სისხლის სამართლის საქმის # 3:20-CR-00120-B), კ. კ–ის (K.K.) ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში:
აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343-ე და 1349-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება კომუნიკაციის საშუალებებით თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) და 1956(a)(2)(A) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულება), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
2021 წლის 22 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ტეხასის საოლქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოსცა კ. კ–სის (K.K.) დაკავების ბრძანება;
1.2. 2021 წლის 23 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის თანახმად (სისხლის სამართლის საქმის # CR – 21 - 098), კ. კ–სს(K.K.) ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში:
აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე და 3551-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით;
აშშ-ს კოდექსის მე-15 თავის 78j(b) და 78ff მუხლებით და იმავე კოდექსის მე-18 თავის მე-2 და 3551-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული თაღლითობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე და 3551-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება კომუნიკაციის საშუალებებით თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) და 3551-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულება), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნიუ-იორკის საოლქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოსცა კ. კ–სის (K.K.) დაკავების ბრძანება;
2020 წლის 8 ივნისიდან კ. კ–ი (K.K.) იძებნება აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. კ. კ–ს (K.K.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2023 წლის 24 იანვარს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კ. კ–ს (K.K.) ექსტრადიციის თაობაზე.
2023 წლის 3 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი კ. კ–ი (K.K.).
2023 წლის 6 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, კ. კ–ს (K.K.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2023 წლის 8 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე, კ. კ–სმა(K.K.) განაცხადა უარი, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით, აშშ-ში ექსტრადიციაზე.
2023 წლის 23 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, კ. კ–ს(K.K.) და მისი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
2023 წლის 10 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა კ. კ–სის (K.K.) ექსტრადიციის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობები და შესაბამისი დოკუმენტები.
2023 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, კ. კ–ს (K.K.) მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 3 აგვისტომდე.
2023 წლის 2 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით დაუშვებლად იქნა ცნობილი კ. კ–ს (K.K.) ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე.
2023 წლის 16 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აშშ-ს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია კ. კ–ს (K.K.) აშშ-ში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2023 წლის 7 ივლისს.
2023 წლის 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, კ. კ–ის (K.K.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა - 3 თვით, 9 თვემდე - 2023 წლის 3 ნოემბრამდე. ამჟამად, კ. კ–ი (K.K.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ტეხასის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის თანახმად:
2014 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კ. კ–მა (K.K.), სხვა პირებთან, მათ შორის თავის მეუღლესთან - ქ. ფ. ა–ო კ–თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სხვისი ფულის უკანონოდ დაუფლების მიზნით, უზრუნველყო სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და ფუნქციონირება.
ზემოაღნიშნული თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის დომენების სახელების რეგისტრირებისათვის გამოყენებული იყო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების პირადი მონაცემი. ამასთან, კ. კ–სისა (K.K.) და სხვა თანამონაწილეების მიერ შეიქმნა ცრუ მასალები და ჩანაწერები თაღლითურ ინტერნეტ გვერდებზე განთავსების მიზნით.
მითითებული თაღლითური სქემის ფარგლებში, კ. კ–სი (K.K.) და მისი თანამონაწილეები, საკონფერენციო ზარების, ვიდეო შეხვედრების, ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაციების გამოყენებით, პოტენციურ ინვესტორებს აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას თავიანთი ვინაობის შესახებ და არწმუნებდნენ ამ უკანასკნელებს, შემდგომი შემოსავლის მიღების მიზნით, განეხორციელებინათ ინვესტიცია ბინარული ოფციებისა და კრიპტოვალუტის სფეროში.
მას შემდეგ რაც დაზარალებული პირები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ა...-დან, კერძოდ, ტ–დან, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების მითითების შესაბამისად, რიცხავდნენ საინვესტიციო თანხას კ. კ–სის (K.K.) და ქ. ფ. ა–ო კ–ს კონტროლის ქვეშ მყოფ საერთაშორისო საბანკო ანგარიშზე, ინვესტორები იღებდნენ მომხმარებლის სახელსა და პაროლს მათი ინვესტიციის ონლაინ კონტროლისათვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თაღლითურ ონლაინ საინვენსტიციო პლატფორმაზე ასახული მონაცემების თანახმად, ინვესტიციას მოჰქონდა შემოსავალი, სინამდვილეში არანაირი აქტივობა გადარიცხულ თანხებთან მიმართებით არ ხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნული თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, დაზარალებულებისაგან მოტყუებით მიღებული თანხა - 70 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, ნაცვლად დაპირებულ სფეროში ინვესტირებისა, კ. კ–სა (K.K.) და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ გამოყენებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების საკომისიოების გადახდისათვის, თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების შემდგომი პოპულარიზაციისათვის და პირადი მიზნებისათვის.
3.2. ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის თანახმად:
2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კ. კ–მა (K.K.), სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სხვისი ფულის უკანონოდ დაუფლების მიზნით, უზრუნველყო თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების - “S. O-s” და „B-n” შექმნა და ფუნქციონირება.
მითითებული პლატფორმები ფუნქციონირებდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ შექმნილი და მართული ვებ საიტების მეშვეობით. ამასთან, დაჯგუფების წევრები, მათ შორის კ. კ–სი (K.K.) თაღლითურ სქემაში პოტენციური ინვესტორების ჩართვის მიზნით, უზრუნველყოფდნენ მითითებული საინვესტიციო პლატფორმების რეკლამირებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით, ვებ საიტების, ელ. ფოსტის და სოციალური მედიის გამოყენებით. კერძოდ, ინტერნეტ სივრცეში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “S. O-s” წარმოადგენდა მოწინავე და საიმედო ონლაინ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ჩართული იყო კრიპტოვალუტის გამომუშავების (m.) და ციფრული აქტივებით ვაჭრობის სფეროში.
2017 წლის დეკემბერში კ. კ–სმა (K.K.) უზრუნველყო “S. O-s”-ის საინვესტიციო კონტრაქტების - ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. მითითებული კონტრაქტების შეძენა შესაძლებელი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დოლარის, ევროს ან ბიტკოინის სანაცვლოდ. მითითებულ შეთავაზებაში მონაწილეობისათვის, ინვესტორს დეპოზიტზე უნდა განეთავსებინა თანხა ან ბიტკოინი ფიქსირებული დროით, 60-დან 90 დღემდე პერიოდით, რა ვადის გასვლის შემდგომაც, არსებული დაპირების თანახმად, ისინი შეძლებდნენ როგორც ინვესტირებული თანხის, ისე არსებითი შემოსავლის მიღებას და დეპოზიტიდან გატანას.
2018 წლის იანვრიდან, როდესაც ინვესტორების ნაწილი შეეცადა დეპოზიტზე არსებული თანხის მოხსნას, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ განხორციელდა მათ მიერ შეტანილი თანხის ან/და ბიტკოინის ტრანსფერი „B. O-g” -ის სისტემაში, რაც გულისხმობდა, სავალდებულო წესით, დეპოზიტზე არსებული თანხის კონვერტაციას „B.“ კრიპტოვალუტაში, რომელიც კ. კ–სის (K.K.) და მისი თანამონაწილეების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის თანახმად, წარმოადგენდა ბიტკოინის შემდგომ კრიპტოვალუტების თაობას. ამასთან, ცრუ დაპირების თანახმად, 90 დღის შემდგომ, ინვესტორები შეძლებდნენ მითითებული კრიპტოვალუტით ვაჭრობას. გარდა, აღნიშნულისა, “S. O-s”-ის ფარგლებში გამოყენებული სქემის მსგავსად, მოცემულ შემთხვევაშიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ხორციელდებოდა ცრუ ონლაინ რეკლამის გავრცელება ახალი ინვესტორების, სინამდვილეში არარსებული კრიპტოვალუტის, შეძენით დაინტერესებისათვის.
ზემოაღნიშნული თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, დაზარალებულებისაგან მოტყუებით მიღებული თანხა და ბიტკოინები, ჯამში დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად დაპირებულ სფეროში ინვესტირებისა, ირიცხებოდა კ. კ–სის (K.K.) კონტროლის ქვეშ მყოფ საბანკო ანგარიშზე. ამასთან, უკანონოდ მოპოვებული თანხის და ბიტკოინების გადარიცხვის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაუფლებული თანხის უკანონო ბუნების, წყაროს და კანონიერი მფლობელის ვინაობის შენიღბვა.
4. 2023 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა კ. კ–სის (K.K.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ტეხასის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის საბრალდებო დასკვნაში(სისხლის სამართლის საქმის # CR-21-098) და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის საბრალდებო დასკვნაში(სისხლის სამართლის საქმის # CR – 21 – 098).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი კ. კ–სის (K.K.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ტეხასის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის საბრალდებო დასკვნასა (სისხლის სამართლის საქმის # 3:20-CR-00120-B) და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის საბრალდებო დასკვნაში (სისხლის სამართლის საქმის # CR - 21- 098).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. კ–სის (K.K.) ადვოკატი გ. კ–სი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და კ. კ–სის (K.K.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. კ. კ–სს(K.K.) არ მიეცა შესაძლებლობა ჰქონოდა წვდომა/წარედგინა და საექსტრადიციო პროცედურების დროს განხილულიყო მტკიცებულებები/ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რეალურ რისკზე, რომ ის შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან არასათანადო მოპყრობას, თუ მისი ექსტრადირება მოხდება შეერთებულ შტატებში. საქართველოს ხელისუფლებას არ გაუკეთებია აღნიშნული საკითხის ყოვლისმომცველი გამოკვლევა/შეფასება შეერთებული შტატების ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვისას;
6.2. დაცვის მხარის შეფასებით გაუგებარია თუ რა სახის სასჯელი ემუქრება კ. კ–სს (K.K.) და შეიძლება თუ არა მისი სიმძიმე შეუთავსებელი იყოს მესამე მუხლთან. ვინაიდან კ. კ–სს (K.K.) შეიძლება დაემუქროს დე ფაქტო სამუდამო პატიმრობა და სასჯელი, რომელიც აღემატება მის სიცოცხლეს. არ არსებობს სამართლებრივად მკაფიოდ გარანტირებული სასჯელის შემცირების/პირობით ვადამდე გათავისუფლების რეალური და ხელმისაწვდომი გზები და მექანიზმები;
6.3. დაცვის მხარის შეფასებით, ასევე არსებობს ადამინიას უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის - ოჯახური ცხოვრებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე, კ. კ–სის(K.K.) მეუღლე 2023 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა ბუნდოვან ვითარებაში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, კ. კ–სს (K.K.) ჰყავს 7 შვილი, მათგან 5 არასრულწლოვანია, მათ აქვთ აშშ-ში შესვლაზე ოფიციალური აკრძალვა, რაც ექსტრადიციის შემთხვევაში შეუძლებელს გახდის კ. კ–სის (K.K.) ურთიერთობას ოჯახთან;
6.4. დაცვის მხარის განმარტებით, 2021 წელს ანალოგიური ბრალდებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების მოთხოვნით კ. კ–სი (K.K.) მეუღლესთან ერთად იყო დაკავებული ს–ს რესპუბლიკაში, თუმცა აშშ-ს მოთხოვნა მათი ექსტრადიციის შესახებ დაიბლოკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად და სერბეთის მთავრობას მოეთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა საქმესთან მიმართებით. ექსტრადიციის დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა გაგრძელებული 2021 წლის 16 აგვისტოს ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების შემთხვევაში კ. კ–სის (K.K.) და მისი მეუღლის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ალბათობას(წამება, არაადამიანური მოპყრობა, ასევე სასჯელის ზომის გამოყენებას, რომელიც გათანაბრებულია სიკვდილით დასჯასთან). 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეჩერდა კ. კ–სის (K.K.) მიმდინარე სამართალწარმოება, თუმცაღა ს–ს მთავრობას მიეთითა, რომ აღნიშნული არ უნდა იყოს გაგებული კ. კ–სის (K.K.) აშშ-ში ექსტრადირების შესაძლებლობად, თუკი საბოლოო ჯამში დადასტურდება ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს კ. კ–ს (K.K.) და მისი მეუღლის მიმართ ექსტრადიციის შემთხვევაში კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღდეგო მოპყრობის რეალური რისკის თაობაზე. გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით სერბეთის მთავრობამ კ. კ–ი (K.K.) და მისი მეუღლე გაათავისუფლა საექსტრადიციო პატიმრობიდან და მიეცათ ლეგალური გადაადგილების შესაძლებლობა.
7. 2023 წლის 6 სექტემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის კ. კ–ის (K.K.) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. კ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კ. კ–სის (K.K.) მეუღლის ქ. ა. ფ–ე (კ–ს) გარდაცვალების მოწმობა და თანდართული დოკუმენტები, ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა გ. ბ–მ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა კ. კ–სის(K.K.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი კ. კ–სი (K.K.) 2023 წლის 3 თებერვალს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია მოცემული შუამდგომლობის 12.1-12.2 და 14.1.-14.2. პარაგრაფებში მითითებული მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 5 დან 20 წლამდე.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით და იმავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.
6. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება კ. კ–სს (K.K.), განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. კ. კ–სათვის (K.K.) ბრალად შერაცხული ქმედებები განხორციელდა 2014-2020 და 2017-2018 წლებში, 2020 და 2021 წლებში დამტკიცებულია საბრალდებო აქტები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ბრალდების წარდგენის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, კ. კ–სის (K.K.) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 5 წელს, კ. კ–სს (K.K.) 2021 წლის 21 დეკემბერს წარედგინა მეორე, შეცვლილი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ბრალს სდებს 2014 წლიდან 2020 წლის ივნისამდე მიმდინარე დანაშაულებრივ შეთქმულებებს. კ. კ–სს (K.K.) დადგენილ 5 წლიან ვადაში წაუყენეს ოფიციალური ბრალდება, შესაბამისად, დაცულია ხანდაზმულობის ვადა(აშშ-ის კოდექსის პარაგრაფი 3282).
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება კ. კ–სის (K.K.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. კ. კ–სის (K.K.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ კ. კ–სი (K.K.) არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ს–ს რესპუბლიკისა და ა–ს თანამეგობრობის მოქალაქე.
8.2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - აშშ. შესაბამისად, არ არსებობს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციითა და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაც. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
10. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და კ. კ–ს (K.K.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
12. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საფრთხის შეფასება ფოკუსირებული უნდა იყოს მიმღები სახელმწიფოსთვის მომჩივნის გადაცემის მოსალოდნელ შედეგებზე, მიმღებ ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის და მომჩივნის პირად მდგომარეობაზე (იხ: Salah Sheekh v. the Netherlands, no. 1948/04, ECtHR, par.136, 11/01/2007; Vilvarajah and Others v. the United Kingdom, ECtHR, par. 107-08, Series A no. 215; 30/10/1991). საქმეში არსებული ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, უნდა შეფასდეს საკმარისი საფუძველის არსებობა იმაში დასარწმუნებლად, რამდენად წარმოიშვება რეალური საფრთხე იმისა, რომ მოცემული პირი მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში, დაექვემდებარება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას (F.G. v. Sweden [GC], no. 43611/11, ECtHR, par. 116, 23/03/2016; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, par. 95, 29/04/2022).
14. სასამართლო ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში საექსტრადიციო მასალებით არ დგინდება, რომ აშშ-ში ექსტრადიცია ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე per se ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკებს.
15. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კ. კ–ის (K.K.) სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები/ელექტრო მატარებლები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს აშშ-ში ექსტრადიციისას მე-3 მუხლის დარღვევით მოპყრობის (ფიზიკური უსაფრთხოებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების) ალბათობას, დაცვის მხარეს კი არ მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა და გამოეკვლია მითითებული მტკიცებულებები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით კ. კ–ს (K.K.) დაკავება მოხდა 2023 წლის 3 თებერვალს (იხ.: 2023 წლის 3 თებერვლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 70-78), ადვოკატი გ. კ–სი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. კ–სის (K.K.) ინტერესების დაცვას ახორციელებს 2023 წლის 8 თებერვლიდან (იხ.: ადვოკატის ორდერი, ტ. 5, ს.ფ. 511). დაცვის მხარემ 2023 წლის 13 მარტს მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა საექსტრადიციო მასალების გადაცემა, რომელიც იმავე დღეს გადასცა ელექტრონული სახით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა. შესაბამისად, დაცვის მხარისათვის ამ დროიდან ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ კ. კ–სის (K.K.) ექსტრადიციასთან ერთად აშშ-ის შესაბამისი ორგანოები სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ითხოვდნენ მათ შორის კ. კ–სის (K.K.) თითის ანაბეჭდის ნიმუშის აღებას, მისი პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკას, შუამდგომლობაში მითითებული ნივთების ამოღებას, ამერიკული მხარისათვის შემდგომი გადაცემის მიზნით (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 15-39). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 21 მარტს ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა კ. კ–სმა (K.K.) წერილობით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა მისი კუთვნილი ნივთებისა (როლექსის ფირმის საათი, 2 ოქროს ბეჭედი, რკინის გასაღები, ელექტრო პლასტიკური გასაღები) და ფულადი თანხის (1800 აშშ დოლარი, 410 ლარი და 250 დინარი) ადვოკატ გ. კ–სათვის გადაცემა(იხ.: ტ. 5, ს.ფ. 517-518), რომელიც 2023 წლის 24 მარტს გადაეცა ადვოკატს და შედგა შესაბამისი ოქმი. ოქმი ხელმოწერილია ადვოკატ გ. კ–სის მიერ და მითითებულია, რომ რაიმე შენიშვნა არ აქვს(იხ. ტ. 5, ს.ფ. 519-520). მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ინფორმირებული იყო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნაზე, ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა გაცნობოდა ამოღებულ ნივთებს/ელექტრო მატარებლებს, მოეთხოვა მათი განლუქვა, დათვალიერება, ინფორმაციის ამოღება, თუ მათ ჰქონდათ რაიმე მტკიცებულებითი მნიშვნელობა, მსგავსი მოთხოვნა არ დაუფიქსირებია არც 2023 წლის 24 მარტს და არც 2023 წლის 30 მარტის წერილში. დაცვის მხარეს ჰქონდა დაახლოებით 2 თვიანი პერიოდი, თუმცა მხარემ ინფორმაცია გარკვეული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გააჟღერა, რაც კ. კ–სის (K.K.) ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები გადაეცა ამერიკულ მხარეს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ. კ–სს (K.K.) მსგავსი მტკიცებულებების არსებობაზე არ მიუთითებია არც ს–ს რესპუბლიკიდან აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვისას (მე-3 მუხლის კონტექსტში მიუთითა მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის ხანგრძლივობასა და საპატიმრო პირობებზე, პატიმრებს შორის Covid-19-ის ფართოდ გავრცელებაზე (იხ.: ტ.7, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ს.ფ. 740-812).
16. დაცვის მხარის შეფასებით გაუგებარია ასევე თუ რა სახის სასჯელი შეიძლება დაეკისროს კ. კ–ს (K.K.), რაც ქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეს, ვინაიდან, ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა განესაზღვროს სასჯელი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობით, თუ მის მიმართ გამოყენებული იქნება თანმიმდევრული სასჯელი - კ. კ–სს (K.K.) შესაძლოა მიესაჯოს 65 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გადააჭარბებს მის სიცოცხლეს ან დე ფაქტო უვადო თავისუფლების აღკვეთას გაუტოლდება.
17. სასამართლო ითვალისწინებს ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოთხოვილ ინფორმაციას კ. კ–სის (K.K.) მიმართ აშშ-ის ორივე შტატში შესაძლო გამოსაყენებელ სასჯელთან მიმართებით (იხ.: ტ. 6, ს.ფ. 631-676), კერძოდ,
17.1. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში შეერთებული შტატების პროკურორის წერილის თანახმად დგინდება, რომ კ. კ–სათვის (K.K.) კანონით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი ყველა იმ დანაშაულისათვის, რომლებიც მას ბრალად ედება, ერთობლივად არის 65 წელი, თუმცა სასამართლოები სასჯელს განსაზღვრავენ სასჯელის რეკომენდაციების („USSG“) საფუძველზე, რომლითაც კ. კ–სის (K.K.) სასჯელი 121-დან 150 თვემდე ანუ 10-დან 12 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება. წერილში ასევე მითითებულია, რომ თანმიმდევრული სასჯელის დაკისრება ხდება სასამართლოს შეხედულებისამებრ (არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც ითვალისწინებს სავალდებულო თანმიმდევრულ სასჯელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი), თუმცა სასამართლოები ჩვეულებისამებრ არ აწესებენ თანმიმდევრულ სასჯელს, რეკომენდაციები არ იძლევა თანმიმდევრული სასჯელების დაკისრების რჩევას იმ ქმედებებთან მიმართებით, რომლებიც კ. კ–სს (K.K.) ბრალად აქვს წარდგენილი. ჯ. დ–მა (თანამონაწილე) აღიარა დანაშაული და მიესაჯა 5 წლით პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო უზრუნველყოფს ერთი და იმავე საქმის სასჯელების პროპორციულობას. ამასთან, კ. კ–სი (K.K.) სავარაუდოდ, კრედიტის სახით მიიღებს წინასაპროცესო დაპატიმრების უკვე მოხდილ დროს და 2018 (P.L. 115-391)-ის პირველი ნაბიჯის აქტის (FSA) შესაბამისად, შესაძლებელია ვადაზე ადრე გათავისუფლების კანდიდატიც გახდეს და მისი ფაქტობრივი სასჯელი შესაძლებელია რეკომენდაციების სპექტრზე ნაკლებიც იყოს. წერილის თანახმად, კ. კ–სს (K.K.) აქვს არაერთი შესაძლებლობა სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაში გააპროტესტოს სასჯელი, შესაბამის ფაქტორებზე მითითებით მოითხოვოს სასჯელის შემცირება, ისარგებლოს აპელაციის ან სასჯელის შეცვლის მოთხოვნით.
