საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№480აპ-23 თბილისი
ა. რ., 480აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ა-ეს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი); ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ქ. გ. 2012 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში რ. ა-ესთან. 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში, ზუსტი დრო დაუდგენელია, დაახლოებით 21:00 საათზე, რ. ა-ე სახლში (ქ. რ-ში, ლ-ის ქ. №--ში) დაბრუნდა მთვრალი და იყო აგრესიულად განწყობილი მეუღლის მიმართ. მან მეუღლეს – ქ. გ-ეს მოსთხოვა, გაეჩუმებინა ბავშვები, რომლებიც სახლში ხმაურობდნენ. მეუღლის პასუხზე, რომ იყვნენ ბავშვები და ვერ შეძლებდა მათ გაჩუმებას, რ. ა. დაემუქრა ყელის გამოღადვრით, სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ქ. გ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· ქ. გ.2012 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში რ. ა-ესთან. მეუღლესთან სისტემატური კონფლიქტის გამო ქ. გ-ემ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში გადაწყვიტა მისი ბინიდან წასვლა, რის შესახებაც უთხრა მეუღლეს. აღნიშნულით განაწყენებული რ. ა-ე ქ. რ-ში, ლ-ის ქ. №-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 12:00 საათზე, სახლიდან წასვლის შემთხვევაში დაემუქრა ქ. გ-ს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· ქ. გ.2012 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში რ. ა-ესთან. მეუღლესთან სისტემატური კონფლიქტის გამო ქ. გ-ემ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში გადაწყვიტა მისი ბინიდან წასვლა, რის შესახებაც უთხრა მეუღლეს. ვინაიდან ქ. გ-ეს მუქარის შედეგადაც ვერ გადააფიქრებინა სახლიდან წასვლა, რ. ა-ემ ქ. რ-ში, ლ-ის ქ. №-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი შვილის – 2014 წლის -- დაბადებული ნ. ა-ის თანდასწრებით მეუღლეს ესროლა თეფში, რომელიც ქ. გ-ეს მოხვდა მარჯვენა ფეხზე, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 22:00–23:00 საათების შუალედში, ქ. რ-ში, ლ-ის ქ. №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, რ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის არასრულწლოვან შვილს – 2014 წლის -- დაბადებულ ნ. ა-ეს მისი არასრულწლოვანი დის – 2017 წლის - დაბადებულ ნ. ა-ის თანდასწრებით, თუ მეუღლესთან – ქ. გ-ესთან დავის დროს მას არ დაუჭერდნენ მხარს, რის შედეგადაც ნ. ა-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 22:00–23:00 საათების შუალედში, ქ. რ-ში, ლ-ის ქ. №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, რ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის არასრულწლოვან შვილს – 2017 წლის - დაბადებულ ნ. ა-ეს მისი არასრულწლოვანი ძმის – 2014 წლის - დაბადებულ ნ. ა-ის თანდასწრებით, თუ მეუღლესთან – ქ. გ-ესთან დავის დროს მას არ დაუჭერდნენ მხარს, რის შედეგადაც ნ. ა-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით რ. ა-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ნიკოლოზ ანდღულაძისა და ნინი ანდღულაძის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში; რ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ნოემბრის 21:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული თანაბარი სასჯელი და რ. ა-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 19 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით გაუქმდა: რ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ნოემბრისა და 2021 წლის ნოემბრის 21:00 საათის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (ნ. ა-ისა და ნ. ა-ის ეპიზოდები) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნუგზარ მახათაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. ა-ის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და სასჯელის განსაზღვრას ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახსა თუ შინაურ წრეში ან ყოფილ, ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებასა ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც, დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
10. ბრალდების მხარე რ. ა-ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით სათანადოდ შეაფასა თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობა და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ:
11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაზარალებულ ქ. გ-ის ჩვენება მართლაც ზედმეტად ზედაპირულია 2021 წლის ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში. ასევე, საქმეზე დაკითხულმა არცერთმა მოწმემ ჩვენების მიცემისას არ ისაუბრა 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში რ. ა-ის მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობასა და მუქარაზე. ამასთან, ბრალდებულის მხრიდან შესაძლო დანაშაულთა ჩადენას მოწმეები არ ჰყავს. ყველა მოწმემ ინფორმაცია მიიღო დაზარალებულ ქ. გ-ისაგან. არასრულწლოვან დაზარალებულ ნ. ა-ეს არაფერი ახსოვს მომხდარის შესახებ, ხოლო ნ. ა-ის ჩვენების მიხედვით, მამა – რ. ა-ე სახლში მისვლისას ჩხუბობდა, როდესაც ისინი თამაშობდნენ; ერთ საღამოს დედას ჩანგალი ესროლა, მაგრამ არ მოხვდა. გარდა ამისა, 2022 წლის 19 ივლისის №-- შემაკავებელი ორდერი არაინფორმაციულია 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში მუქარისა და ფიზიკური ძალადობის დადასტურების კუთხით, მასში საუბარია 5 წლის წინ ქ. გ-ეზე ძალადობის თაობაზე მისი ფეხმძიმობის პერიოდში, რაც საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. ა-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან სააპელაციო სასამართლომ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და რ. ა-ე გაამართლა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ნოემბრისა და 2021 წლის ნოემბრის 21:00 საათის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (ნ. ა-ისა და ნ. ა-ის ეპიზოდები) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე