Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1493-02 16 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 29 აგვისტოს სს “ს. რ-მ" “.ა. ლ-ის" წინააღმდეგ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 31 დეკემბერს შპს “ს.რ-ის" ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოსა და ფირმა “ა. ლ-ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტერმინალის უბანზე ცისტერნების მიწოდება-გადატანის შესახებ.

2000წ. იანვრიდან მოპასუხემ დაიწყო ხელშეკრულების სისტემატური დარღვევა _ ვაგონების მოცდენა: ბათუმის ტერმინალში სათავსების გადატვირთვის მიუხედავად, მაინც ხდებოდა ვაგონების გამოგზავნა, რაც იწვევდა ბათუმის რ-ის სადგურის გადატვირთვას. აღნიშნულ გარემოებას საქართველოს სხვადასხვა საუბნო და კვანძსადგურებში ვაგონების შეჩერება და მოცდენა მოჰყვა. მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ ტერმინალთან შეთანხმებით ტერმინალში შემოსული ტვირთების მიღებას ახორციელებდა ,,ა..” ,,ა-მა” აცნობა რ-ს იმ ფირმების დასახელება, რომელთა გამოგზავნილი ცისტერნების მიწოდება-გატანას ახდენდა. მოცდენილი ვაგონები გამოსყიდული და მიღებული აქვს მოპასუხეს. შეუძლებელი იყო ბათუმის სადგურს ,,ა-ის” მიერ გამოსყიდული ტვირთი სხვისთვის გადაეცა.

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად ტერმინალის უბნებზე ცისტერნებიდან პროდუქციის არადროული ჩამოსხმის შემთხვევაში, ტექნიკური პირობების შესაბამისად, ტერმინალის ჩიხში, შემსრულებლის სადგურის ლიანდაგებსა და სხვა სადგურებში ჩამოსხმის მ-ში ცისტერნების მოცდენაზე პასუხისმგებლობა დაწესებული ნორმის ფარგლებში დამკვეთს ეკისრება. ,,სხვა სახელმწიფოთა კუთვნილი ვაგონების ექსპლუატაციის, აღრიცხვისა და სარგებლობის წესების მე-5 დანართის მიხედვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ს.რ. იხდის ჯარიმის სახით 7,3 შვეიცარიულ ფრანკს.

მოსარჩელემ სკ-ს 394-ე, 395-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის 6507809 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, მართალია, მხარეებს შორის არსებობს ხელშკერულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების 4.4 მუხლის თანახმად, მის ვალდებულებაში შედის ტექნიკური პირობების შესაბამისად ცისტერნების დაცლა ყოველ 24 საათში. ცისტერნების მიწოდება სადგურ ბათუმში და მათი გაჩერება ჩამოსასხმელ ესტაკადაზე მოსარჩელის მიერ ხორციელდება. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხის ერთადერთ ვალდებულებას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების დროული დაცლა, რაც ცისტერნების ჩამოსასხმელ ესტაკადაზე მოსარჩელის მიერ ცისტერნის მოწოდებიდან განსაზღვრულ დროში მის დაცლას ნიშნავს. ამ ხელშეკრულების 6.1 პუნქტი ითვალისწინებს მოპასუხის პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მოწოდებული ცისტერნა არ დაიცლება ტექნიკური პირობებით დადგენილ ვადაში. მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია ფაქტები მოპასუხის ბრალითE ვაგონების მოცდენის შესახებ. იმის გამო, რომ მოპასუხეს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მხოლოდ ტვირთების დაცლაზე, იგი პასუხს არ აგებს ტვირთების არაორგანიზებულ მოწოდებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და ფირმა “ა-ს" შპს “ს.რ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 6502809 ლარი.

უმაღლესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების მე-4 მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია, მაგრამ ამ ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, ტერმინალის უბნებზე ცისტერნებიდან პროდუქციის არადროული ჩამოსხმის შემთხვევაში ტექნიკური პირობების შესაბამისად, ტერმინალის ჩიხებში, შემსრულებლის სადგურების ლიანდაგებსა და სხვა სადგურებში ჩამოსხმის მ-ში ცისტერნების მოცდენაზე დადგენილი ნორმის ფარგლებში პასუხისმგებლობა დამკვეთს ეკისრება.

უმაღლესმა სასამართლომ განმარტა, რომ დამკვეთს, ამ ხელშეკრულების თანახმად, პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ორ შემთხვევაში:L პირველი, როცა ტერმინალის უბნებზე (ესტაკადაზე) პროდუქციის ჩამოსხმა მოხდებოდა დადგენილი დროის გადაცილებით, მეორე _ როდესაც ტერმინალის ჩიხებში, შემსრულებლის სადგურების ლიანდაგებსა და სხვა სადგურებში ჩამოსხმის მ-ში ცისტერნები მოცდებოდა. აქედან გამომდინარე, უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ პასუხისმგებლობა იკისრა დაცლის მ-ში ცისტერნების მოცდენაზე, როგორც ტერმინალის ჩიხში, ასევე, შემსრულებლის სადგურების ლიანდაგებსა და სხვა სადგურებში. უმაღლესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ცისტერნების მოცდენის რაოდენობასა და მათზე დარიცხული თანხების სისწორე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა კიდევ ერთი საქმე. იმავე საფუძვლებით მოპასუხისაგან მოსარჩელე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას _ 2001წ. მეორე ნახევარში არსებული მოცდენებისათვის 5639691 ლარის დაკისრებას. აღნიშნული საქმეები გაერთიანდა.

აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს.რ-ს” უარი ეთქვა შპს “ა-ზე” მიყენებული ზიანის სახით 12142500 ლარის დაკისრებაზე.

კოლეგია მიუთითებს და საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000წ. 31 დეკემბერს შპს “ს.რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოსა და შპს “ა-ს” შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მენარდემ – შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. ხოლო შემკვეთმა შპს “ა-მა” აიღო ვალდებულება გადაეხადა მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაური. შემსრულებელს – შპს “ს. რ-ს” დამკვეთისათვის შპს “ა-სათვის” უნდა გაეწია მომსახურება ვაგონ-ცისტერნების მიწოდება-გამოტანაზე ტერმინალის მონაკვეთზე, აგრეთვე, ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. დამკვეთს – შპს “ა-ს” ევალებოდა შპს “ს. რ-სათვის” გადაეხადა მომსახურების გაწევისათვის შეთანხმებული საზღაური.

ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა დამკვეთის ,,ა-ის” მოვალეობები, რომ უზრუნველყოს მომსახურების ანაზღაურება. მიიღოს სატრანსპორტო დოკუმენტები, 30 წუთის განმავლობაში შეტყობინების მიღების მომენტიდან გამოყოს პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს სატრანსპორტო დოკუმენტები სადგურში, ტექნიკური პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ცისტერნების სადღეღამისო დაცლა, დაცლის ფრონტის მიხედვით გააფორმოს გასაგზავნი დოკუმენტები, გადასცეს ისინი სატვირთო სადგურის სალაროს და ა.შ.

ხელშეკრულების 6.1 მუხლში კი ჩამოყალიბებულია დამკვეთის შპს “ა-ის” პასუხისმგებლობა, კერძოდ: ტერმინალის უბნებზე ცისტერნებიდან არადროული ჩამოსხმის შემთხვევაში, ტექნიკური პირობების შესაბამისად, ტერმინალის ჩიხებში, შემსრულებლის სადგურის ლიანდაგებსა და გზის სხვა სადგურებში ჩამოსხმის მ-ში ცისტერნების მოცდენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს დადგენილი ნორმის ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია, მიუთითებს კოლეგია და მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, რომ მოპასუხეს შპს “ა-ს” ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ დაურღვევია.