17.2. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ტეხასის შტატის ჩრდილოეთ რაიონში შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის წერილით დგინდება, რომ კ. კ–სათვის (K.K.) ბრალად წარდგენილი ორივე პუნქტით კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელია ოცი წლით პატიმრობა. ერთი პუნქტის აღიარების შემთხვევაში კ. კ–სათვის (K.K.) მაქსიმალური სასჯელი იქნება 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ყველა დარჩენილი ბრალდება მოიხსნება მისი სასჯელის დაკისრების შემდეგ (აშშ-ში ფედერალური სისხლის სამართლის ბრალდებების დაახლოებით 94% წყდება დანაშაულის აღიარებით). გარდა ამისა, მოსამართლეს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია დააკისროს სასჯელი - პრობაციიდან (ანუ ყოველგვარი პატიმრობის გარეშე) ოც წლამდე პატიმრობით - ამ საქმეში წარმოდგენილ არცერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არ არსებობს სავალდებული სასჯელი. თუ კ. კ–სი (K.K.) აღიარებს დანაშაულს საბრალდებო აქტის ორივე პუნქტის შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია დააკისროს თანმიმდევრული სასჯელი. პირველი და მეორე პარაგრაფების კომბინირებული, კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადა არის 40 წელი. თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ტეხასის მოსამართლეთა მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით მოსალოდნელი არ არის მაქსიმალური სასჯელის დაწესება. ფედერალურ მოსამართლეს არ შეუძლია კ. კ–სათვის (K.K.) უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო ნაკლებად მოსალოდნელია ასევე მაქსიმალური სასჯელის(40 წლით თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრა. კ. კ–სს (K.K.) ასევე შეუძლია სასჯელის შემსუბუქება თუ ის დაეხმარება აშშ-ს სხვა თანამონაწილეთა სამართლებრივ დევნაში. კ. კ–სს (K.K.) აქვს უფლება გაასაჩივროს სასჯელი, მოითხოვოს პრეზიდენტის შეწყალება ნებისმიერ დროს, მოითხოვოს თანაგრძნობის საფუძველზე გათავისუფლება, მიმართოს სასჯელის შემცირებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. კარგი ყოფაქცევისთვის შესაძლებლობა ექნება შეამციროს სასჯელი წელიწადში 54 დღით (ან დაახლოებით 15%-ით).
17.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თუკი კ. კ–სს (K.K.) სხვადასხვა დანაშაულისათვის ბრალს გამოუტანს ორივე სასამართლო - ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქისა და ტეხასის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქის სასამართლოები იგი ამ ორ სასჯელს, შეერთებული შტატების სასჯელთა რეკომენდაციების შესაბამისად მოიხდის ერთდროულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას კ. კ–სათვის (K.K.) მოსალოდნელი უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ (აღნიშნულ ნაწილში კასატორი საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციას ან/და რელევანტურ მტკიცებულებებს), რომელიც თავისი ხასიათით შესაძლოა ქმნიდეს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რისკებს.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში კ. კ–სი (K.K.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
19. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა კ. კ–სის (K.K.) აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.
20. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც კ. კ–სის (K.K.) მიმართ აშშ-ში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
21. კასატორი დაცვის მხარე ასევე უთითებს ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს კ. კ–სის (K.K.) მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისი ოჯახი არ ცხოვრობს ს–ში, დაცვის მხარისვე განმარტებით, მისი შვილები ცხოვრობენ ს–ში, შესაბამისად, კ. კ–სს (K.K.) საქართველოში ცხოვრების პერიოდში არ ჰქონია მჭიდრო უშუალო ურთიერთობა მათთან, ჰქონდა ასევე დისტანციური ურთიერთობა; აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, ნიუ იორკის აღმოსავლეთ ოლქში შეერთებული შტატების პროკურორისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ტეხასის შტატის ჩრდილოეთ რაიონში შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის წერილებით დგინდება, რომ კ. კ–სს (K.K.) ექნება ტელეფონით სარგებლობის უფლება, ელექტრონული შეტყობინებების გაცვლა-გამოცვლის საშუალება, ყოველთვიურად განსაზღვრული დრო ოჯახის წევრებთან შესახვედრად. ამასთან, კ. კ–სს (K.K.), როგორც უცხო ქყეყნის მოქალაქეს, შეუძლია მოითხოვოს სასჯელის მშობლიურ ქვეყანაში მოხდა, მას შემდეგ რაც მოიხდის სასჯელის ნაწილს აშშ-ის საპატიმროს ბიუროში(BOP) (იხ.: ტ. 6, ს.ფ. 631-676). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ კ. კ–სის(K.K.) შვილებს არ აქვთ აშშ-ში შესვლის უფლება.
23. დაცვის მხარე ასევე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იმავე ბრალდებებით ს–ს რესპუბლიკიდან აშშ-ში კ. კ–სის (K.K.) ექსტრადირების პროცესის შეჩერებაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის და ვერც ღია წყაროების საშუალებით (www.hudoc.echr.coe.int) მოიპოვა სასამართლომ ევროსასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიება, მისი საფუძვლებისა და არგუმენტების მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით რელევანტურობის შეფასებისა თუ გაზიარებისათვის. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ამონარიდი და ადამიანის უფლებათა ევროპული სამდივნოს მიმოწერა კ. კ–სის (K.K.) ადვოკატთან (საქმის ფარგლებში მოპასუხე სახელმწიფოსათვის გაგზავნილი კითხვებით). ამონარიდით დგინდება, რომ 2021 წლის 13 ივლისიდან 21 ივლისამდე პერიოდში, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებლების მიერ შეტანილი განცხადებიდან გამომდინარე მოსამართლემ გადაწყვიტა სერბეთის მთავრობისათვის დროებით მიეთითებინა, რომ ექსტრადირება არ განხორციელებულიყო 2021 წლის 16 დან 19 აგვისტომდე, 16 აგვისტოს შუალედური ღონისძიების გახანგრძლივების შემდეგ კი მოსამართლემ 2021 წლის 29 სექტემბერს გადაწყვიტა, აღარ გაეხანგრძლივებინა შუალედური ღონისძიება.
23.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ერთი მხრივ, საქმის მასალებით არ დგინდება რამ განაპირობა დროებითი ღონისძიების შემდგომ გახანგრძლივებაზე სასამართლოს უარი; იმავდროულად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსთვის ცნობილი იყო კასატორის მიერ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში სასჯელის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები და აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ მოპასუხე სასამართლოსგან ინფორმაცია გამოთხოვილი იყო 2021წლის 13 ივლისს (მოპასუხე სახელმწიფოს ინფორმაციის წარდგენა დაევალა 2021წლის 30 ივლისის საღამოს 5 საათამდე. იხ. ტ.7, ს.ფ. 777). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ადვოკატი გ. კ–სი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. კ–ს (K.K.) ინტერესების დაცვას ახორციელებს 2023 წლის 8 თებერვლიდან (იხ.: ადვოკატის ორდერი, ტ. 5, ს.ფ. 511) და დაახლოვებით ამავე პერიოდიდან ადვოკატისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ევროპული სასამართლოს მიერ ექსტრადირების პროცესის შეჩერების გაუქმების შესახებ. თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარემ ხელახლა მიმართა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გაგრძელების/გამოყენების მოთხოვნით ან ჰქონდა რაიმე სახის კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე.
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს; ამავე კანონის 34-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი კ. კ–სის (K.K.) აშშ-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ტეხასის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის საბრალდებო დასკვნაში (სისხლის სამართლის საქმის # 3:20-CR-00120-B) და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის საბრალდებო დასკვნაში (სისხლის სამართლის საქმის # CR - 21- 098) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. კ–სის (K.K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე