საქმე N 200100121004341918
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №404აპ-23 15 სექტემბერი, 2023 წელი
ბ–ი გ., №404აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გეველსიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ბ–ი (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ.რედაქცია).
გ. ბ–სმა იყო რა ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში. 2020 წლის 25 დეკემბერს, თ–ს რაიონის სოფელ კ–ში ჩატარებული გ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საქართველოს შსს თ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 12 ერთეული ვაზნა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომატი არის ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის ავტომატი (AKM) ნომერი ......... ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე, ექსპერტიზაზე წარდგენილი 12 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის - „AKM“, „AKMC“, კარაბინი „CKC“ და ხელის ტყვიამფრქვევისათვის „РПД“ და „РПК“ და ასევე შესაძლებელია გასროლა კარაბინიდან „САИГА М-3“, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით გ. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე უხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 11 აპრილს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 24 აპრილს გამართლებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა–მა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. ბ–ს ბრალეულობას. მოწმე ა. ხ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს მონაწილეობდა გ. ბ–ს სახლის ჩხრეკაში, რომელსაც აწარმოებდა გ. ჩ–სე. ჩხრეკას ასევე ესწრებოდა პოლიციელი დ. გ–ი. ჩხრეკისას მათ სახლის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კარადის ქვეშიდან ამოიღეს შავ პოლიეთილენის პარკში შეხვეული ავტომატური იარაღი. ამოღებამდე მათ შეამჩნიეს, რომ კარადის ქვეშ ჩანდა იარაღის ტარი. იარაღი გახსნა და დაათვალიერა ექსპერტმა. იარაღთან ერთად აღმოჩნდა მჭიდი და 11 ვაზნა. ერთი ვაზნა იყო მჭიდის გარეშე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ისინი სახლის მეორე სართულზე ავიდნენ შიდა კიბით, თუმცა იქ ასვლა გარე კიბითაც იყო შესაძლებელი. ჩხრეკის დროს გ. ბ–სის სახლის მიმდებარედ იმყოფებოდნენ პოლიციის უფროსი - ზ. ღ–ი და მისი მოადგილე - ვ. ზ–ი, რომლებიც სახლში არ შესულან. ამასთან, ჩხრეკისას არც უცხო პირი შესულა გ. ბ–ს სახლში და არც მეორე სართულზე ასულა ვინმე მათ გარეშე. ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - დ. გ–მა და გ. ჩ–მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ იმ ოთახის კარი, საიდანაც ავტომატი ამოიღეს გ. ბ–მა გააღო გასაღებით. მისივე განმარტებით, ჩხრეკის დროს პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე იქ არ ყოფილან. მოწმე ვ. ე–მა კი განმარტა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს იგი გამოცხადდა ჩხრეკის ადგილზე, სადაც დახვდნენ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. ჩხრეკისას ჯერ სახლის პირველი სართული გაიჩხრიკა, შემდეგ კი - მეორე, სადაც ავიდნენ შიდა კიბით, თუმცა ვინ გააღო მეორე სართულის ოთახის კარი არ იცის. მეორე სართულზე ჩხრეკისას კარადის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატი და საბრძოლო მასალა, რასაც მან გადაუღო სურათები და დალუქა. კასატორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული უტყუარად ადასტურებს, რომ გ. ბ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. მოცემულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ნ. შ–ა ო–ს საცხოვრებელი ბინის ქურდობის ფაქტზე და გ. გ–ს ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, გ. ბ–ს სახლში ჩხრეკა ჩატარდა ნ. შ. ო–ს საცხოვრებელი ბინიდან მოპარული ფულადი თანხისა და ოქროს სამკაულის დასაძებნად. შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ გ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნებოდა ავტომატური ცეცლხსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ გ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კარადის ქვემოდან ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სადავოა ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გ. ბ–ს.
