Facebook Twitter

¹3კ-1485-02 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეები ფ. ა-ი, ლ. ტ-ე, ვ. მ-ე, ა. ბ-ე, ჯ. ჯ-ა მუშაობდნენ შპს “კ-ში”, კერძოდ: ფ. ა-ი მუშაობდა მომარაგების აგენტის თანამდებობაზე, ლ. ტ-ე – მძღოლად, ვ. მ-ე – ძირითადი წარმოების მძღოლად, ა. ბ-ე – მომარაგების ექსპედიტორად, ხოლო ჯ. ჯ-ა – თარჯიმნად. ზემოაღნიშნული პირები დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდნენ შპს “კ-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ზ. ლ-ის, 2001წ. 2 ივნისის ¹104 ბრძანებით შპს “კ-ში” შტატების შემცირების გამო 2001წ. 2 აპრილის ¹95 (ბ) ბრძანების საფუძველზე.

2001წ. 20 ივლისს ფ. ა-მა, ლ. ტ-ემ, ვ. მ-ემ, ა. ბ-ემ და ჯ. ჯ-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს “კ-ის” ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. ჯ-ას, ა. ბ-ის, ლ. ტ-ის, ვ. მ-ის და ფ. ა-ის სარჩელები სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ზ. პ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორების სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 ივნისის განჩინებით ვ. მ-ის წარმომადგენელ ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დარჩა უცვლელი ვ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ვ. ა-ის, ლ. ტ-ის, ა. ბ-ის და ჯ. ჯ-ას წარმომადგენელ ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ფ. ა-ის, ლ. ტ-ის, ა. ბ-ის და ჯ. ჯ-ას სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ხელახლა განხილვისავთვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამასთან, პალატამ გაიზიარა ჯ. ჯ-ას, ა. ბ-ის, ფ. ა-ის და ლ. ტ-ის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, კასატორების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ კასატორები სამუშაოდან დათხოვნის შემდეგაც აგრძელებდნენ მუშაობას თავიანთ ადგილებზე დირექტორთა საბჭოს წევრი დირექტორების თანხმობით. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ხომ არ ჰქონდა ადგილი შრომის ხელშეკრულების გაგრძელებას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს კასატორების მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საკითხის გადაწყვეტისათვის.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ-ას, ტ-ის, ბ-ის და ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აღნიშნულ პირთა სარჩელი მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ წინანდელ სამუშაოზე.

ამავე პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ჯ-ას, ბ-ის, ტ-ისა და ა-ის წარმომადგენელ ზ. პ-ის განცხადება და 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ა) აპელანტებმა ტ-ემ, ბ-ემ და ჯ-ამ დათხოვნის შესახებ ბრძანება ჩაიბარეს 2 ივლისს, ხოლო ა-მა – 12 ივლისს. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 20 ივლისს, შკკ-ს 204-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ აპელანტები აგრძელებდნენ მუშაობას განთავისუფლების შემდეგ; ბ) სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელნტთა განთავისუფლებისას დაირღვა შკკ-ს 421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე 422 მუხლის მე-3 პუნქტი და 37-ე მუხლი; გ) სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები განთავისუფლებულნი არიან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

შპს “კ-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით: 1) საქმის მასალებს ერთვის შპს “კ-ის” პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების ტაბელები, რომლებითაც არ დასტურდება, რომ 2001წ. 2 ივნისის შემდეგ მოსარჩელეები განაგრძობდნენ სამუშაოზე გამოცხადებას. სასამართლომ არ მისცა აღნიშნულ მტკიცებულებას შეფასება, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა; 2) სასამართლომ არ მიუთითა მატერიალური სამართლის ნორმაზე, რომელიც იძლევა პირის წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას, როცა ეს სამუშაო აღარ არსებობს;K 3) მოსარჩელეთა სამუშაოდან განთავისუფლების დროს დარღვეული არ ყოფილა შკკ-ს 422-ე მუხლით დადგენილი წესით. უსაფუძვლოა ასევე სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს “კ-ის” მიერ დარღვეულია შკკ-ს 36-ე მუხლის (სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება) მოთხოვნა; 4) სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 37-ე მუხლი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს; 5) არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, თითქოს ჯ. კ-ი არაუფლებამოსილი იყო, ხელი მოეწერა მოსარჩელეთა სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანებაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ჯ. კ-ს გადაეცა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ცალკეული უფლებამოსილებანი, მათ შორის საწარმოს პერსონალის დაქირავებისა და განთავისუფლების უფლებამოსილება. ზემოაღნიშნულის გამო, კასატორს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიაჩნია იურიდიულად დაუსაბუთებლად, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2002წ. 26 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შპს “კ-ის” 2001წ. 2 აპრილის ბრძანებით შპს-ში შტატების შემცირების გამო მოხდა ცალკეული საშტატო ერთეულების შემცირება.

აღნიშნულის თაობაზე გაფრთხილებულ იქნენ ამ შტატებზე მომუშავე პირები, ხოლო 2 თვის ვადაში ისინი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირების განთავისუფლებისას დარღვეულია შკკ-ს 421, 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე, ისინი განთავისუფლებულნი არიან არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა მათი აღდგენა წინანდელ სამუშაოზე. თანახმად სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული არ იყო აპელანტის განთავისუფლების უკანონობის თაობაზე შკკ-ს 421, 422 და 36-ე მუხლების შესაბამისად და ბუნებრივია, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა აღნიშნულ პირთა განთავისუფლების კანონიერების თაობაზე მოცემული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. მითუმეტეს, რომ არ არსებობდა საფუძველი აღნიშნული მუხლების სასამართლოს მიერ გამოყენებისა. შკკ-ს 36-ე მუხლის თანახმად სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მუშაკებს ენიჭებათ იმ შემთხვევაში, როცა მათ თანაბარი პირობები აქვთ. აღნიშნული გარემოება კი საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ მიუთითა სამართლებრივ ნორმაზე, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნულ პირთა პირვენდელ თანამდებობაზე აღდგენა. ამასთან, არ დაუდგენია ის გარემოება, არსებობს თუ არა ეს თანამდებობები დღეისათვის შპს “კ-ში”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. ამასთან, უნდა გაუქმდეს სასამართლოს მიერ გატარებული ყველა ღონისძიება მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა შპს “კ-ში” სამსახურიდან განთავისუფლებულ მუშაკთა წინანდელი სამუშაო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “კ-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული ამავე პალატის 2002წ. 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.