Facebook Twitter

¹3კ-1481-02 11 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდროს გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მამის, დ. ს-ის, მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდროს გაყოფა. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი ვაჟი: თ. და ვ. ს-ები, ხოლო მეორე ქორწინებიდან – მ. ს-ი. 1989-90 წლებში სახლი გაიყო სამ ნაწილად. სადაც მოსარჩელეს ერგო ბინის სამხრეთი მხარე დაბლა და მაღლა. 1995წ. 29 აპრილს გარდაიცვალა დ. ს-ი, რომელსაც, მოსარჩელის განმარტებით, დარჩა სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის ორი დამხმარე ტიპის ოთახი, მშენებარე სახლი, სამი სათბური და მიწის ნაკვეთები. მემკვიდრეები შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას. მოსარჩელის განმარტებით, იგი ფლობს მამის სამკვიდროში შემავალი მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მისი, მისი ძმისა და დის ცნობას კანონიერ მემკვიდრეებად და სამკვიდროს გაყოფას სამ მემკვიდრეს შორის.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დ. ს-ის კომლის წევრი იყო მ. ს-ი, რომელიც დღეისათვის აღრიცხულია ოჯახის უფროსად და დ. ს-ის ქონებაზე სამკვიდროს გახსნა შეუძლებელია.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი არ წარმოადგენდა კომლს და მცხეთის რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონი, რომელიც ძალაში შევიდა დ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ და ამიტომ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოხდენდა დ. ს-ის სამკვიდროზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილება იმ მოტივით, რომ არ შეიძლება დ. ს-ის სამკვიდროს გახსნა იმის გამო, რომ კომლის უკანასკნელი წევრი _ მ. ს-ი ცოცხალია; თ. ს-ის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან იგი არ შესდგომია მამკვიდრებლის ქონების ფლობას და არც განცხადებით მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი დაეუფლა მამის დანატოვარი ქონებიდან მიწის ნაკვეთს, რომელიც დ. ს-მა მიწის პრივატიზების შედეგად მიიღო საკუთრებაში. კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 102-ე, 103-ე, 105-ე და 131-ე მუხლების მოთხოვნები, ამასთან, არასწორად გამოიყენა კანონი ხანდაზმულობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დ. ს-ის სამკვიდროს გაყოფა, რომელიც გარდაიცვალა 1995წ. 29 აპრილს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოფლად არსებული კომლი აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს და მისი სამართლებრივი რეგულირება უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ დ. ს-ის სამკვიდრო გახსნილად უნდა ჩაითვალოს მისი გარდაცვალების დღისათვის, ე.ი 1995წ. 29 აპრილისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან დადგენილი არ არის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დ. ს-ის სამკვიდრო ქონება, რომლის გაყოფასაც ითხოვს კასატორი, წარმოადგენს უძრავ ქონებას, ხოლო სკ-ს 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეიტანება საჯარო რეესტრში. სააპელაციო პალატამ კი ისე მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ დ. ს-ს გარდაცვალების მომენტში გააჩნდა მხოლოდ ორი ოთახი, რომ არ შეამოწმა საჯარო რეესტრის მონაცემები დ. ს-ის სახელზე ფიქსირებული უძრავი ქონების თაობაზე. ბუნებრივია, აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია, დადგინდეს თ. ს-ის მიერ მამის დანატოვარი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი და შეფასდეს მისი მემკვიდრედ ცნობის ან სამკვიდრო ქონების გაყოფის სამართლებრივი საფუძვლები. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრული, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული და იგი ხელახლა უნდა განიხილოს იმავე სასამართლომ.

სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, თუ რა ქონება შედიოდა დ. ს-ის სამკვიდროში და მამის გარდაცვალების შემდეგ ფლობდა თუ არა თ. ს-ი ამ ქონების ნაწილს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს თ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.