ბს-1563-1137-(კ-05) 7 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ვ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
დავის საგანი – განკარგულებაში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 30 მაისს ნ. ვ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ და მოპასუხის 2005 წლის 22 აპრილის ¹-- ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, 2000 წლის 27 აპრილიდან სარჩელის წარდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება და განყოფილებაში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 22 აპრილის ¹-- ბრძანება გამოიცა კანონის დარღვევით და უნდა გაუქმებულიყო. 1980 წლიდან ნ. ვ-ძემ მუშაობა დაიწყო აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ქ. ბათუმის --- სამსახურში, ხოლო 1991 წლიდან გადაიყვანეს სამუშაოდ აჭარის ა/რ საგგზაო პლიციაში, 1994 წლიდან კი მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებაში საპატრულო სამსახურის უფროს ინსპექტორად. ერთი წლის შემდეგ – 1995 წელს ნ. ვ-ძე სამუშაოდ გადაიყვანეს ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორად. 2000 წლის დასაწყისში ნ. ვ-ძე, მისთვის გაუგებარი მიზეზით, გადაიყვანეს შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში. 2000 წლის აპრილში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ოთარ კახიძის მიმართ და ნ. ვ-ძე აღნიშნულ საქმეში ცნეს ეჭვმიტანილად. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ ჩაატარა მოკვლევა და 2000 წლის 28 ივლისს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. მიუხედავად აღნიშნულისა, 2000 წლის აპრილში გამოცემული ბრძანებით ნ. ვ-ძე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან. ნ. ვ-ძეს არ გააცნეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ხოლო საკუთარი განცხადების საფუძველზე განყოფილებიდან მიიღო პასუხი, რომ დათხოვნილია პოლიციის რიგებიდან პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაციისათვის.
მოსარჩელის განცხადებით, 2001 წლის 18 ივნისს სამსახურში აღდგენის თაობაზე სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2001 წლის 31 ოქტმობრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შსს-ს დაევალა 2000 წლის 27 აპრილის ¹-- ბრძანების გაუქმება და ნ. ვ-ძის აღდგენა შსს შემადგენლობასთან მუშაობსი სამმართველოს განკარგულებაში. აჭარის ა/რ შსს-ის 2002 წლის 2 იანვრის ¹-- ბრძანებით ნ. ვ-ძე აღადგინეს შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაშ 2000 წლის 27 აპრილიდან, ანუ ¹-- ბრძანების გამოცემის დღიდან. ამის შემდეგ ნ. ვ-ძემ რამდენჯერმე- 2004 წლის 17 მაისსა და 8 ნოემბერს მიმართა მოპასუხეს სამუშაოზე მოწყობის თაობაზე წერილობითი განცხადებებით, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, რათა დაეზუსტებინა დათხოვნილი იყო სამუშაოდან თუ არა და ასეთ შემთხვევაში, მიეცათ უფლება გასცნობოდა მისი დათხოვნის შესახებ ბრძანებას, მაგრამ უშედეგოდ. 2005 წლის 11 მაისს ნ. ვ-ძეს აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო „საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის“ 67-ე მუხლის „ვ“ პუნქტი (შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობა) ხსენებული ბრძანება იყო უკანონო, ვინაიდან გაუგებარი იყო, თუ რომელი კანონის საფუძველზე გაათავისუფლეს ნ. ვ-ძე და რა შუაში იყო სამხედრო ძალების დოკუმენტის გამოყენება პოლიციის მუშაკის გათავისუფლებისას, როდესაც არსებობს (სპეციალური) კანონი „პოლიციის შესახებ“. გარდა ამისა, ხსენებულ ბრძანებაში არასწორად იყო მითითებული, თითქოს ნ. ვ-ძე ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებაში ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორად მუშაობდა 2000 წლის 27 აგვისტოდან, მაშინ, როდესაც იგი ზემოაღნიშნულ თანამდებოაბზე მუშაობდა 1995 წლის მაისიდან 2000 წლამდე. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებული იყო ასევე, რომ ნ. ვ-ძე განყოფილებაში კანონის მოთხოვნათა დაცვით იმყოფებოდა მხოლოდ 2000 წლის 27 აპრილიდან 27 აგვისტომდე. ამის შემდეგ ნ. ვ-ძე უნდა დაეთხოვათ სამსახურიდან ან დაეკმაყოფილებინათ სამუშაოთი. ამდენად, ნ. ვ-ძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა არა 2000 წლის 27 აგვისტოს, არამედ 2005 წლის 22 აპრილს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
ნ. ვ-ძემ 2005 წლის 5 ივლისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დამატებით მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური ზიანის – 15 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილბრივ; აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს ცვლილებების შეტანა დაევალა 2005 წლის 22 აპრილის ¹-- ბრძანებაში; მოსარჩელე შს ორგანოებიდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 22 აპრილიდან და განკარგულებაში ყოფნის პერიოდი საერთო შრომის სტაჟში ჩაეთვალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ნ. ვ-ძემ და აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ. ნ. ვ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ კი მოითხოვა ნ. ვ-ძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის ახალი გადაწყვეტილებით ნ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათუმის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ვ-ძე შს ორგანოებიდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 22 აპრილიდან და განყოფილებაში ყოფნის პერიოდი საერთო შრომის სტაჟში ჩაეთვალა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ვ-ძე ნამდვილად მუშაობდა შს ორგანოებში 1980 წლიდან. 2000 წელს შესაბამისი კომისიის შემოწმების შედეგად, სამსახურებრივ საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების გამო, იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ნ. ვ-ძეს განკარგულებაში ყოფნის დრო ჩაეთვალა შრომის სტაჟში და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 78-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოეში აღდგენილ თანამშრომლებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებოდათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი, ხოლო ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ. ვ-ძე არ აღადგინა სამსახურში, ამდენად, არასწორი იყო მისთვის განკარგულებაში ყოფნის პერიოდის ჩათვლა შრომის საერთო სტაჟში.
ხსენებული გადაწყვეტილება ნ. ვ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩვრა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 15 თებერვლამდე.
2006 წლის 20 იანვარს აჭარის ა/რ შს მთავარმა სამმართველომ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა საკასაციო სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს შეგებებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 22 აპრილის ¹-- ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენის, განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს განყოფილებაში მისი ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 7 მარტს მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს განყოფილებაში ნ. ვ-ძის ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1980 წლიდან ნ. ვ-ძემ მუშაობა დაიწყო აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 1994 წლიდან იგი მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებაში საპატრულო სამსახურის უფროს ინსპექტორად. 1995 წელს ნ. ვ-ძე სამუშაოდ გადაიყვანეს ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგგზაო პოლიოციის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორად. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 31 იანვრის ¹-- ბრძანებით ნ. ვ-ძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანეს შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 24 აპრილის ¹-- ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლის საფუძველზე, ნ. ვ-ძე დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ოფიცრის წოდების დისკრედიტაციისათვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ძის სარჩელი დაკაყოფილდა – გაუქმდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 24 პარილის ¹-- ბრძანების მე-3 პუნქტი, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 27 აპრილის ¹-- ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ვ-ძეს არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 2 იანვრის ¹-- ბრძანებით გაუქმდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 27 აპრილის ¹-- ბრძანება ნ. ვ-ძის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და ნ. ვ-ძე ჩაითვალა შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში მყოფად იმავე დღიდან (2000 წლის 27 აპრილიდან). აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 22 აპ რილის ¹-- ბრძანებით შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში მყოფი ნ. ვ-ძე (შსს შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში 2000 წლის 27 აპრილიდან 27 აგვისტომდე ყოფნით) „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის „ვ“ პუნქტისა (შტატების შემცირება) და მე-12 მუხლის (განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა) საფუძველზე, დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს უფლება ჰქონდა ნ. ვ-ძე კადრების განკარგულებაში დაეტოვებინა მხოლოდ 4 თვე, ამასთან, ვინაიდან ნ. ვ-ძე კადრების განკარგულებაში აღადგინეს 2000 წლის 27 აპრილიდან, მისი შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ 2000 წლის 27 აგვისტომდე, რაც აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს არ გაუკეთებია.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ნ. ვ-ძეს არ გაუსაჩივრებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ ლის 2 იანვრის ¹-- ბრძანება, რომლითაც გაუქმდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 27 აპრილის ¹-- ბრძანება ნ. ვ-ძის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და ნ. ვ-ძე ჩაითვალა შსს შემადგენლობათან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში მყოფად იმავე დღიდან (2000 წლის 27 აპრილიდან). ამასთან, მას 2002 წლიდან 2005 წლამდე სასარჩელო განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსადმი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლისქ რომ ნ. ვ-ძის მოთხოვნა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს განყოფილებაში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის ნაწილში არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, განსახილველ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც ამავე ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართოლს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვნელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს განყოფილებაში ნ. ვ-ძის ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს კანყოფილებაში ნ. ვ-ძის ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.