3კ-1495-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 აპრილს შპს “მ-ამ” სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზარალის _ 10300 ლარის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნა, რომ 2000წ. 24 მარტს ქ. დონეცკში რეგისტრირებულ საწარმო “ტ-თან” გააფორმა ხელშეკრულება ლითონის ნაწარმის მოწოდებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 28 აგვისტოს გამოგზავნილ იქნა ორი ვაგონი პერიოდული ლითონი, კერძოდ, შავი ლითონის ნაგლინი (არმატურა). ტვირთი შემოვიდა სადგურ ავჭალაში 2000წ. 13 სექტემბერს, ხოლო შემდეგ ვაგონები ჩაყენებულ იქნა ზაჰესის სადგურის არსებულ ჩიხში. როგორც ტვირთის დაცლის დროს გამოირკვა, ის არ იყო იმ რაოდენობის, რაც მითითებული იყო სარკინიგზო ზედნადებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულ იქნა ავჭალის რკინიგზის სადგურის უფროსი. ასევე, ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ვაგონებში რეალურად არსებული ტვირთი საბუთებში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები იყო.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ტვირთის არასრულყოფილ მიწოდებაში პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა შპს “ს-ას”, რის გამოც მოითხოვა მისთვის 10300 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი გადაზიდვა განხორციელდა “საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის შეთანხმების” საფუძველზე, რომლის 30-ე მუხლი გადამზიდველისათვის სარჩელის წარდგენას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამავე შეთანხმების 29-ე მუხლის თანახმად გადამზიდველის მიმართ წარდგენილია პრეტენზია, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელს არ ჰქონდა გაკეთებული, ხოლო მე-18 მუხლის მიხედვით ტვირთის მიმღებს გადმოტვირთვის პროცესში აღმოჩენილი დანაკლისის შემთხვევაში უფლება აქვს, 3 დღე-ღამის განმავლობაში მიმართოს სადგურს და მოითხოვოს კომერციული აქტის შედგენა. მოსარჩელეს არც ეს მოთხოვნა ჰქონდა შესრულებული.
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე შპს “ს-ამ” მოითხოვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10300 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და ქ. დონეცკში რეგისტრირებულ კოლექტიურ საწარმო “ტ-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მაკეევსკის მეტალი კომბინატ სადგურ “ვ-ადან” გაიგზავნა ორი ვაგონი ლითონი, რომელმაც გაიარა საბაჟო შემოწმება. აღნიშნულმა ტვირთმა შემდეგი მარშრუტის: სადგურ “დ-ი” _ სადგური “ი-ა” _ ფოთის პორტის გავლით, განბაჟება გაიარა რუსთავის საბაჟოში. ბოლოს, ტვირთი მიიღო სადგურმა “ა-ამ”. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადგური “ა-ის” მიერ ტვირთის მიღებამდე მისი მდგომარეობა შეესაბამებოდა სატრანსპორტო ზედნადებში მითითებულ რაოდენობას, ვინაიდან ორგანიზაციას ტვირთის მიღებისას, სკ-ს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზედნადებში არ შეუტანია რაიმე პირობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ტვირთის დაცლისას აღმოაჩინა დანაკლისი, რითაც მას მიადგა 10300 ლარის ზარალი. აღნიშნული გარემოების შესახებ მოსარჩელემ განახორციელა სამოქალაქო კოდექსით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულება, გადამზიდველისათვის შეტყობინების გაგზავნის შესახებ, რის გამოც მოთხოვნა, მოპასუხის მიერ ზარალის ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანი იყო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “მ-ას” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჩივარში მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო “საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის შეთანხმების” ნორმებით და სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მუხლები. მოსარჩელეს კი დარღვეული ჰქონდა აღნიშნული შეთანხმების ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ამასთან, მოსარჩელეს 2000წ. 24 მარტის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად სარჩელით უნდა მიემართა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და შპს “მ-ას” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ტვირთის დანაკლისის შესახებ შედგენილი აქტი არის მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი, რომელიც არ არის მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი. აღნიშნულის გამო, მითითებული აქტი ვერ გამოდგებოდა ზარალის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად. სხვა მტკიცებულება კი ტვირთის დანაკლისის შესახებ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. პალატამ ასევე მიუთითა, რომ შპს “მ-ას” გაშვებული ჰქონდა სკ-ს 698-ე მუხლით გათვალისწინებული, გადამზიდველისათვის პრეტენზიის წაყენების 7 დღიანი ვადა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-ამ”, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებით საოლქო სასამართლოს მიერ საქმის ირგვლივ გაკეთებული დასკვნები არასრულია, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქმის გარემოებების მიხედვით უდავოა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე შემოსვლამდე ტვირთის მდგომარეობა შეესაბამებოდა სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ რაოდენობას, ხოლო მოპასუხის მიერ ტვირთის მიღების შემდეგ მასში აღმოჩნდა დანაკლისი, რისთვისაც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა შპს “ს-ას”. კასატორის განმარტებით, ტვირთის არასრულყოფილობის შესახებ მან აქტის შესადგენად მიმართა ტვირთის გადამზიდველს, სადაც განუმარტეს, რომ 1996 წლიდან ასეთი განყოფილება გაუქმებული იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2000წ. 24 აგვისტოს დონეცკში არსებულ ფირმა “ტ-სა” და უკრაინის რკინიგზას შორის დაიდო ხელშეკრულება 124,2 ტონა ლითონის ნაგლინის გადაზიდვის შესახებ, რაც განხორციელდა რამოდენიმე გადამზიდველის მიერ. ბოლოს პორტი ფოთიდან გადაზიდვა აწარმოვა შპს “ს-ამ”. 2002წ. 13 სექტემბერს ტვირთი შევიდა სადგურ “ა-აში”, რომელიც განბაჟდა და იმავე დღეს შეყვანილ იქნა ჩიხში, რომელიც ეკუთვნის მაღლივმშენის რკინა-ბეტონის ქარხანას.
სკ-ს 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანებების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში. აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში _ ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით.
დადგენილია, რომ შპს “მ-ას” მიერ ტვირთის დაცლის დროს აღმოჩენილი დანაკლისის შესახებ შედგა აქტი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული აქტი არ უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების დოკუმენტად, ვინაიდან იგი შედგენილია ცალმხრივად. პალატა თვლის, რომ ტვირთში დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მდგომარეობა უნდა შემოწმდეს და შესაბამისი აქტი უნდა შედგეს როგორც ტვირთის მიმღების, ასევე _ გადამზიდველის ერთობლივი მონაწილეობით.
სკ-ს 676-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადამზიდველი ვალდებულია, ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ბ) ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ ტვირთის მიღებისას არ დაიცვა მითითებული მუხლის მოთხოვნები. როგორც უკვე აღინიშნა, სკ-ს 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში გადამზიდველის პრეტენზია უნდა წარედგინოს წერილობით, ტვირთის მიღებიდან 7 დღის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო ტვირთი კასატორმა ჩაიბარა 2000წ. 13 სექტემბერს, ხოლო წერილობითი პრეტენზია შპს “ს-ას” გაუგზავნა 2000წ. 21 ნოემბერს, ანუ ზემოთ მითითებული 7 დღიანი ვადის დარღვევით.
აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ტვირთის დაკარგვაში მოპასუხეს ბრალიც რომ მიუძღვოდეს, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, იგი მაინც უნდა გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურებისაგან, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის დაცული სკ-ს 698-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილად არის ცნობილი სააპელაციო პალატის მიერ და შპს “მ-ას” დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის ისინი გასაზიარებლად სავალდებულოა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ შპს “ს-ამ” შეგნებულად შეუშალა ხელი კომერციული აქტის შედგენას, ვინაიდან არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატა აქტის შედგენაში ხელშეშლა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი და სამართლებრივად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ანალიზის საფუძველზე მიიღო სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ-ას” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.