5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც მათ ჩვენებებს სანდოობასა და დამაჯერებლობას უკარგავს, კერძოდ, მოწმე ა. ხ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან 2020 წლის 25 დეკემბერს, საღამოს საათებში მონაწილეობა მიიღო გ. ბ–ს სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ეს უკანასკნელი სახლში იმყოფებოდა მარტო. ჩხრეკისას სახლის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კარადის ქვეშიდან ამოიღეს შავ პოლიეთილენის პარკში შეხვეული ავტომატური იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა, ერთი ვაზნა იყო მჭიდის გარეშე. ამოღებამდე შენიშნეს, რომ კარადის ქვეშ ჩანდა იარაღის ტარი. აღნიშნული იარაღი გახსნა და დაათვალიერა ექსპერტმა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის შემდეგ პოლიციელებს ჩხრეკა არ გაუგრძელებიათ. მოწმის განმარტებით, ისინი სახლის მეორე სართულზე ავიდნენ შიდა კიბით. სახლის პირველი სართულის ჩხრეკისას მუდმივად ჩანდა შიდა კიბე, რომლითაც არავის უსარგებლია. მოწმე დ. გ–მა კი განმარტა, რომ გ. ბ–ს სახლს მეორე სართულზე ასასვლელად ჰქონდა ორი კიბე, რომელთაგან ერთი მდებარეობს სახლის შესასვლელში, ხოლო მეორე კიბე სახლს აქვს უკანა მხარეს. ისინი მეორე სართულზე ავიდნენ უკანა კიბით. მოწმე ვ. ე–მა კი განმარტა, რომ სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახების ჩხრეკისას, მეორე სართულზე რომ ვინმე ასულიყო ვერ დაინახავდა, რადგან ოთახებიდან კიბე არ ჩანდა. ამასთან, მოწმე გ. ჩ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ იმ ოთახის კარი, საიდანაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გასაღებით გააღო გ. ბ–მა, თუმცა აღნიშნული სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება და ეწინააღმდეგება სახლის ჩხრეკის ოქმზე დართულ ფოტოსურათებს, რომლითაც დგინდება, რომ ზემოხსენებულ კარს გასაღების ჩამკეტი არ აქვს. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე გ. ჩ–ს განმარტებით, ჩხრეკის დროს პოლიციის უფროსი - ზ. ღ–ი და მისი მოადგილე - ვ. ზ–იი იქ არ იმყოფებოდნენ, თუმცა მოწმე ა. ხ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩხრეკის დროს აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ადგილზე, თუმცა სახლში არ შესულან. მოწმე ვ. ე–მა კი განმარტა, რომ ჩხრეკის დაწყების წინ ზ. ღ–იი და ვ. ზ–იი გასათბობად შევიდნენ სახლში, რადგან ციოდა და იმყოფებოდნენ შესასვლელ ოთახში, საიდანაც სახლის მეორე სართულზე ადის კიბე. ჩხრეკის დაწყებისას ზ. ღ–ი და ვ. ზ–ი იმყოფებოდნენ ისევ იმ ოთახში.
5.5. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ გ. ბ–ს სახლის ჩხრეკას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ. შ. ო–ს სახლიდან მოპარულ ფულად თანხასა და ოქროს სამკაულებს გ. ბ–სი შესაძლოა ინახავდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში. თუმცა აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ ჩაუტარებიათ გ. ბ–ს პირადი ჩხრეკა. ამასთან, მოწმე ა. ხ–ს განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღმოჩენის შემდეგ მათ ჩხრეკა აღარ გაუგრძელებიათ. ყურადსაღებია ასევე ის, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ გ. ბ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იქ იმყოფებოდნენ თ–ს რაიონული სამმართველოს უფროსი - ზ. ღ–ი და მისი მოადგილე - ვ. ზ–ი, თუმცა ისინი მითითებული არ არიან ჩხრეკის ოქმში, რაც მათი მოწმის სახით დაკითხვას დაედებოდა საფუძვლად.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმსა და მასზე თანდართულ ფოტოსურათებზე, რომლებითაც დგინდება, რომ გ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ის ოთახი საიდანაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ არის მოწყობილი. ამასთან, არცერთი ოთახის კარი არ იკეტება გასაღებით. ამასთან, სახლში შესვლა ყველა მხრიდანაა შესაძლებელი და მას აქვს ორი კიბე. ერთ მხარეს მეორე სართული იწყება გზის სიმაღლიდან და შესაძლებელია გზიდან სახლში შესვლა. ამ მხარეს კარის გარდა არის ფანჯარაც, რომელსაც არ აქვს შუშა და სახლში შესვლა ფანჯრიდანაცაა შესაძლებელი. ამასთან, მეორე სართულზე განთავსებულ ოთახებს აქვთ ერთმანეთში გამავალი კარი. შესაბამისად, სახლის მეორე სართული არ არის დაცული და ნებისმიერ პირს შეუძლია იქ მოხვედრა. გარდა ამისა, გ. ბ–ს გარდა იმ სახლში ცხოვრობენ მისი ოჯახის სხვა წევრებიც. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ არის დადგენილი, რომ ეს ოთახი წარმოადგენდა გ. ბ–ს პირად სივრცეს, ასევე ის, რომ ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო მასალასთან შემხებლობა ჰქონდა გ. ბ–ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გეველსიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე