Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1487-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა 2000წ. 24 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართელოს ფინანსთა სამინისტროსა და მესამე პირის საჩხერის რაიონის გამგეობის მიმართ სამეშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 7 ნოემბრის განჩინებით მ.მ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-მა, რაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 9 თებერვლის განჩინებით.

2001წ. 15 ნოემბერს მ.მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც ამავე სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით მ.მ-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის Q”ვ” პუნქტზე მითითებით აპელანტის მიერ წარმოდგენილი სახალხო დამცველის წერილი არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად და სასარჩელო ხანდაზმულობის უარმყოფელ მტკიცებულებად.

მ.მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლდის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: კასატორის მიერ მოპოვებული, საქართველოს სახალხო დამცველის ნ.დ-ის 2001წ. 25 ივლისის წერილი სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით ახლად აღმოჩენილ გარემოებად უნდა ჩაითვალოს და საქმე უნდა განახლდეს; აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ კასატორი სამუშაოდან განთავისუფლდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით; სასამართლოსადმი მიმართვის ვადა უნდა ათვლილიყო მ.მ-ისათვის ბრძანების ჩაბარების დღიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სადავო განჩინების მიღებისას არ უმსჯელია ამ ახალ გარემოებაზე. განჩინებაში მითითებულია, რომ თითქოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელი მიიჩნევს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაუბარებლობა. ახლად აღმოჩენილ გარემოებას კი წარმოადგენს ის, რომ სასამართლოსადმი მიმართვის ვადა უნდა ათვლილიყო ბრძანების ჩაბარების დღიდან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მ.მ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლ.ა-ის აცილების შესახებ, რომელიც მონაწილეობას იღებდა სააპელაციო სასამართლოში ამავე საქმის განხილვაში. სსკ-ს 334-ე მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ ის გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. მ-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მესამე პირის, საჩხერის რაიონის გამგეობის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რაც ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სწორად მიუთითა, რომ მ.მ-ის მიერ წარმოდგენილი ნ.დ-ის წერილი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებისა და შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის თაობაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სახალხო დამცველის წერილი სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად ახლად აღმოჩენილი გარემოებაა მის სასარგებლოდ, რომლის თავის დროზე წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია რა მ.მ-ის სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, ზემოხსენებულ წერილში მითითებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით, რომელშიც პირდაპირაა აღნიშნული დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთთვიანი ვადის ათვლის შესახებ. აღნიშნული კასატორის არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილი გარემოებად, ვინაიდან სახალხო დამცველის წერილი თავისი იურიდიული ბუნებით არც ახალი გარემოებაა და არც ახალი მტკიცებულება. მითუმეტეს, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირებისას განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეულ წერილში მითითებულ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე, მე-14 და შკკ-ს 204-ე მუხლებზე, აგრეთვე, გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების და სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხებზე სამივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და შესაბამისად სადავო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად დაასკვნა, რომ ზემოხსენებული წერილი მ.მ-ის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც რომ წარედგინა, სასამართლო მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მაინც ვერ გამოიტანდა.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება სსკ-ს 394-ე მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან მოსამართლე ლ.ა-ემ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ განმეორებით მიიღო მონაწილეობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო საჩივრის განხილვაში. სსკ-ს 29-ე მუხლით დაწესებულია რა საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა, კანონი არ კრძალავს ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობას ერთი და იგივე სასამართლოს ინსტანციაში ერთი და იგივე საქმის განხილვაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებული განჩინების მიღებისას კანონი არ დაურღვევია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.