მხარეთა შორის 2000წ. 31 დეკემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულების 6.1 მუხლის ლინგვისტური ანალიზის თანახმად, რომელიც გაკეთებულია თბილისის ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტის ინლისური ენის კათედრის გამგის, თსუ-ს ინგლისური ენის კათედრის ლექტორის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის დ. კ-ის მიერ, დადგენილია, რომ დამკვეთის პასუხისმგებლობა ვაგონ-ცისტერნების მოცდენაზე გათვალისწინებულია მაშინ, როდესაც არსებობს შემდეგი გარემოება: ვაგონ-ცისტერნების დაცლა მოხდა არადროულად, ტექნიკური პირობების დარღვევით. არადროული დაცლა არის აუცილებელი წინაპირობა პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის და დამკვეთის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს, როგორც დაცლის ტექნიკური პირობების დარღვევას, ასევე ასეთი დარღვევით გამოწვეულ მოცდენას.

კოლეგია მიუთითებს, რომ ის ვერ დაეთანხმება ხელშეკრულების 6.1 მუხლის მოსარჩელისეულ ინტერპრეტენციას, რომლის მიხედვითაც მოპასუხე შპს “ა-მა” ხელშეკრულების ზემოხსენებული მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა ცისტერნების მოცდენისათვის იკისრა ორ შემთხვევაში _ პირველი, როდესაც ტერმინალის უბანზე პროდუქციის ჩამოსხმა მოხდა არადროულად, ტექნიკური პირობების თანახმად და მეორე, როდესაც ცისტერნების მოცდენა მოხდა ჩამოსხმის მ-ში ტერმინალის ჩიხებში, შემსრულებლის სადგურის ლიანდაგებსა და გზის სხვა სადგურებში. ხელშეკრულების 6.1 მუხლში პირდაპირაა მითითებული თუ რა შემთხვევაში დგება მოპასუხის პასუხისმგებლობა. კერძოდ, მოპასუხის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაგონ-ცისტერნების მოცდენა ტერმინალის ჩიხებში, შემსრულებლის სადგურების ლიანდაგებსა და სხვა სადგურებში, გამოწვეულია ტერმინალის უბნებზე ცისტერნებიდან პროდუქციის არადროული ჩამოსხმით. ტექნიკური პირობების თანახმად, ვაგონ-ცისტერნების არადროული დაცლა აუცილებელი წინაპირობაა პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის. შესაბამისად, დამკვეთის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს, როგორც ცისტერნების დაცლის ტექნიკური პირობების დარღვევას, ასევე ასეთი დარღვევით გამოწვეულ მოცდენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. “ა-ის” პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი ტერმინალის უბნებზე ვაგონ-ცისტრენებიდან პროდუქციის არადროულ ჩამოსხმასა და ტერმინალის ჩიხებში, შემსრულებლის ლიანდაგებსა და გზის სხვა სადგურებში ცისტერნების მოცდენას შორის.

კოლეგია მიუთითებს, რომ სკ-ს 633-ე მუხლით გათვალისწინებულია შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ასევე, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ მიწოდებული ვაგონ-ცისტერნების დაცლა დროულად ხდებოდა შემკვეთის მიერ და ასეთ მოცდენას ადგილი არ ჰქონია.

შპს ,,ს.რ.” საკასაციო საჩივარში მიუთითებს:

ვინაიდან, ტერმინალში ნავთობპროდუქტების მოსათავსებელი ადგილის უქონლობის გამო სისტემატურად ცდებოდა ათასობით ვაგონ-ცისტერნა, მოცდენილი ვაგონების მესაკუთრენი ს.რ-ს არიცხავდნენ მათი ვაგონების გამოყენების თანხებს “სხვა სახელმწიფოთა კუთვნილი სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, აღრიცხვისა და სარგებლობის წესების” მე-5 დანართის მიხედვით.

სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო სხდომაზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გარეშე მტკიცებულებად მიიღო კერძო პირის მიერ სასამართლოში წარდგენილი დასკვნა.

მხოლოდ ,,ა-მა” იცოდა რა მდგომარეობა იყო ტერმინალში, ჰქონდა თუ არა მას თავისუფალი ადგილი ტვირთის მოსათავსებლად. მხოლოდ მას შეეძლო ისე მოეწესრიგებინა ტვირთების მისი მისამართით გამოგზავნა, რომ ადგილი არ ჰქონოდა მოცდენას.

მოპასუხეს არასოდეს არ გაუხდია ის ფაქტი სადავოდ, რომ მას ყველა ტვირთგამომგზავნ ფირმასთან ჰქონდა ხელშეკრულებები დადებული, რომლებიც მიუხედავად კოლეგიის მოთხოვნისა, მოპასუხემ არ წარმოადგინა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმეზე დართულია ფირმა “ა.ლ-ის” პასუხები ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოსა და სადგურ ბათუმის უფროსების მიმართ. მითითებულ წერილებში სიტყვაც არ არის ნახსენები იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ვაგონების მოცდენისა და ვაგონების მოცდენის ხარჯების ანაზღაურების შესახებ იყო არასწორი. პირიქით, მოპასუხე ადასტურებდა ამ ფაქტს და მიუთითებდა, რომ მათ წარუდგინეს მოთხოვნები დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის შესახებ ტვირთგამომგზავნ ფირმებს.

კასატორი მიუთითებს, რომ გადაზიდვები, მათ შორის სატრანზიტოც, რეგულირდება მრავალი საკანონმდებლო აქტით, შეთანხმებით ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ, სკ-ით, რკინიგზის წესდებით, ტვირთის გადაზიდვის წესებით. ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ შეთანხმების სამსახურებრივი ინსტრუქციით.

ვაგონ-ცისტერნები, რომელიც ტრანზიტად შემოვიდა საქართველოში, მიღებული აქვს ტვირთმიმღებ ,,ა-ს”, რომელიც მაშინ იღებდა ტვირთს, როდესაც იცოდა, რომ ამ ტვირთის მოსათავსებლად ადგილი არ ჰქონდა ტერმინალში. სწორედ ამ ერთადერთი გარემოების გამო ათასობით ვაგონ-ცისტერნა იყო გაჩერებული სხვადასხვა სადგურებში ტვირთმიმღების ,,ა.ლ-ის” ბრალით. ამ უკანასკნელის მიერ მიღებულ და გამოსყიდულ ტვირთს, რა თქმა უნდა, რ. თავისი ნებით ვერ განკარგავდა, თუ არა ისევ და ისევ ..ა-ის” მითითება. ს.რ-ს არავითარი უფლება არ ჰქონდა ტერმინალში თავისუფალი ადგილის არარსებობის მიზეზით უარი ეთქვა აზერბაიჯანის რკინიგზისათვის ტრანზიტული ვაგონ-ცისტერნების საქართველოში მიღებაზე. ეს იქნებოდა “ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ” შეთანხმების სამსახურებრივი ინსტრუქციის 50.5 მუხლის უხეში დარღვევა, რაც გამოიწვევდა ს.რ-ის მიმართ თანამეგობრობის ქვეყნების რკინიგზათა მიერ გაცილებით უფრო მკაცრ საჯარიმო ზომების გამოყენებას.

ვაგონ-ცისტერნების სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული საკითხები დეტალურადაა მოწესრიგებული “ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ” შეთანხმებით და ამ შეთანხმების სამსახურებრივი ინსტრუქციით. კოლეგიამ აღნიშნული ნორმატიული აქტები არ გაითვალისწინა. 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულების 14.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების დამდები მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების განმარტების შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ ყოფილი სსრკ რკინიგზის წესდებითა და შეთანხმებით “ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ.” რკინიგზის წესდების 156-ე მუხლი განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა ვაგონების მოცდენისათვის ეკისრება ან ტვირთგამომგზავნს ან ტვირთმიმღებს, დანიშნულების სადგურში, თუ ვაგონი მოცდა მისი მიზეზით. ტვირთის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ შეთანხმებაც ანალოგიურად განმარტავს პასუხისმგებლობას ვაგონ-ცისტერნების მოცდენის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის იქნებოდა თუ არა ხელშეკრულება დადებული და რა შინაარსის, ამას ვაგონების მოცდენასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის გადაწყვეტის საქმეში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

სკ-ს 683-ე და 684-ე მუხლების შესაბამისად, როდესაც ტვირთმიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, რ. დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ტვირთგამომგზავნს და ითხოვს მისგან მითითებებს.

პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში რ. უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მისი რეალიზაციითაც კი. ამდენად, თუ მოპასუხე იტყოდა უარს ტვირთის მიღებაზე, რა თქმა უნდა, ის ამ შემთხვევაში ვაგონების მოცდენაზე პასუხს ვერ აგებდა. მოპასუხის სახელზე გამოგზავნილი ყველა ტვირთი ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მას აქვს მიღებული. სწორედ მის მიერ გამოსყიდული და მასზე რიცხული ვაგონები მოცდა ს.რ-ზე.

კასატორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12157500 ლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი.

მხარეთა შორის დადებული 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების შესახებ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს. სატრანსპორტო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს საერთო სარგებლობის რკინიგზასა და სარკინიგზო მისადგომ გზებს. ეს უკანასკნელნი დაკავშირებულნი არიან საერთო სარგებლობის რკინიგზასთან და მათი დანიშნულებაა კონკრეტული ტვირთგამომგზავნის ან ტვირთმიმღების მომსახურება. მისადგომი გზის მომსახურებაზე ურთიერთობანი რ-სა და ტვირთმიმღებებს შორის რეგულირდება ვაგონების მიწოდება-გატანის ხელშეკრულებებით. მხარეთა შორის დადებული 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება ,,ა-ის” 2001წ. 7 თებერვლის მოსარჩელისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კლიენტებსა და გადამზიდავებს შორის შეიძლება დაიდოს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებანი, რომლებიც არეგულირებენ ტვირთის გადაზიდვის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს. ყოველი ხელშეკრულება ინდივიდუალურია და ითვალისწინებს მოვალეობათა გარკვეულ შეზღუდულ მოცულობას.

ამავე წერილში მოპასუხე აღნიშნავს, რომ რკინიგზის წესდების 156-ე მუხლის შესაბამისად გადაზიდვის ხელშეკრულების მიხედვით ტვირთმიმღების მოვალეობას წარმოადგენს ტვირთის გადმოტვირთვის ვადების დაცვა. აღნიშნული ვადების დარღვევას შედეგად მოსდევს პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული მოცდენის გამო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან და არა ვაგონცისტერნების მიწოდება-გატანის ხელშეკრულებიდან.

საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულებით ,,ა.” წარმოადგენს მომსახურების მყიდველს მხოლოდ მიწოდება-გატანის მიმართ და მისი, როგორც შემკვეთის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, წარმოიშობა უშუალოდ ტვირთის დაცლის დროს მოცდენებისათვის.

ამასთან, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ედავებოდა არა მხოლოდ, როგორც 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს, არამედ როგორც ტვირთის მიმღებს, რომელმაც იკისრა ტვირთის მიღების ვალდებულება, მაგრამ დროულად ვერ მიიღო მისი მისამართით შემოსული ტვირთი, რამაც გამოიწვია ვაგონ-ცისტერნების მოცდენა. სასამართლო კოლეგია შემოიფარგლა მხარეთა შორის არსებული 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულების ლინგვისტური ანალიზით და არ გაარკვია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლები, არ შეაფასა მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებული ის გარემოებები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მხარეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ ტერმინალთან შეთანხმებით ტერმინალში შემოსული ტვირთების მიღებას ახორციელებდა ,,ა.” ,,ა-მა” აცნობა რ-ს იმ ფირმების დასახელება, რომელთა გამოგზავნილი ცისტერნების მიწოდება-გატანის მომსახურებას აწარმოებდა იგი. მოცდენილი ვაგონები გამოსყიდული და მიღებული აქვს მოპასუხეს. შეუძლებელი იყო ბათუმის სადგურს ,,ა-ის” მიერ გამისყიდული ტვირთი სხვისთვის გადაეცა.

პალატა თვლის, რომ 2000წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულების 6.1 მუხლი არ გამორიცხავს მოპასუხის, როგორც ტვირთმიმღების, პასუხისმგებლობას.

სკ-ს 410-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების უფლებაზე უარის თქმა წინასწარი შეთანხმებით. რკინიგზის წესდების 143-ე მუხლის თანახმად, ტვირთმიმღებებსა და ტვირთგამომგზავნებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოცემული წესდების საფუძველზე. ბათილია ყოველგვარი წინასწარი შეთანხმება, რომლის მიზანია გამორიცხოს პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება რ-ს, ტვირთგამომგზავნს ან ტვირთმიმღებს.

სსკ-ს 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, ან თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმას სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხეს დადებული აქვს ხელშეკრულებები ტვირთმფლობელებთან. მის მიერ მოპოვებული და წარდგენილი იყო ,,ა.ლ-სა” და ერთ-ერთ ტვირთმფლობელს ,,ნ-ს” შორის 2001წ. 1 აპრილს დადებული ხელშეკრულების 2 დანართის ასლები. ასეთი ხელშეკრულებების არსებობას ადასტურებდა მოპასუხეც. მოსარჩელის მითითებით, სწორედ ამ ხელშეკრულებებით იყო განსაზღვრული მოპასუხის პასუხისმგებლობა რ-ის წინაშე ვაგონების მოცდენისათვის. ტვირთმფლობელი ვალდებულია, იმ ოდენობის ტვირთი გამოუგზავნოს ,,ა-ს”, რომელსაც მოპასუხე მათ წინასწარ შეატყობინებს. მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, მოპასუხემ უარი განაცხადა მტკიცებულებების წარდგენაზე და საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც არ წარმოუდგენია.

აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იყოს ცნობილი.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ტვირთგამომგზავნი ფირმების წერილები ს.რ-ის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს სახელზე, რომლითაც ტვირთგამომგზავნები უთითებენ, რომ სარკინიგზო ზედდებულების მიღებას მათი ფირმის სახელზე ახორციელებს ფირმა “ა-ი,” ასევე ის გადაიხდის ვაგონების მიწოდებისა და დაცლის საფასურს. საქმეში წარმოდგენილია ტვირთგამომგზავნი ფირმების არაერთი წერილი, რომლებშიც ისინი მიუთითებენ, რომ ვაგონების დაცლასა და ჩამოსხმასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს წყვეტს კომპანია ,,ა.”. ფირმა ,,ბ. ლ-ი” 2001წ. 16 ივნისის წერილში უთითებს, რომ მიწოდებული პროდუქტების შეგროვებისა და შენახვის ანაზღაურების ყველა საკითხი წყდება ,,ა-თან”. საქმეში წარმოდგენილია არაერთი წერილი, რომელშიც “ა.” უთითებს, რომ მას ასევე აწუხებს შექმნილი სიტუაცია კომპანიების მიერ ღერძზე ტვირთის შენახვისა და მოცდენის გამო ანაზღაურებასთან დაკავშირებით და იღებენ ინტენსიურ ზომებს, რათა მოგვარდეს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მოვალე კომპანიებს და შეატყობინა, რომ სასწრაფოდ დაფარონ დავალიანება.

“ა-ს” სადავოდ არ გაუხდია წერილებსა და მოცდენის უწყისებში მითითებული თანხები. მეხუთე ტომში, წარმოდგენილია მისი 2001წ. 2 ივლისის წერილი, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ ვაგონ-ცისტერნების მოცდენა ხდებოდა ტვირთების არადროული გატანის გამო და რომ მან ტვირთმფლობელ ფირმებს გადაუგზავნა მოცდენის უწყისები მოცდენის თანხებზე. მოპასუხე არასდროს უარყოფდა მოცდენის ფაქტს და მათ ანაზღაურებაზე უარს აცხადებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იყო მოცდენაზე პასუხისმგებელი პირი.

მართალია, “ა-ს” არ წარუდგენია სასამართლოში მასსა და ტვირთგამომგზავნებს შორის არსებული ხელშეკრულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მოცდენებზე პასუხისმგებელი პირის გარკვევას, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია ტიპური ხელშეკრულების ნიმუში, რომლის თანახმად ,,ა.”, როგორც ხელშეკრულების მხარე ვალდებულებას იღებს ბათუმის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურება გაუწიოს კლიენტს (ტვირთმფლობელს, ტვირთგამგზავნს) რკინიგზით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღების ორგანიზებაში. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, კლიენტი მიაწვდის, ხოლო აგენტი იღებს პროდუქტს სადგურ “ბათუმში”. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მიწოდებული პროდუქციის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ამავე ხელშეკრულების 6.1.4 მუხლის მიხედვით, კლიენტი იხდის ვაგონების მოცდენის თანხებს რკინიგზით ვაგონ-ცისტერნების შეუთანხმებელი მიწოდებისთვის. ხელშეკრულების 6.2.4. მუხლის თანახმად, აგენტი დამოუკიდებლად ანაზღაურებს ზიანს ვაგონ-ცისტერნების მოცდენაზე, თუ ეს არ არის გამოწვეული კლიენტის ბრალით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიები გაზიარებული უნდა იქნეს.

,,ა-მა” ვერ უზრუნველყო მის სახელზე გადამზიდველის მიერ გადაზიდული პროდუქციის დროული ჩამოცლა, რამაც გამოიწვია ვაგონების მოცდენა, სადგურის ლიანდაგებსა და გზის სხვა სადგურებში.

ტვირთის მიმღების სამართლებრივი მდგომარეობა აიხსნება იმით, რომ ის არის მესამე პირი, რომლის სასარგებლოდ იდება ხელშეკრულება. ამასთან, ტვირთმიმღებს ეკისრება გარკვეული ვალდებულებები. თვით გადაზიდვის ხელშეკრულება არ აწესებს არანაირ პასუხისმგებლობას ტვირთმიმღებზე. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს ვალდებულებას, როცა ის გამოხატავს განზრახვას, ისარგებლოს იმ უფლებებით, რაც მას ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებამ მიანიჭა. სკ-ს 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია, შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ტვირთის გადამზიდველი ვალდებულია მიიტანოს ტვირთი დანიშნულების ადგილას განსაზღვრულ ვადებში. გადაზიდული ტვირთის ტვირთმიმღებისათვის გადაცემა ითვლება გადამზიდველის ვალდებულებად. ტვირთმიმღები იძენს სახელშეკრულებო სამართალურთიერთობის მონაწილის სტატუსს მას შემდეგ, როცა ის გამოხატავს გადამზიდველის მიმართ განზრახვას, ისარგებლოს მისი უფლებებით და ამასთან იკისროს გარკვეული ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი დროულად არ აცნობებს ტვირთის ჩამოტანის შესახებ, ასევე ტვირთის მიწოდების დროს, ტვირთის მიმღები თავისუფლდება ვაგონების მოცდენაზე პასუხისმგებლობისაგან. იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთმიმღები უარს არ ამბობს ტვირთის მიღებაზე, მაგრამ აყოვნებს მის მიღებას, მას ეკისრება დამატებითი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. ტვირთმიმღების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მან გარკვეული ფორმით გამოხატა ნება გამოიყენოს მისი უფლება, რათა მიიღოს გადამზიდველისგან მისი მისამართით შემოსული ტვირთი. ნების გამოხატვით ტვირთმიმღები ხდება სამართალურთიერთობის მონაწილე და ამ მომენტიდან უნდა განახორციელოს ტვირთმიმღების ვალდებულებანი და იკისროს ტვირთმიმღების პასუხისმგებლობა. ნების გამოხატვიდან ტვირთმიმღები ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე, რაც სკ-ს 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სკ-ს 683-ე მუხლის შესაბამისად, როდესაც ტვირთმიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, რ-ა დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ტვირთგამომგზავნს და ითხოვს მისგან მითითებებს. პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში რ-ა უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მისი რეალიზაციითაც კი. ამდენად, თუ მოპასუხე იტყოდა უარს ტვირთის მიღებაზე, რა თქმა უნდა, ის ამ შემთხვევაში ვაგონების მოცდენაზე პასუხს ვერ აგებდა. მოპასუხის სახელზე გამოგზავნილი ყველა ტვირთი ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მას აქვს მიღებული. სწორედ მის მიერ გამოსყიდული და მასზე რიცხული ვაგონები მოცდა ს.რ-ზე. 2001წ. 7 თებერვლის მოსარჩელისადმი გაგზავნილ წერილში თვით მოპასუხეც აღიარებდა, რომ რკინიგზის წესდების 156-ე მუხლის შესაბამისად გადაზიდვის ხელშეკრულების მიხედვით ტვირთმიმღების მოვალეობას წარმოადგენს ტვირთის გადმოტვირთვის ვადების დაცვა. აღნიშნული ვადების დარღვევას შედეგად მოსდევს პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული მოცდენის გამო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან და არა ვაგონ ცისტერნების მიწოდება-გატანის ხელშეკრულებიდან.

სკ-ს 412-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ვაგონების მოცდენისათვის გადასახდელი თანხები ნორმატიული აქტებით არის განსაზღვრული და მისი ოდენობა ცნობილი იყო მხარეებისათვის. “ა-მა” იკისრა ტვირთის მიღების ვალდებულება. ის იღებდა ზედდებულებს, ტვირთის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება ტვირთის მიღებაზე. მან ვალდებულება ვერ შეასრულა დროულად, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.

მოპასუხემ ვერ მიუთითა სამართლებრივი მექანიზმი, რომლის შესაბამისად რ-ა ვალდებული იყო განესაზღვრა შემოსული ვაგონების ოდენობა და აღმოეფხვრა ვაგონების მოცდენის საფუძვლები. მან ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო რ-ის მოქმედებამაც.

რ-ა ვალდებული იყო დათქმულ დროში გადაეზიდა ტვირთი და მან ეს შეასრულა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიუთითებენ რ-ის ვალდებულებებზე, რომ მას შეზღუდული ოდენობის ვაგონ-ცისტერნები უნდა გადაეზიდა და არა იმდენი, რამდენიც გადაზიდა.

საკასაციო პალატამ რომც გაიზიაროს ,,ა-ის” წარმომადგენელთა მოსაზრება, რომ ,,ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ” ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით არ არის შესრულებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და მას იურიდიული ძალა არა აქვს, ეს გარემოება მაინც ვერ გახდება მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. სკ-ს ნორმები საკმარის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხისათვის, როგორც ტვირთმიმღებისათვის და შესაბამისად ვაგონების მოცდენაში ბრალეული პირისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

ვაგონების მოცდენა რკინიგზის წესდების 156-ე მუხლის შესაბამისად საკმარისი საფუძველია ბრალეული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა. ვაგონების მოცდენა და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით და ეს გარემოებები თვით მოპასუხის მიერ იყო დადასტურებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს “ს.რ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს: მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს “ს.რ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

“ა.ლ-ს” შპს “ს.რ-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 12157500 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.