საქმე # 210100122005678346
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №849აპ-23 ქ. თბილისი
ს-ი რ, 849აპ-23 18 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ს*ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
1.1. რ. ს-ი, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. ს-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან და 12000 ლარი ჯარიმიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 2 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
· ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რომელსაც სრულად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლილობით, მას სასჯელის ზომად შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 12000 ლარი.
· 2021 წლის ივნისში რ. ს-მა რ. გ-ნ შეიძინა 25 ტომარა სათესლე სიმინდი. ამავე პერიოდში, მისი დავალებითა და ჯ. ა-ის მეშვეობით, რ. გ-ს აჩვენა, თითქოსდა, მას და ჯ. ა-ს საკუთრებაში ჰქონდათ 300ჰა მიწის ნაკვეთი, რითაც რ. ს-მა რ. გ-ის ნდობა მოიპოვა.
· 2021 წლის 4 ნოებერს ს-ის რაიონის სოფელ ვ-ში 150 ტომარა NPK 16.16.16 მარკის სასუქიდან, რომლის ღირებულება 16100 ლარს შეადგენდა, რ. ს-მა რ. გ-ს გადაუხადა 5100 ლარი, ხოლო დარჩენილ 11000 ლარის ღირებულების NPK 16.16.16 მარკის სასუქს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა და დაპირდა, რომ დარჩენილი სასუქის საფასურს გადაუხდიდა მომდევნო დღეს.
· 2021 წლის 5 ნოემბერს, ს-ის რაიონის სოფელ ა-ში, რ. ს-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა რ. გ-ის 60 ტომარა ხორბალსა და 80 ტომარა NPK 16.16.16 მარკის სასუქს, საერთო ჯამში, ღირებულს 13900 ლარად და შემდგომ გაწყვიტა მასთან ყოველგვარი სატელეფონო თუ პირადი კონტაქტი. რ. ს-ის ქმედებების შედეგად რ. გ-ს მიადგა საერთო ჯამში - 24900 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. ს-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა -12000 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 2 მარტიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენის გაუქმება და რ. ს-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას რ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (მათ შორის - დაზარალებულ რ. გ-ისა და მოწმეების - ქ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. ს-სა და სხვათა ჩვენებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოცნობის ოქმებს), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და ასევე მაკვალიფიცირებელი გარემოებები - დიდი ოდენობა და პირის ორჯერ ნასამართლობა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, კერძოდ:
10. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით დგინდება, რომ რ. გ-მა მისი კუთვნილი 230 ტომარა სასუქი NPK 16.16.16 და 3000 კგ ხორბალი რ. ს-ს გადასცა საკუთარი ნებით, იმ განზრახვით, რომ მის მიერ რეალიზებული საქონლიდან მიიღებდა შესაბამის ანაზღარებას, მაგრამ დაზარალებულის ქმედებაში გამოხატული ნება და მიზანი ობიექტურად არ აისახა შემდგომში განვითარებულ მოვლენებში. დაზარალებულის ქმედება მოტივირებული იყო სარგებლის მიღებიდან გამომდინარე და იგი დარწმუნებული იყო მისი ქმედების შედეგად მატერიალური სიკეთის მიღების გარდაუვალობაში, რაშიც იგი დაარწმუნა რ. ს-მა.
11. დაზარალებულმა რ. გ-მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ სოფელში აქვს ბიზნესი, კერძოდ, ყიდის მარცვლეულსა და სასუქებს. 2021 წელს გაზაფხულზე მას დაურეკა რ. ს-მა და უთხრა, რომ სურდა 25 ტომარა სიმინდის თესლის ყიდვა. რამდენიმე ხნის შემდეგ რ-მა ვინმე ჯ-ნ ერთად, შეიძინა სიმინდის თესლი. მან თანხა ჩაურიცხა ანგარიშზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ისევ დაუკავშირდა რ. ს-ი და უთხრა, რომ უნდოდა მარცვლის ყიდვა. ამ შემთხვევაში მარცვლეულის მეპატრონისათვის რ. ს-ს თანხა უნდა გადაეხადა ე.წ. ,,სასწორზე“, რაზეც რ-მა უპასუხა, რომ ფულზე პრობლემა არ იყო და გააგზავნიდა მანქანას. თუმცა რ-ს მანქანა არ გაუგზავნია. რ. გ-ის განმარტებით, რ. ს-ი ხშირად ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ სურდა სასუქის შეძენა. ასევე აინტერესებდა, რა სახეობის სასუქები ჰქონდა. ერთ-ერთი დარეკვისას მან ჰკითხა, თუ რა პროდუქცია ჰქონდა, რაზეც უპასუხა, რომ იმ პერიოდში იყო „ფოლამორა 25“ ხორბლის ჯიში და სასუქი NPK 16.16.16. ფასებზე ივაჭრეს. ზუსტად არ ახსოვს, რამდენი იყო ფასი, თუმცა შეთახნმდნენ, რომ იგი შეიძენდა 3000 კილოგრამ სათესლე ხორბალს, რომელიც შეადგენდა 5100 ლარს. ასევე შეთანმდნენ, რომ ერთ ტომარა NPK 16.16.16-ს შეიძენდა 110 ლარად. სულ რ. ს-ს სურდა 230 ტომარა და სასუქში გადასახდელი თანხა შეადგენდა 25300 ლარს. ამდენად, სათესლე ხორბლისა და სასუქის შესაძენად რ. ს-ს მისთვის უნდა გადაეხადა 30400 ლარი. საბოლოოდ, შეთანხმდნენ პროდუქტის ჩატანის დროზე პროდუქტი და ასევე იმ გარემოებაზე, რომ რ. ს-ი თანხას ადგილზე გადაიხდიდა. პირველ დღეს პროდუქცია გააგზავნა ნ. მ-ისა (მძღოლი) და მისი კომპანიის, შპს „ტ-ოს“ დირექტორის - ქ. ბ-ის მეშვეობით. რ. ს-ს თანხა მათთვის უნდა გადაეხადა. საქონლის ადგილზე ჩატანის შემდეგ რ. ქ-ს გადაუხადა 5500 ლარი. ქ. ბ-მა დაურეკა და უთხრა, რომ რ. ს-ი თანხის ნაწილს აძლევდა. იგი ტელეფონით გაესაუბრა მსჯავრდებულს, რა დროსაც მან უთხრა, რომ თანხის ნაწილს აძლევდა, ბანკი უკვე დაკეტილი იყო და მეორე დღეს მისცემდა სრულ თანხას. მეორე დღეს - 2021 წლის 5 ნოემბერს, დილით ადრე, 80 ტომარა სასუქი და 60 ტომარა ხორბალი გაგზავნა კვლავ ნარიმანის მანქანით. თანხა უნდა გამოერთმია ნ. მ-ს. თუმცა პროდუქციის მიტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რ. ს-ს თანხა არ ჰქონდა და ნ-ს უთხრა, რომ ექნებოდა ნახევარ საათში. ნ. მ-მა აღნიშნული შეატყობინა რ. გ-ს, რის გამოც მან დაურეკა რ. ს-ს სიტუაციის გასარკვევად. რ. განუმარტა, რომ გ-ში ბანკში მივიდოდა თანხის გამოსატანად, ხოლო მძღოლი დალოდებოდა ბ-ში და იქ მიუტანდა ფულს. დაახლოებით ორის საათის გასვლის შემდეგ რ. ს-ს თანხა კვლავ არ ჰქონდა გადახდილი, რის გამოც რ. გ-მა ისევ დაურეკა. რ-მა უპასუხა, რომ ბანკში იყო რიგები, გამოიტანდა ფულს და მძღოლი დალოდებოდა. რ-მა ექვს საათზე ისევ დაურეკა რ. ს-ს, მაგრამ იგი ხან პასუხობდა და ხმას არ იღებდა, ხან გათიშული ჰქონდა ტელეფონი. დაკავშირება მოახერხა დაახლოებით შვიდის წუთებზე. რ-ის თქმით, რაკი თავად ვერ შეძლო ბანკიდან თანხის გამოტანა, თბილისიდან ჯ-ი ჩავიდოდა და ფულს ჩაიტანდა. შემდეგ კი მას ვეღარ დაუკავშირდა. დაზარალებულმა ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ ვინაიდან რ. ს-მა წინა დღეს 5500 ლარი გამოატანა ქ. ბ-ს, ნდობა გაუჩნდა მის მიმართ.
12. დაზარალებულ რ. გ-ს ჩვენებაში დასახელებული გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ნ. მ-მა და ქ. ბ-მა. ნ. მ-ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა და მიუთითა ადგილზე, სადაც 2021 წლის 5 ნოემბერს მისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით, რ. ს-ის მითითებით, მიიტანა ტვირთი. ნ. მ-მა მასთან ჩატარებული ამოცნობის დროს ამოიცნო რ. ს-ი.
13. მოწმე გ. შ-მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2022 წლის 3 ნოემბერს დაუკავშირდა ჯ. ა-ი და უთხრა, რომ მის მეგობარ რ. ს-ს რამდენიმე დღით უნდოდა სასუქის ტომრების დასაწყობება. აღნიშნულის გამო მან დააკავშირა საწყობების მესაკუთრე ი. დ-ან.
14. მოწმე ი. დ-მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ნოემბრის დასაწყისში, 4-5 რიცხვი იქნებოდა, დაუკავშირდა მეგობარი - გ. შ-ი და ჰკითხა საწყობში ადგილი თუ ჰქონდა, რადგან მის სიძეს ერთი-ორი დღით უნდოდა სასუქის შენახვა. ჯ. ლ-ს, რომელიც იყო კიდევ ერთ პირთან ერთად, შეხვდა საწყობის ეზოში. ისინი დახლოებით 8-9 საათისთვის მივიდნენ და დააბინავეს საქონელი.
15. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. ს-მა მოიპოვა რ. გ-ის ნდობა, რათა შემდგომში მის ქონებას მოტყუებით დაუფლებოდა. 2021 წლის 4 და 5 ნოემბერს, რა დროსაც რ. გ-მა, რ. ს-ს, შეთანხმებისამებრ, მიაწოდა სასუქი და ხორბალი, პირველ დღეს მთლიანი პროდუქციის საფასურის მცირე ნაწილის გადახდით მოიპოვა ნდობა, კერძოდ, რ. გ-ს შეექმნა რწმენა, რომ რ. ს-ი თანხას გადაუხდიდა. საყურადღებოა ასევე მსჯავრდებულის ქცევა დარჩენილი თანხის გადახდის მომენტში - იგი დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ თითქოსდა ბანკში იყო რიგი, თანხა გამოსატანი ჰქონდა, მოგვიანებით ჩაუტანდა და ა.შ, რითაც ცრუ მოლოდინს უჩენდა და ატყუებდა. რ. ს-მა ამ ქმედებების შედეგად მოახერხა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა რ. გ-ის სასუქი და ხორბალი.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს თარჯიმანთა კვალიფიკაციისა და დაზარალებულთან თარჯიმან მ. ს-ის ნათესაური კავშირის გათვალისწინებით, მათი მონაწილეობით ჩატარებული გამოკითხვის ოქმებისა თუ საგამოძიებო მოქმედებების სანდოობასთან მიმართებით.
17. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პირების თარჯიმნობით ჩატარებული გამოკითხვის ოქმების, ამოცნობის ოქმებისა თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის უზუსტობებს, ვინაიდან მათი თარჯიმნობით საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა სწორედ ამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დაადასტურეს, რაც თარჯიმნების მონაწილეობით წარმოებულ გამოკითხვის ოქმებსა თუ სხვა მტკიცებულებებშია ასახული. ამდენად, არ არსებობს მათი მონაწილეობით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის საფუძვლები.
18. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომლის თანახმად, საქმეზე უნდა ჩატარებულიყო დაზარალებულის სამეწარმეო საქმიანობისა და დოკუმენტაციის შემოწმება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე ხსენებული არგუმენტით ცდილობს აქცენტი გადაიტანოს დაზარალებულის საქმიანობაზე, რათა თავად მსჯავრდებულის ქმედებები დარჩეს შეფასების მიღმა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმე იხილება რ. ს-ის მიმართ და ის გარემოება, თუ რამდენად კანონშესაბამისად საქმიანობდა რ. გ-ი, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას არ გამორიცხავს და ვერ დაედება საფუძვლად რ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ასევე არ არსებობს რაიმე მოტივი, რის გამოც დაზარალებული მსჯავრდებულის წინააღმდეგ სასამართლოს მიაწოდებდა ცრუ ინფორმაციას.
19. საკასაციო სასამართლოს, ისევე როგორც სააპელაციო პალატას, ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ რ. ს-ი მოტყუებით დაუფლა-მიისაკუთრა საერთო ჯამში - 24900 ლარის ღირებულების პროდუქცია, კერძოდ:
19.1. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა საქონლის ღირებულება, სასამართლო ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას იზიარებს დაზარალებულ რ. გ-ის ჩვენებას, როდესაც განმარტავს, რომ მან რ. ს-ს ერთი კილოგრამი ხორბალი მიყიდა 1.70 ლარად და ერთი ტომარა სასუქი - 110 ლარად. რ. ს-ს გადასახდელი თანხა შეადენდა 30400 ლარს, საიდანაც გადახდილ იქნა მხოლოდ 5500 ლარი. გარდა რ. გ-ის ჩვენებისა, აღნიშნული დადასტურებულია მოწმების - ნ. მ-სა და ქ. ბ-ის ჩვენებებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტვირთის გადაზიდვასა და ადგილზე ჩატანაში. სამივე მოწმე ადასტურებს, რომ რ. ს-მა გადაიხადა საქონლის ღირებულების ნაწილი - 5500 ლარი და დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 24900 ლარს. შესაბამისად, რ. გ-ის მიყენებული ზიანი აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობით ზიანის - 10000 ლარიან ზღვარს.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ამასთან, მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).
21. ამდენად, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა რ. ს-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
22. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. ს-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი