გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1565-1139(კ-05) 24 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 31 მაისს ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა განყოფილების მიმართ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2005წ. 6 მაისის ¹120 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 25 წელზე მეტი მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილებაში არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში .... და ..... თანამდებობებზე, კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
შინაგან საქმეთა ორგანოებში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შს მინისტრის 2004წ. 29 დეკემბრის ¹671 ბრძანებულებით აჭარის ა/რ შს სამინისტროს პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაეკისრა დროებითი მოვალეობის შესრულება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2005წ. 6 მაისის ¹120 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 67-ე მუხლის «ვ» პუნქტისა და მე-12 მუხლის საფუძველზე.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანება იყო უკანონო, ვინაიდან არ გათვალისწინებულა მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა. კადრების განკარგულებაში აიყვანეს არასრულწლოვანთა განყოფილების სხვა თანამშრომლები, რომლებიც დაუყოვნებლივ დაასაქმეს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში, ხოლო მის სამუშაო ადგილზე მიღებულ იქნა სხვა პიროვნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2005წ. 6 მაისის ¹120 ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.'
2005წ. 14 ივლისს ნ. მ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატები არ გაუქმებულა, შეიქმნა სისხლის სამართლის სამძებროს არასრულწლოვანთა ინსპექცია, რომელიც დაექვემდებარა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ე 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში არასრულწლოვანთა საქმეების .....
შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 24 დეკემბრის ¹671 ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაეკისრა დროებითი მოვალეობის შესრულება. შემდგომში შს მინისტრის 30/XII 2004წ. ¹688 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც‚ ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა განყოფილებაში საშტატო ერთეულების რაოდენობა 143 ერთეულიდან 95-ერთეულამდე შემცირდა.
აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005წ. 28 იანვრის ¹8 პ/შ ბრძანებით დაიწყო ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების პირადი შემადგენლობის დანიშვნა ახალი სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესაბამისად.
აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005წ. 6 მაისის ¹120 პ/შ ბრძანებით ნ. მ-ე საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი. 2004წ. 29 დეკემბრიდან 2005წ. აპრილამდე _ დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარგში შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის «ვ» პუნქტით (შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო).
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2004წ. 10 ივლისიდან საშტატო ერთეული 225 ერთეულიდან შემცირდა 87 ერთეულამდე. რეორგანიზაციის გამო ამავე განყოფილებაში გაუქმდა არასრულწლოვანთა ინსპექციისა და უბნის ინსპექტორების სამსახურები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურის გავლის წესის შესახებ 1997წ. 17 მარტის ¹139 დებულების მე-12 მუხლის საფუძველზე შს ორგანოებში ორგანიზაციულ საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შ.ს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე თანამშრომელი 4 თვის მანძილზე ირიცხება კადრების განკარგულებაში. ნ. მ-ე 2004წ. 29 დეკემბრიდან 2005წ. აპრილამდე კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პერიოდში ვერ გადაწყდა ნ. მ-ის შრომითი მოწყობის საკითხი. გამომდინარე აქედან, ამავე დებულების 67-ე მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე აპელანტის შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო და ამავე დებულების მე-12 მუხლის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005წ. 6 მაისის ¹120 პ/შ ბრძანებით სწორად და კანონიერად იქნა დათხოვნილი სამუშაოდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ხელვაჩაურის შს განყოფილებაში გაუქმდა არასრულწლოვანთა საქმეების ...., ანუ ის სამსახური, რომელშიც ნ. მ-ე მუშაობდა. მოხდა შტატების შემცირება. არასრულწლოვანთა საქმეების .... ფუნქცია დაეკისრა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებას. შს სამინისტროსა და ხელვაჩაურის შს განყოფილების ხელმძღვანელობის მიერ სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში მუშაობის უპირატესი უფლება, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიენიჭათ უფრო ახალგაზრდა ოფიცრებს, მათ შორის, მამაკაცებს, რომლებიც განყოფილების ხელმძღვანელობის აზრით, უფრო იმსახურებდნენ იქ დანიშვნას.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი აღნიშნავდა, რომ 2005წ. 28 იანვარს ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექციის ოთხივე თანამშრომელი, რომლებთანაც ერთად იგი მუშაობდა, უკლებლივ დანიშნულ იქნენ არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორებად. უფროსი ინსპექტორის ადგილზე, სადაც იგი უნდა ყოფილიყო წარდგენილი, წარადგინეს სულ სხვა პირი, ვინმე ე. ს-ე.
კასატორი მიუთითებდა, რომ მისი გათავისუფლება შს ორგანოებიდან შტატების შემცირების მოტივით უსაფუძვლოა, რადგან ადრეც და დღესაც იმ ადგილზე არის 18 შტატი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აჭარის შს მთავარი სამმართველოს 2005წ. 28 იანვრის ¹8 და 2005წ. 6 მაისის ¹120 ბრძანებების, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და მის ადგილზე ე. ს-ის დანიშვნის თაობაზე, არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 6 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა უნდა შემოწმებულიყო 2006წ. 1 მარტამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მითითებული მუხლების საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი ნ. მ-ე 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში არასრულწლოვანთა საქმეების .....
შინაგან საქმეთა მინისტრის 24.12.04წ. ¹671 ბრძანების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაეკისრა დროებითი მოვალეობის შესრულება.
შს მინისტრის 30.12.04წ. ¹688 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც ხელვაჩაურის შს განყოფილებაში საშტატო ერთეულების რაოდენობა 143 ერთეულიდან შემცირდა 95 ერთეულამდე.
აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2005წ. 6 მაისის ¹120 პ/შ ბრძანებით ნ. მ-ე 2004წ. 29 დეკემბრიდან 2005წ. აპრილამდე საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი _ დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის «ვ» პუნქტით.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებისა და კასაციის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია და არ ემყარება სააქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის შ.ს. განყოფილების რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა არასრულწლოვანთა ინსპექცია, სადაც კასატორი მუშაობდა. ამავე განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის ფუნქცია დაეკისრა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებას. სწორედ წარმოდგენილ გარემოებას ეფუძნება კასატორის პრეტენზია, რაზე დაყრდნობითაც კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მისი გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან განყოფილებაში მოხდა რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არასრულწლოვანთა ინსპექციის საშტატო რიცხოვნობა უცვლელად გადავიდა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში და მისი ფუნქციებიც დაეკისრა ამ უკანასკნელს.
ზემოაღნიშნული გარემოების გაზიარების შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების თაობაზე და განმარტავს: შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება არ გამორიცხავს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით განსაზღვრულ ნორმათა გამოყენებას და თვლის, რომ დებულების ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 4 თვის ვადაში შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტას მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში, არ ქმნის პირის შს ორგანოებიდან დათხოვნის უპირობო საფუძველს და ადმინისტრაციას არ ათავისუფლებს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვისაგან.
საკასაციო სასამართლო თვლის, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, მოხდა თუ არა არასრულწლოვანთა ინსპექციის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, თუ სახეზე იყო ინსპექციის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის ფუნქციონალური დატვირთვა, უცვლელი საშტატო რიცხოვნობით გადავიდა სამძებრო განყოფილებაში. რაც, თავის მხრივ, სასამართლოს ავალდებულებს, საკითხი გადაწყვიტოს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-გამოკვლევის პროცესუალურ უფლებამოსილებას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე შემდგომი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.