3კ-1497-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
ქ. გაბელაია
სარჩელის საგანი: უფლების არარსებობის აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ც-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღიარება იმისა, რომ მოპასუხე მ. ი-ს აღარ აქვს უფლება, აღასრულოს საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1967წ. 27 მაისის განჩინება. ამ განჩინებით მოსარჩელეს და მის დედას, კ. წ-ას, მოპასუხე მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1967წ. 1 სექტემბრამდე 527 მანეთის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მ. ი-ს უფლება, ცალმხრივად გადაეფორმებინა საკუთრებაში ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის ლიტ “ბ-ს” 14 კვ.მ-ის ¹1 ოთახი მოპასუხეს კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში განჩინება არ აღუსრულებია, რის გამოც მან უფლება დაკარგა გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდსა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სახლი იყო დაუკანონებელი და მდებარეობდა რეკონსტრუქციის ზონაში.
გ. ც-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვტილება და დაკმაყოფილდა გ. ც-ის სარჩელი: დადგენილ იქნა, რომ მ. ი-ს აღარა აქვს უფლება, აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1967წ. 27 მაისის განჩინება და საკუთრებაში გაიფორმოს ლიტ “ბ-ს” ¹1 ოთახის. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ი-მა დაარღვია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის 1999წ. 15 მაისამდე მოქმედი სსკ-ს 359-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ვადა. იმავე კოდექსის 379-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ხანდაზმულობის გამო. მ. ი-ს 1969წ. შემდეგ სააღსრულებო წარმოება წყდება სასამართლო განჩინების აღსასრულებლად ზომები არ მიუღია და მცდელობა გაანახლა 2001 წელს – 32 წლის შემდეგ. პალატამ, აგრეთვე. აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი კანონით მ. ი-ს შეეძლო მიეღო გარკვეული ზომები აღუსრულებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, თუ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რის გამოც განჩინების აღსრულება შეუძლებელი იყო.
მიიჩნია რა ზემოხსენებული გადაწყვეტილება უკანონოდ, მ. ი-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: დარღვეულია სსკ-ს 39-ე მუხლის I ნაწილი და მეორე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტები, 394-ე მუხლის “ე” პუნქტი. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მ. ი-ის სადავო ოთახის დაკანონებაზე უარი ეთქვა 1968, 1969, 1970 და 1989 წლებში, ვინაიდან სახლი რეკონსტრუქციის ზონაში იყო და ექვემდებარებოდა დანგრევას. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1964წ. 5 აგვისტოს ¹1708 გადაწყვეტილება, რომლითაც რეკონსტრუქციის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობების დაკანონება და საკუთრებაში აღრიცხვა დაუშვებელი იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მ. ი-ს 32 წლის მანძილზე არ მიუღია ზომები განჩინების აღსასრულებლად. როდესაც ცნობილი გახდა, რომ იწყებოდა ქუჩის რეკონსტრუქცია, მ. ი-მა 2001წ. 13 ნოემბერს მიმართა ქ. თბილისის მერიას და ტექბიუროს, რის შემდეგაც მერიამ განუმარტა ტექბიუროს რომ სავალდებულო იყო სადავო ოთახის მ. ი-ზე აღრიცხვა. ამასთან, 1970 წელს მ. ი-ის სარჩელის საფუძველზე, რომლითაც მოითხოვდა გ. ც-ის სადავო ბინიდან გამოსახლებას და ქირის გადახდის დაკისრებას, გ. ც-ს დააკისრეს ქირის, 2 მანეთის და 50 კაპიკის, ყოველთვიურად გადახდა, რასაც იძულების წესით იხდიდა. სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა ძველი სსკ-ს 359-ე და 379-ე მუხლები, რითაც დააღვია მოქმედი სსკ-ს პირველი მუხლის მეორე ნაწილი სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 132-ე მუხლით, რომელიც ეხება ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას, თუ ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. უმაღლესი სასამართლოს განჩინებიდან დღემდე გასული დრო მ. ი-ს არ შეიძლება მიეთვალოს ხანდაზმულობაში, რადგან მისი მოთხოვნის შესრულება შეჩერებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ამასთან, სარჩელი შეტანილია არასათანადო მოსარჩელის მიერ, ვინაიდან გ. ც-ი არის ი-ის დამქირავებელი, რომელიც სადავო ბინის ქირას იხდის. ორჯონიკიძის რაიონის საამართლოს 1970წ. გადაწყვეტილებით. საქმის მასალებში არსებული ტექბიუროს მონაცემებით სადავო ოთახი ირიცხება ბ-ეზე და არა გ. ც-ზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1967წ. 27 მაისის განჩინებით გ. ც-ს და კ. წ-ას დაეკისრათ ვალდებულება, 1967წ. 1 სექტემბრამდე გადაეხადათ მ. ი-ისათვის 527 მანეთი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მ. ი-ი უფლებამოსილი იყო, თავისზე გადმოეფორმებინა გ. ც-ზე რიცხული, თბილისში, ..... მდებარე სახლი ლიტ “ბ-ს” ¹1 ოთახი. ასევე დადგენილია, რომ გ. ც-ს დაკისრებული თანხა დათქმულ დროში არ გადაუხდია.
საოლქო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა დავის წარმოშობის მომენტში არსებული სსკ-ს 359-ე და 379-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა დღეისათვის დაუშვებელია, ვინაიდან გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
ზემოხსენებული ნორმები ადგენდა სააღსრულებო საბუთების აღსასრულებლად წარდგენის ვადებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ _ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის წესს. მათზე დაყრდნობით სასამართლომ ისე დაადგინა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის ხანდაზმულობა, რომ არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა ამ დროს მოქმედი კანონით დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო საბუთი და წარდგენილი იყო თუ არა იგი აღსასრულებლად. ასევე, გასარკვევია რომ არ ჰქონდა ადგილი იმავე კანონის 360-ე მუხლით გათვალისწინებულ სააღსრულებო საბუთის წარდგენისათვის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის წარმომშობ გარემოებას.
აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასებების გარეშე დასარეგულირებელ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულად ვერ მიიჩნევა, რაც მისი გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.