Facebook Twitter

¹3კ-1508-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ნ-ემ, გ. ხ-ემ, ლ. ტიტვინიძემ და სხვებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს “გ-ას” მიმართ 2001წ. 25 იანვრის შპს “გ-ას” პარტნიორთა კრების და კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად ცნობისა და შპს “გ-ას” 2001წ. 20 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების უკანონოდ და ბათილად ცნობის თაობაზე. 2001წ. 20 სექტემბერს სარჩელის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა შპს “გ-ას” წარმომადგენელი, დირექტორი ნ. ქ-ი, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნ. ქ-ი ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე 2001წ. 20 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი მისივე საჩივრის განხილვისას, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

შპს “გ-ამ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.

სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2002წ. 22 ოქტომბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც გაასაჩივრა შპს “გ-ას” დირექტორმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ საქმეში არ არის მის სახელზე გაგზავნილი უწყება, რომელზედაც მას ან მისი ოჯახის წევრს ჰქონდა ხელი მოწერილი. იმის გამო, რომ მას ბავშვი ჰყავდა ავად, მან ვერ შეძლო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება, თუმცა სასამართლოს უწყება მიღებული არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს უწყება მას მიღებული არ ჰქონდა, ადვოკატის სახელზე გააფორმა რწმუნებულება, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით არ იქნა მიღებული, რადგან მარწმუნებელი იყო ფიზიკური პირი ნ. ქ-ი, და არა _ შპს “გ-ას” დირექტორი ნ. ქ-ი.

სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინებით შპს “გ-ას” დირექტორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია სასამართლო უწყება, რომელსაც ნ. ქ-ი პირადად აწერს ხელს, ხოლო მტკიცება იმისა, რომ ნ. ქ-ს ბავშვი ჰყავდა ავად, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმის განხილვისას კი გამოცხადებული იყო ნ. ქ-ის, როგორც ფიზიკური პირის, წარმომადგენელი მ. ჭ-ე, რომელიც არ წარმოადგენდა შპს “გ-ას”. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო კოლეგიის მიერ არ იქნა დასაბუთებული, იურიდიულად ამართლებენ თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას, რითაც დაირღვა სსკ-ს 230-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზებისა და მისი ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სარჩელში მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ დაეყენებინა თავისი მოთხოვნები. საქმის გარემოებები არ მიანიშნებენ, რომ მოპასუხე თავს არიდებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, გადაედო საქმის განხილვა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სსკ-ს 233-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოუცხადებლობისათვის და არსებობდა 241-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და საქმე არსებითად უნდა განეხილა.

სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-ას” დირექტორმა. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტი, რომ თითქოს მას ჩაბარებული ჰქონდა სასამართლოს უწყება. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ უწყებაზე მისი ხელმოწერა არ იყო, თუმცა ამას სასამართლომ შეფასება არ მისცა;

სასამართლომ არ მისცა საშუალება მის წარმომადგენელს, შეეცვალა წარდგენილი რწმუნება, რაც შესაძლებელი იყო საქმის გადაუდებლად;

განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;

კასატორი მოითხოვს საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 229-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე გამოცხადდა ადვოკატი მ. ჭ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არის შპს “გ-ას” წარმომადგენელი. როგორც წარმოდგენილი რწმუნებიდან ირკვევა, მ. ჭ-ე არის ქ-ის და არა შპს “გ-ას” წარმომადგენელი.

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

უდავოა, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა ადვოკატი მ. ჭ-ე, რომელმაც წარმოადგინა შპს ,,გ-ას” დირექტორ ქ-ის მიერ მასზე გაფორმებული მინდობილობა. აღნიშნულით დასტურდება, რომ შპს ,,გ-ას” დირექტორმა მიიღო ზომები, რათა სხდომაზე გამოცხადებულიყო მისი წარმომადგენელი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა აპელანტის აშკარად გამოხატული ნება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც შესაძლოა მისი ან სხვათა უნებური შეცდომით, გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა ინტერესი, რომ დაიცვას თავი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო როგორც მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზების, ასევე _ მისი ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სარჩელში მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ დაეყენებინა თავისი მოთხოვნები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნდა სსკ-ს 241-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინება. 2002წ. 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.