¹3კ-1506-02 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: კანონიერ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ “ა” ნაგებობის პირველი სართული, ლიტ “ა” ნახევარსარდაფი და “ბ” ნაგებობა საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ძმებს – გი. და გ. ს-ებს. გი. ს-ი გარდაიცვალა 1995 წელს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – თ. ღ-ი და ქალიშვილი თ. ს-ი. თ. ღ-მა 1996წ. 14 მაისს მთელ დანაშთ ქონებაზე აიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, ხოლო 1998წ. 16 ოქტომბერს თ. ღ-სა და ა. ს-ს (გი. ს-ის ძმისშვილი) შორის გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. თინა ს-მა 2000წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ისა და თ. ღ-ის მიმართ და მოითხოვა მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, რადგან იგი მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს, ასევე მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან იგი მოჩვენებითი გარიგებაა.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა მამის, გი. ს-ის კანონისმიერ მემკვიდრედ; დადგინდა თ. ს-ის მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების და ფლობის ფაქტი; გაუქმდა 1996წ. 14 მაისს ნოტარიუს ვ. შ-ას მიერ თ. ღ-ზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ..... მდებარე 2/5 ნაწილზე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 1998წ. 16 ოქტომბერს თ. ღ-სა და ა. ს-ს შორის.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოში. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით, ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ა. ს-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე.
საკასაციო პალატის სხდომაზე ა. ს-ის საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ ა. ს-ისა და თ. ს-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
ქ. თბილისში, ..... მდებარე საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის 3/5 უნდა აღირიცხოს ა. ს-ის სახელზე, ხოლო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 2/5 საკუთრების უფლებით უნდა აღირიცხოს თ. ს-ის სახელზე.
თ. ს-ი თანახმაა, რომ მისი კუთვნილი სარდაფი, რომელიც მდებარეობს ა. ს-ის საცხოვრებელი სახლის ქვეშ, საკუთრების უფლებით აღირიცხოს ა. ს-ზე; ეს ნახევარსარდაფი 1996წ. 13 აგვისტოს გაცემული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ნახაზზე აღნიშნულია ნომრით 1 და 2. მისი საერთო ფართია 15,1 კვ.მ. შესაბამისად, იგი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ა. ს-ის სახელზე.
თ. ს-მა იკისრა ვალდებულება გადაუხადოს ა. ს-ს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ხარჯები, რაც შეადგენს 200 ლარს, იმ პირობით, რომ იგი სარდაფს დაცლის 5 თვის განმავლობაში. აღნიშნულ თანხას იგი გადაუხდის ა. ს-ს 2003წ. 4 ივნისამდე.
მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება, ასევე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ს-სა და თ. ს-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
ქ. თბილისში, ..... მდებარე საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 3/5 აღირიცხოს ა. ს-ის საკუთრებაში; ხოლო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 2/5 საკუთრების უფლებით აღირიცხოს თ. ს-ის სახელზე.
თ. ს-ის კუთვნილი სარდაფი, რომელიც მდებარეობს ა. ს-ის საცხოვრებელი სახლის ქვეშ, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1996წ. 13 აგვისტოს გაცემულ ნახაზში მითითებულია 1 და 2 ნომრად, საერთო ფართით 15,1 კვ.მ. საკუთრების უფლებით გადაეცეს ა. ს-ს, შესაბამისად, საჯარო რეესტრში სარდაფი აღირიცხოს ა. ს-ის საკუთრებაში.
თ. ს-მა უნდა გადაუხადოს ა. ს-ს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ხარჯები, რაც შეადგენს 200 ლარს, 2003წ. 4 ივნისამდე. ამასთან, თ. ს-მა უნდა გაათავისუფლოს სარდაფი 5 თვის განმავობაში.
მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება, ასევე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
ა. ს-ის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნახევრის, ე.ი. 40 ლარის გადახდა დაეკისროს თ. ს-ს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.