გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1483-02 18 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. წ-მა სარჩელი აღძრა შპს “გაზეთი ...-ს” წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური ზიანის, 5000 ლარის, ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: მან მეზობლისაგან შეიტყო, რომ გაზეთ “...-ს” 2001წ. 8-9 მარტის ნომერში გამოქვეყნებული იყო მისი ფოტოსურათი სათაურით: “კრეტინები რომ არ გავხდეთ”. სტატიაში ავტორი მ. ჯ-ი მიმოიხილავს ჩიყვის, როგორც ავადმყოფობის ისტორიის და მასთან შეთანხმების გარეშე მისი ფოტოსურათი სტატიის საილუსტრაციოდ აქვს გამოყენებული. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი ნებართვის გარეშე ფოტოსურათის გამოქვეყნება, მით უფრო, ასეთი დამახინჯებული იერით, ლახავს კანონით დაცულ მის უფლებებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა განზრახვა იმისა, რომ სწორედ მოპასუხის სურათი გამოექვეყნებინა. ამასთან, გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე თვალები დაფარულია შავი შტრიხით, რაც გამორიცხავს მის ბრალს და შესაბამისად, მატერიალურ პასუხისმგებლობას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე თვალების შავი შტრიხებით დაფარვა გამორიცხავს მოპასუხის განზრახვას (ბრალს).
აღნიშნული გადაწყვეტილება ს. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაზეთ “...-ს” ს. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
უდავოა, რომ გაზეთ “...-ს” 2001წ. 8-9 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია “კრეტინები რომ არ გავხდეთ”, რომელშიც მიმოხილულია ჩიყვის, როგორც დაავადების ისტორია საქართველოში და მისი პროფილაქტიკის საშუალებები. კერძოდ, სტატია მოუწოდებს მკითხველებს გამოიყენონ იოდიზირებული მარილი ჩვეულებრივის ნაცვლად. სტატია თვალსაჩინოებისათვის ილუსტრირებულია ს. წ-ის ფოტოსურათით. ასევე უდავოა, რომ ს. წ-ის სახე ავადმყოფობის გამო დამახინჯებულია ყელის არეში სიმსივნური წარმონაქმნით. სურათზე თვალების არე დაფარულია შავი შტრიხით. სურათი გამოქვეყნებულია ს. წ-ის ნებართვის გარეშე.
სასამართლომ მიუთითა სკ-ს მე-18 მუხლის პირველ, მეორე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებზე და მიიჩნია, რომ პირის გამოსახულების გამოქვეყნებას სჭირდება მის ნებართვა, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც კანონითაა დადგენილი (მე-5 ნაწილი). გაზეთში გამოქვეყნებულ ს. წ-ის ფოტოსურათს, თვალების არეში აქვს შავი შტრიხი, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, სურათში შეცნობილ იქნეს ს. წ-ი, რადგან მას იშვიათი დამახასიათებელი ნიშანი აქვს ყელის არეში სიმსივნის სახით. პალატამ მიიჩნია, რომ მნიშვნელობა არა აქვს იმას, რამდენი მკითხველი შეიცნობდა ს. წ-ს სურათზე. საკმარისი იყო მას თვითონ დაენახა თავისი დამახინჯებული სახე გაზეთში, რომ განეცადა სულიერი ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ სურათზე თვალები შავი შტრიხითაა დაფარული, გაზეთს ამ სურათის გამოქვეყნებისას უნდა დაეშვა იმის შესაძლებლობა, რომ ს. წ-ს იცნობდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ბრალი, რის გამოც გაზეთმა პასუხი უნდა აგოს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 24-ე მუხლზე და “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის 25-ე მუხლზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. წ-მა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურება არაგონივრულად განსაზღვრა: ნაცვლად 5000 ლარისა, მოპასუხეებს მხოლოდ 500 ლარი დააკისრა გადასახდელად. სასამართლოს თანხის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის ეკონომიური და სოციალური პირობები, კერძოდ, ის რომ მისი ოჯახი შედგება 5 სულისაგან, რომელთაგან დღევანდელი მდგომარეობით ყველა უმუშევარია. გაზეთი “...-” მრავალტირაჟიანი გაზეთია და მისთვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის (5000 ლარი) მთლიანად დაკისრება არ ჩააყენებს მას მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე შპს გაზეთმა “...-მ”, რომელიც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 მარტის საოქმო განჩინებით განუხიველად იქნა დატოვებული, როგორც დავის საგნის გამო დაუშვებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. წ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მორალური ზიანისათვის ასანაზღაურებელი თანხა უნდა განესაზღვრა მოსარჩელის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 413-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელად უნდა დაეკისროს 500 ლარი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით მიიჩნია აღნიშნული თანხა გონივრულად. პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს არა დაზარალებულის ეკონომიურ მდგომარეობას, არამედ ბრალის ხარისხს, მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას და მორალური ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ, პრევენციულ, რეპრესიულ მიზანს. პალატა განმარტავს, რომ დიფამაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელყოფილი უფლების რესტიტუცია კი არ ხდება, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, არამედ ხელყოფით მიყენებული ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის მორალური კომპენსაცია.
ამდენად, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას საკმარისი არ არის მარტოოდენ ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინება, როგორც ეს კასატორს მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.