Facebook Twitter

საქმე # 080100121004967001

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №839აპ-23 ქ. თბილისი

კ-ი ო, 839აპ-23 18 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ო. კ-ი, - დაბადებული .. წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.2. გაუქმდა ო. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. კ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 13 ივლისს, 22:00 საათის შემდგომ, ქ.ქ-ში, ტ-ის ქუჩის №..-ში არსებულ ს. ჩ-ის საცხოვრებელ სახლთან, ო. კ-ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. ჩ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ თავს გაუტეხდა. მუქარის შედეგად ს. ჩ-ს გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ო. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმება და ო. კ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. კ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (დაზარალებულ ს. ჩ-სა და მოწმეების - მ. ჩ-ის, ბ. ც-ის, ბ. გ-ის, გ. ძ-სა და სხვათა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერით, შეტყობინებებით), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ო. კ-ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს №... შეტყობინებაზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 14 ივლისს საქართველოს შსს ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი დეტექტივ-გამომძიებელი გ. ს-ძე ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კ. ბ-ას გადასცემს, რომ განმცხადებელ ს. ჩ-ის შეტყობინებით არის ჟურნალისტი და მის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, რესპოდენტი მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, რის გამოც ითხოვდა დახმარებას. №.. შეტყობინების თანახმად, 2021 წლის 14 ივლისს, საქართველოს შსს ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი დეტექტივ-გამომძიებელი გ. ს-ძე, ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კ. ბ-ს გადასცემს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი-ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქ-სი) „105“ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ. ც-მ აცნობა, რომ ქ.ქ-ში, ტ-ის ქ. №...-ში მცხოვრები ს. ჩ-ის განმარტებით, მასთან ორ მეგობართან ერთად მივიდა მერიის თანამშრომელი ო. კ-ი და ითხოვდა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში“ პოსტის წაშლას (რომელიც მას ეხებოდა), რის შემდეგაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.

9. დაზარალებულ ს. ჩ-ის ჩვენებით, 2021 წლის 13 ივლისს, დაახლოებით ღამის 11-12 საათზე, მასთან სახლში მივიდა ო. კ-ი და მოითხოვა მედიით გაშუქებული ინფორმაციის წაშლა. უარის მიღების შემდეგ, მან ხმამაღალი საუბარი დაიწყო, რის გამოც მას სახლის დატოვებისკენ მოუწოდა და პარალელურად 112-ის სამსახურს დაუკავშირდა. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ ო. კ-ი თანმხლებ პირებთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოდან გადავიდა, თუმცა გინებასა და ხმამაღალ საუბარს განაგრძობდა. აღნიშნულის გამო, თავადაც გავიდა გარეთ და გაიგო, როგორ დაემუქრა ო. კ-ი თავის გატეხვით. მსჯავრდებულის მუქარის შეეშინდა, ვინაიდან ო-ს, შესაძლოა, მისთვის ან დედასთვის რაიმე დაერტყა და მუქარა რეალურად აღესრულებინა.

10. დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმე მ. ჩ-ის ჩვენებასთან, რომლითაც დასტურდება, რომ 2021 წლის 13 ივლისს, მათ სახლში თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა ო. კ-ი, რომელიც ს. ჩ-ნ სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული მასალის წაშლას მოითხოვდა. ო-ი იყო კატეგორიული, ხმამაღლა საუბრობდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ს-ს კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ იგი თანმხლებ პირებთან ერთად ჭიშკრის გარეთ გავიდა, რა დროსაც გინება და მუქარა დაიწყო, კერძოდ, ამბობდა, რომ ს-ს პასუხს აგებინებდა და თავს გაუხეთქავდა.

11. დაზარალებულ ს. ჩ-სა და მოწმე მ. ჩ-ის ჩვენებები შეესაბამება მოწმეების - ბ. გ-ისა და ბ. ც-ის ჩვენებებს, რომლებიც შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე. მოწმე ბ. ც-ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2021 წლის 13 ივლისს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ტ-ის ქუჩის N..-ში, სადაც იმყოფებოდა შეტყობინების ინიციატორი, აღელვებული ს. ჩ-ე. მან განაცხადა, რომ მასთან მივიდა ო. კ-ი და მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის წაშლას მოითხოვდა, აგრეთვე დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმე ბ. გ-ის ჩვენებით კი დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ტ-ის ქუჩის N..-ში, შეტყობინების ინიციატორმა ს. ჩ-მ განუცხადა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები მისგან გაზიარებული პოსტის წაშლას მოითხოვდნენ, რა დროსაც მისი მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ მუქარას, რის გამოც მუქარის აღსრულების შიში გაუჩნდა.

12. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2021 წლის 13 ივლისს, ქ-ი, ტ-ის ქუჩის N..-ში არსებულ ს. ჩ-ის საცხოვრებელ სახლთან ო. კ-ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. ჩ-ს, დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, კერძოდ, ს. ჩ-ე იღებს ვიდეოს და თან ერთ-ერთ პირს მოუწოდებს გარეთ გასვლისკენ; ასევე პოლიციის თანამშრომლებს სამივე პირის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისკენ. შემდეგ ისმის, რომ პირი, რომელიც კადრში არ ჩანს, სერგო ჩივაძეს ეკითხება: „რა გინდაა?“, ს. ჩ-ძე მას მიმართავს, ხმას დაუწიოს, რის შემდეგ აღნიშნული პირი ეუბნება: „თავს გაგიხევ ახლა“.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული უტყუარად ადასტურებს დაზარალებულ ს. ჩ-ის საცხოვრებელ სახლთან მყოფი ო. კ-ის მიერ დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. აღნიშნული მუქარის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ვითარებას, რაც წინ უძღოდა მუქარის ფაქტს (ო. კ-მა ორ თანმხლებ პირთან ერთად სახლში მიაკითხა დაზარალებულს და კატეგორიულად მოსთხოვა მის მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული ინფორმაციის წაშლა, რომელიც პირადად მას ეხებოდა, რაზეც ს. ჩ-მ უარი განუცხადა და დაატოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლი) და დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზარალებულმა ს. ჩ-მ ო. კ-ის მხრიდან მის მიმართ წარმოთქმული ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს იმის შესახებ, თითქოს ო. კ-ის მხრიდან ბ. ჩ-ის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ო. კ-ის ბრალეულობა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელია, ისინი არ ბადებს ეჭვს, რის გამოც ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ ბათილდება ო. კ-ის მეგობრების (მოწმის სახით დაკითხული გ. დ-ისა და გ. ძ-ის) ჩვენებებით.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებს მსჯავრდებულ ო. კ-ის მის მიმართ აქვთ ინტერესი და თითქოს მათი ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულთა და მოწმის ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. ადვოკატ გ. გ-ის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება მათი ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას დანიშნული აქვს სამართლიანი სასჯელი.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი