საქმე N 010100122005667390
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №763აპ-23 28 სექტემბერი, 2023 წელი
გ–ე მ., №763აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 16 მარტს, დღის საათებში, ქ.ბ–ში, ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №..-თან თავისი ყოფილი მეუღლის - მ. ბ–სის ხელახალ დაოჯახებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. გ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ. ბ–სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ე. ქ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2022 წლის 16 მარტს, დღის საათებში, ქ.ბ–ში, ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №..-თან, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ქალს არ აქვს ხელახალი ქორწინების უფლება, თავისი ყოფილი მეუღლის - მ. ბ–ს დაოჯახებით გაღიზიანებული მ. გ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ. ბ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. გ–ს მიერ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 16 მარტს, დღის საათებში, ქ.ბ–ში, ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №..-თან თავისი ყოფილი მეუღლის - მ. ბ–ს ხელახალ დაოჯახებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. გ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ. ბ–სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ე. ქ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით მ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2022 წლის 16 მარტიდან 2022 წლის 18 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, მ. გ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 15 საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 საათით.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. გ–სის წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 2 ივნისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. გ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 7 ივნისს მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერსების დამცველმა, ადვოკატმა ლ. დ–მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი მ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან დაზრალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. გ–ს ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო მ. ბ–ს შეტყობინება მისი და ე. ქ–ს მიმართ მ. გ–ს მხრიდან მუქარის ფაქტზე. აღნიშნულის შემდეგ გამოიკითხა მ. ბ–ე, რომელმაც დეტალურად აღწერა მისი ყოფილი მეუღლის - მ. გ–ს მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტები. უდავო მტკიცებულებით, მოწმე ჯ. წ–ს გამოკითხვის ოქმით კი დასტურდება, რომ იგი 2022 წლის 16 მარტს, დილის 10:00 საათიდან იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის პირველ განყოფილებაში მივიდნენ ქართველი ქალბატონი - მ. ბ–ე და მისი მეუღლე, თურქი მამაკაცი - ე. ქ–ი. მ. ბ–მ განაცხადა, რომ მ. გ–სე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას და მის მეუღლეს - ე. ქ–ს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. კასატორი ასევე უთითებს, რომ შემაკავებელ ოდერსა და მის ოქმში მითითებულია, რომ მ. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ბ–სეს, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას. ამასთან, მ. გ–მ აღიარა, რომ იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ბ–სა და ე. ქ–ს. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ოჯახური ძალადობის საქმეებზე დადგენილი პრაქტიკისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. დაზარალებულმა მ. ბ–მ (ყოფილმა მეუღლემ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N........... შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 16 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მოქალაქე მ. ბ–მ განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს - ე. ქ–ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება ყოფილი მეუღლე მ. გ–ე. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეტყობინებით არ ირკვევა, რა ფორმით დაემუქრა მ. გ–ე მ. ბ–ს და გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ე. ქ–ს ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2022 წლის 16 მარტს მას დაემუქრა მ. გ–ე. ამ ინციდენტის დროს მ. ბ–ე იდგა მათ შორის. თუმცა იგი არ დაკვირვებია მ. გ–ე მ. ბ–ც დაემუქრა თუ არა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას და მ-ს შეეშინდათ მ. გ–ს მუქარის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში ე. ქ–მა განმარტა, რომ მას და მ. ბ–ს შეეშინდათ მ. გ–ს მუქარის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მან ვერ დაადასტურა მ. გ–ე მ. ბ–საც დაემუქრა თუ არა, ან რა ფორმით, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მათ შეეშინდათ მ-ს მუქარის, არ არის საკმარისი ამ ნაწილში მ. გ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ უდავო მტკიცებულებაზე, მოწმე ჯ. წ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 16 მარტს განყოფილებაში გამოცხადდნენ მ. ბ–ე და ქ. ე–ი, რა დროსაც მ. ბ–მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე - მ. გ–ე მას და მის მეუღლეს - ე. ქ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმის ჩვენება მ. ბ–ს მიმართ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან იგი გადმოსცემეს დაზარალებულ მ. ბ–ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მოწმის ჩვენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ. გ–ს მხრიდან დაზარალებულ მ. ბ–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და აღნიშნულის შედეგად შიშის განცდის ფაქტს წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულ მ. ბ–ს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 16 მარტს მ. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ბ–ს და მის მეუღლეს - ქ. ე–ს, თუმცა მასში მითითებული არ არის მ. ბ–ს გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარის საფუძველს მ. გ–ს მიერ მ. ბ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, რისი განხორცილებელის საფუძლიანი შიშიც გაუჩნდა დაზარალებულს. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. გ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე