3კ-1499-02 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის ქირის გადახდევინება, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაუქმება, აღსრულების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. მ-ის, ნ. მ-ისა და გ. ს-ისაგან სასამართლოს მიერ დაკისრებული ბინის ქირის ამოღება და მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მოპასუხე მხარისათვის დაკისრებული აქვს ბინის ქირა, რომელიც დღემდე გადახდილი არ არის და ვინაიდან სასამართლოს მიერ ნ. და მ. მ-ები და გ. ს-ი ცნობილნი არიან დამქირავებლად, თანახმად სკ-ს 562-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” პუნქტებისა, ისინი უნდა გამოსახლდნენ დაკავებული ფართიდან.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ნ. მ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 14 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაუქმება და აღნიშნულ საქმეზე აღსრულების შეწყვეტა. ნ. მ-ი თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ გარემოებებს: 1994 წელს ისნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაეკისრა ბინის ქირის გადახდა ზ. მ-ის სასარგებლოდ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით კი დადგენილად არის ცნობილი მხარეთა შორის ბინის ქირავნობის ხელშეკრულების არარსებობა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მიუხედავად ამისა, ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება და გასცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი იგივე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ნ. მ-ის აზრით, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი გაცემულია სსკ-ს 266-ე, 272-ე მუხლების და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული მ. მ-ი გარდაცვლილია. ამასთან, ზ. მ-ის მიერ დარღვეულია სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენის სამწლიანი ვადა, რაც გათვალისწინებული იყო 1964წ. სსკ-ს 379-ე მუხლით. მითითებული გარემოება კი წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიების გაუქმების საფუძველს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “გ”, “დ” და “ე” პუნქტების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აღსრულება წყდება და უქმდება აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება.
2002წ. 8 მაისს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნული სარჩელის განხილვისას არ გამოცხადდა ზ. მ-ი. სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ზ. მ-ის სარჩელთან დაკავშირებით ნ. და მ. მ-ების და გ. ს-ის მიმართ ბინის ქირის გადახდევინებისა და საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმავე მოპასუხეების მიმართ იმავე საფუძვლით არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ იმავე სხდომაზე (2002წ. 8 მაისს) მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი, გაუქმდა ისნის რაიონის სასამართლოს 1994წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე 2001წ. 14 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი და ამასთან დაკავშირებით შეწყდა აღსრულება.
ზ. მ-ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 მაისის განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სასამართლომ 2002წ. 20 ივნისის განჩინებით განიხილა ზ. მ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე და საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ზ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ზ. მ-ის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა თბილისის საოლქო სასამართლოდან ცნობა, სადაც მითითებული იყო მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. თვითონ ზ. მ-ი კი იმ პერიოდისათვის იყო ავად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 28 ოქტომბერს განიხილა რა ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, იმ მოტივით, რომ ნ. მ-ის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნებს, დააკმაყოფილა იგი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის განჩინება, ამავე სასამართლოს 2002წ. 9 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-მა და მიუთითა, რომ სსკ-ს (1964წ.) 379-ე მუხლის თანახმად დადგენილი იყო სააღსრულებო საბუთის წარდგენის 3 წლიანი ვადა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ. ასევე სასამართლომ არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “გ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტები, ხოლო სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 14 ივნისის განჩინებით დადგენილი გარემოებანი დამტკიცებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
კასატორი თვლის, რომ სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და არასწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული შესაბამისობის დადგენა სასარჩელო მოთხოვნასთან გამომდინარეობს მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნიდან და აღნიშნული გარემოება დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ, მიუხედავად იმისა, მხარე აყენებს თუ არა ამ ნორმის გამოყენების მოთხოვნას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა, მიუხედავად აპელანტის მოთხოვნისა, უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა, თუ რამდენად ამართლებდა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას.
რაც შეეხება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34-ე მუხლს, მის საფუძველზე აღსრულება წყდება, თუ კრედიტორი ან მოვალე გარდაცვლილია ან გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებულია, ასევე, თუ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილია მხოლოდ ერთი მოპასუხე, რაც იწვევს აღსრულების შეწყვეტას მხოლოდ მის, და არა სხვა დანარჩენი პირების მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 1994წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის; სარჩელში მითითებული არ არის გარემოება, რომლის საფუძველზეც შეიძლება ჩაითვალოს, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ძველი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მუხლით აღსრულების შეწყვეტა შესაძლებელია, თუ მხარეს იმავე კოდექსის 360-ე მუხლის შესაბამისად სააღსრულებო საბუთი არ წარუდგენია აღსასრულებლად ან არ გამოუყენებია 361-ე მუხლით მინიჭებული უფლებები. აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია აღსრულების შეწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.