Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1502-02 2 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სესხი.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 დეკემბერს მ. ბ-მ მ. გ-ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ. გ-მ მისგან ისესხა 9000 აშშ დოლარი 4 თვის ვადით ყოველთვიურად 4% სარგებლით. სესხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით თანხის 50%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა.

ვინაიდან მ. გ-მ არ დააბრუნა სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი, მოსარჩელემ მოითხოვა ძირითად თანხის _ 9000 აშშ დოლარის, პროცენტის _ 1600 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით _ 4500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მან მიუთითა, რომ რეალურად სესხად მიიღო არა 9000 აშშ დოლარი, არამედ 7200 აშშ დოლარი, ხოლო სესხის პროცენტი ყოველთვიურად შეადგენდა 10%-ს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4%-ისა. აქედან გამსესხებელმა 300 აშშ დოლარი ერთი თვის პროცენტის სახით მაშინვე დაიტოვა.

მანვე მიუთითა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვადაში არ დააბრუნებდა სესხს ან მის ნაწილს. ვინაიდან იგი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ფარავდა როგორც ძირითად ვალს, ისე სესხის პროცენტს, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე უსაფუძვლოდ მიაჩნია. მის მიერ მთლიანად გადახდილია 3300 აშშ დოლარი, საიდანაც 2180 აშშ დოლარი ძირითადი ვალის დასაფარავად უნდა იქნეს მიმართული, დანარჩენი კი შეადგენს პროცენტს და მისი ანგარიშით გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ 6516 აშშ დოლარი.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 8600 აშშ დოლარისა და მისი პროცენტის _ 1960 აშშ დოლარის, სულ _ 10560 აშშ დოლარის გადახდა. პირგასამტეხლოს სახით 4500 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მ.

სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ბ-მაც. საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 მაისის განჩინებით მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ს მ. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 8476,8 აშშ დოლარის პროცენტის 330 აშშ დოლარის და ვადის გადაცილებისათვის 3051 აშშ დოლარის, სულ _ 11866 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 2001წ. 6 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ. გ-მ მ. ბ-ს ასესხა 9000 აშშ დოლარი 4 თვის ვადით ყოველთვიურად 4%-ის დაქვითვით.

სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულ იქნა 8000 აშშ დოლარზე. აქედან გამომდინარე, მ. გ-ს უნდა გადეხადა 9000 აშშ დოლარის 4%.

2002წ. 17 დეკემბერს მ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად იანგარიშა პროცენტი, კერძოდ, მან 4 თვეში პროცენტის სახით გადასახდელი თანხა 4%-ით განსაზღვრა, ხოლო დარჩენილ 12 თვეში – 3%-ით. ამით საოლქო სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს. მოსარჩელე პროცენტის სახით მოითხოვდა ძირითადი თანხის არა 4%-ს, არამედ _ 3%-ს. აქედან გამომდინარე, მას მთლიანობაში გადასახდელი აქვს თანხის არა _ 4%, არამედ _ 3% და ახალი გადაწყვეტილებით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ამდაგვარად შეცვლა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე დადგენილი აქვს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 2001წ. 6 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 4 თვის ვადით. ამ ხელშეკრულების შესაბამისად მ. გ-მ მ. ბ-საგან ისესხა 9000 აშშ დოლარი თვეში 4%-ის დარიცხვით. სარჩელის აღძვრის დროისათვის ძირითადმა დავალიანებამ შეადგინა 8476,8 აშშ დოლარი, ხოლო გადაუხდელმა პროცენტმა _ 339 აშშ დოლარი.

გარდა ამისა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის გაზრდის გამო მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 3051 აშშ დოლარიც.

სსკ-ს 381-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადადება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვნია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოთხოვდა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა, ივარაუდება, რომ მ. ბ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დაკისრებულ 10560 აშშ დოლარზე პრტენეზია არ გააჩნია, ვინაიდან მისი მხრიდან ამ თანხასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში საჩივარი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მხოლოდ მოპასუხე მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი, რომელიც მიუთითებდა მისთვის გადასახდელად დაკისრებული თანხის 10560 აშშ დოლარის შემცირებაზე.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, აპელანტ მ. გ-ს გადასახდელად დააკისრა 11866 აშშ დოლარი, გასცდა მოთხოვნას, კერძოდ სააპელაციო სასამართლო იხილავდა რა მ. გ-ს სააპელაციო საჩივარს, რომლის მოთხოვნაც იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 10560 აშშ დოლარის შემცირება, მას უფლება არ ჰქონდა აპელანტისთვის საურესოდ შეებრუნებინა გადაწყვეტილება, გასცდენოდა მის მოთხოვნას და დაეკისრებინა უფრო მეტი თანხის გადახდა, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტიოებით იყო დაკისრებული. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გაზრდის უფლება სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა, არც იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელემ სასესხო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის სააპელაციო სასამართლოში მოპასუხისაგან მოითხოვა სკ-ს 403-ე მუხლის შესაბამისად პროცენტის გადახდა.

სსკ-ს 381-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, თუნდაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ გააჩნდეს სააპელაციო საჩივარი, უფლება აქვს, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს გაადიდოს დავის საგანი, ანუ გაზარდოს მოთხოვნა, მაგრამ დავის საგნის გაზრდა უნდა მოხდეს სათანადო პროცედურის დაცვით, სათანადო დამატებითი სარჩელის წარდგენით, ვინაიდან სსკ-ს 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის გადიდება სარჩელის შეცვლად მიიჩნევა, ხოლო ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ თავისი საოქმო განჩინებით, სათანადო წერილობითი სარჩელის არ არსებობის მიუხედავად, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დასაშვებად მიიჩნია სარჩელის შეცვლა (დავის საგნის ღირებულების გაზრდა), რის უფლებაც მას არ გააჩნდა, ვინაიდან მოსარჩელის განაცხადი არ იყო წარდგენილი სსკ-ს 177-ე და 178-ე მუხლების დაცვით.

სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მოწმდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ძირითადი დავალიანების 8476,8 აშშ დოლარის 4% უნდა იქნეს გადახდილი მოვალის მიერ გადაუხდელი პროცენტის სახით. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დავის აღძვრის პერიოდში გადაუხდელი იყო მხოლოდ ერთი თვის პროცენტი, ამასთან, მოსარჩელე მოითხოვდა პროცენტის სახით მხოლოდ ძირითადი დავალიანების 3%-ის გადახდას, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მოპასუხესათვის გადასახდელად დაეკისრებინა 4%. სასამართლო არ შეიძლებოდა გასცდენოდა მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან სსკ-ს 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სამართლის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე ერთ თვეზე პროცენტის სახით 339 აშშ დოლარი კი არ უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის, არამედ – 254,28 აშშ დოლარი, ანუ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ამ ეტაპზე მხარისათვის გადასახდელად დაეკისრებინა 8731,08 აშშ დოლარზე მეტი.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის დროს კასატორმა მიუთითა, რომ ამ ეტაპზე იგი თანახმაა გადაიხადოს 8815 აშშ დოლარი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ კვლავ წარმოადგინა განცხადებები სარჩელის გაზრდის შესახებ.

სსკ-ს 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის საგნის გადიდების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, სარჩელის 8815 აშშ დოლარის ფარგლებში ცნობის შესახებ (მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო მხოლოდ 8731,8 აშშ დოლარის ფარგლებში), შეიძლება დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სსკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხეს ამ უფლებით სსკ-ს 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს როგორც სააპელაციო, ისე _ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ნებისმიერ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის სასესხო ხელშეკრულება დადებული იყო 9000 აშშ დოლარზე და არა 8000 აშშ დოლარზე, როგორც ამას კასატორი მიუთითებს.

სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება დაიდო წერილობით, რომლის შესაბამისადაც სესხის ოდენობად განისაზღვრა 9000 აშშ დოლარი, აქედან გამომდინარე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ოდენობის ნამდვილობა მარტოოდენ მოპასუხის განმარტებით საეჭვო ვერ გახდება.

სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ ადგილას.

ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე კრედიტორი მ. ბ-ა უფლებამოსილია, მოვალე მ. გ-ს მოთხოვოს გადაუხდელი სესხის, როგორც ძირითადი თანხის, ისე _ მისი პროცენტის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია, დააბრუნოს სესხად აღებული თანხა და მისი პროცენტი.

რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში სკ-ს 403-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პროცენტის გადახდის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო თანხების მოთხოვნა ვ. ბ-ს შეუძლია დამოუკიდებელი ახალი სარჩელით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლი 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. გ-ს მ. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისროს 8815 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.