გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1496-02 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: უკანონო მშენებლობის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. ფ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ აშენებული ცხაურის ტიპის დროებითი ავტოსადგომის მოშლა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. მ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2002წ. 14 ივნისს სასამართლო სხდომაზე ვ. ფ-ის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვ. ფ-მა გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა იმ მოტივით, რომ მისთვის უცნობი იყო სხდომის დღე, რადგან სასამართლოს უწყება არ ჩაბარებია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით საჩივარს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა 2002წ. 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ფ-ს სასამართლო უწყება 2002წ. 14 ივნისის სასამართლო სხდომის შესახებ გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
ვ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის დარღვევით. კერძოდ, სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ იქნა გამოძახებული სასამართლო სხდომაზე, რის გამოც სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.
საქმის მასალების შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ საქმეში არ მოიპოვება სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის სხდომის ოქმი. სსკ-ს 187-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმის შედგენა სავალდებულოა. ამდენად, საქმეში აუცილებლად უნდა იყოს სხდომის ოქმი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება (განჩინება) ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რადგან ამავე კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სხდომის ოქმი ასახავს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს. კერძოდ, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. ამდენად, სხდომის ოქმი ის პროცესუალური დოკუმენტია, რომელსაც ეფუძნება სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
ამასთან, პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო დადგენილი წესით მიწვეული საქმის განხილვაში. 70-78-ე მუხლები ადგენს სასამართლო უწყების გაგზავნისა და ჩაბარების წესებს, კერძოდ, მოქალაქეს უწყება უნდა ჩაბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში კი უწყებაზე ხელმოწერა არ არის. ამასთან, საქმის სხვა მასალებითაც არ დგინდება ის, რომ ვ. ფ-ასათვის ცნობილი იყო სხდომის დღე. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით კი, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
პალატა გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.