Facebook Twitter

საქმე N 150100123006827614

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №743აპ.-23 27 სექტემბერი, 2023 წელი

ა–ნ ა. №743აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ა–ს (დაბადებული 19.. წლის 24 მარტს) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ა. ა–მა ქ. ა–ში, .....ი, კორპუსი N..., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, განქორწინებასთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს შ. ა–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილების - გ., ი. და დ. ა–ების თანდასწრებით, რის შედეგადაც შ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა. ა–მა ქ.ა–ში, .........ი, კორპუსი N..., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - შ. ა–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილების - გ., ი. და დ. ა–ების თანდასწრებით, რის შედეგადაც შ. ა–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით ა. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ა–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 26 ივნისს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ა. ა–ს ბრალეულობას, კერძოდ, N.......... შეტყობინებით დასტურდება, რომ 2022 წლის 25 დეკემბერს ა–ს შს რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე შ. ა–ი და განაცხადა, რომ მეუღლემ ა. ა–მა მას 2022 წლის 23 და 25 დეკემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა ამისა, შ. ა–სის სამედიცინო დოკუმენტაციითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმებისას შ. ა–ს მარჯვენა პერიოკულარულ არეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. დაზიანება განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზარალებულის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის წინა დღესა და სამი დღით ადრე მას ჩხუბი მოუვიდა მეუღლესთან, რომელმაც მიაყენა აღნიშნული დაზიანება. მოწმე ს. კ–ს გამოკითხვის ოქმით კი დადასტურდა, რომ 2022 წლის 23 დეკემბერს იგი მივიდა დის - შ. ა–ს სახლში, სადაც ნახა, რომ შ–მაი იყო მოწყენილი და თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. მას შ–მა უთხრა, რომ იგი სცემა მეუღლემ - ა. ა–მა. აღნიშნულის შემდეგ, 2022 წლის 25 დეკემბერს, მას ტელეფონით დაუკავშირდა ა. ა–სანი, რომელმაც სთხოვა მათთან სახლში მისვლა, რადგან მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი. მათთან მისვლისას, მას შ–მამა უთხრა, რომ ა. ა–მა მოსთხოვა მიეცა ოქროს ნივთები, რის გამოც იჩხუბეს. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ ,,იმ ვითარებაში როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც მოტივირებული იყო ხელი შეეწყო გამოძიებისათვის, თავად შაეტყობინა დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, გამოიკითხა ნებაყოფლობით, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც იგი უარს აცხადებს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. დაზარალებულის ასეთი ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას“. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად თქვა უარი მათ გაზიარებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ კატეგორიის დანაშაულები როგორც წესი მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და ხშირად მოწმეთა დიდი ნაწილი ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან, რომლებიც აღჭურვილნი არიან უფლებით არ მისცენ მათი ოჯახის წევრთა მამხილებელი ჩვენებები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის შემთხვევაში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად უარი უნდა თქვას სხვა მტკიცებულებათა გაზიარებაზე. გარდა ამისა, „სტამბულის კონვენცია“ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით მკაცრი და სენსიტიური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებისკენ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ა–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა შ. ა–მა (მეუღლემ) და მოწმეებმა - ი. და გ. ა–ებმა (შვილებმა) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. ა–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N3650427 შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შ. ა–მა ზეპირი შეტყობინებით მიმართა ა–ს რაიონულ სამმართველოს და განაცხადა, რომ 2022 წლის 23 დეკემბერსა და 2022 წლის 25 დეკემბერს მეუღლემ - ა. ა–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა შეტყობინებაში მითითებული არ არის რა ფორმით იძალადა მასზე ა. ა–მა და განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმე ს. კ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებული შ–მა ა–ი არის მისი და. იგი 2022 წლის 23 დეკემბერს მივიდა შ. ა–სთან სახლში, რა დროსაც შ–მაი იყო მოწყენილი და თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. მას შ–მამა უთხრა, რომ იგი სცემა მეუღლემ - ა. ა–მა. ამის შემდეგ, 2022 წლის 25 დეკემბერს მას ტელეფონით დაუკავშირდა ა. ა–ი, რომელმაც სთხოვა მისულიყო მათთან სახლში, რადგან მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი. იგი მივიდა შ–თან, რომელმაც უთხრა, რომ ა. ა–მა მოსთხოვა ოქროს ნივთები, რის გამოც იჩხუბეს და ა. ა–მა მას სილა გაარტყა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან იგი გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმე არ უთითებს მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი. შესაბამისად, ამ ნაწილში მოწმის ჩვენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2022 წლის 23 და 25 დეკემბერს ა. ა–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულსა და მოწმეებს - ი. და გ. ა–ებს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუციათ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა - ი. და გ. ა–ებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მათ სასამართლოში არ დაადასტურეს.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 დეკემბრის ექსპერტიზის N........... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ,,,,ევექსის ჰოსპიტლები“ ა–ს ჰოსპიტლის ამბულატორიული პაციენტის ბარათი N..........-ის მიხედვით შ. ა–სს აღენიშნებოდა მარჯვენა პერიოკულარულ (თვალბუდის) არეში სისხლჩაქცევა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხელის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის ფიქსირებული სისხლჩაქცევის (სისხლნაჟღენთის) მორფოლოგიური აღწერილობა, ამიტომ ექსპერტიზას არ შეუძლია განსაზღვროს მისი ხანდაზმულობა“. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა სისხლჩაქცევის (სისხლნაჟღენთის) ხანდაზმულობა, თვითონ დაზრალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია, ამასთან, წარმოდგენილი არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულება, უტყუარად იმის მტკიცება, რომ აღნიშნული სისხლჩაქცევა დაზარალებულმა მიიღო შეტყობინებაში მითითებულ პერიოდში მეუღლის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისას მოკლებულია საფუძველს.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 25 დეკემბერს შ. ა–ზე მეუღლემ - ა. ა–მა განახორციელა ძალადობა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 23 დეკემბერს მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა მითითებული არ არის რა ფორმით იძალადა მასზე მეუღლემ და განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, შემაკავებელ ორდერსა და შეტყობინებაში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარის საფუძველს ა. ა–ს მიერ 2022 წლის 23 დეკემბერსა და 25 დეკემბერს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და ამ ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე