Facebook Twitter

¹3კ-1509-02 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი: ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1993წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-სა და ვ. ჯ-ეს შორის შეწყდა ქორწინება, ხოლო სარჩელი ქონების გაყოფის ნაწილში ღიად დარჩა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა საზედამხედველო წესით, რის შედეგადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 14 მარტის ¹265 დადგენილებით ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა სიტყვები: “ქონების გაყოფის ნაწილში სარჩელი დარჩეს ღიად” და მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. და მ. ჯ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ჩ-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 746 აშშ დოლარისა და 149 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1995წ. 21 ნოემბრის ¹468 განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 14 მარტის დადგენილებით ხსენებული გადაწყვეტილება და განჩინება (გ. ჩ-თან ავტომანქანის გაყოფის შესახებ ნ. და მ. ჯ-ეების სარჩელისა გამო) გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა.

გ. ჩ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე. ამავე სასამართლოს 1997წ. 30 აპრილის განჩინებით გ. ჩ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნ. და მ. ჯ-ეებს დაეკისრათ 746 აშშ დოლარისა და 146 ლარის გადახდა.

მ. ჯ-ემ 2002წ. ივლისში განცხადებით მიმართა სასამართლოს საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 აპრილის განჩინების სსკ-ს 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ბათილად ცნობის თაობაზე. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 მაისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება განახლდა, აგრეთვე გაუქმდა საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 13 აპრილის სააღსრულებო ფურცელი. გ. ჩ-მა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა 746 აშშ დოლარის, 146 ლარისა და ზიანის ანაზღაურებისათვის 37 აშშ დოლარის 1%-ის დაკისრება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ. ჩ-ის სასარგებლოდ ნ. და მ. ჯ-ეებს დაეკისრათ 746 აშშ დოლარის, სასამართლო ხარჯების, 146 ლარის, 37 აშშ დოლარისა და ზიანისათვის 358 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და მ. ჯ-ეებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებისათვის 358 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და გ. ჩ-ს ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგი საფუძვლებით: 2001წ. 18 მაისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ბათილად იქნა რა ცნობილი ამავე სასამართლოს 1997წ. 30 აპრილის განჩინება აღსრულების შებრუნების თაობაზე, გ. ჩ-მა დავის საფუძველი შეცვალა იმის გამო, რომ სსკ-ს არ ითვალისწინებს აღსრულების შებრუნებას და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად მოპასუხეებისაგან აღნიშნული თანხის დაბრუნება მოითხოვა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ს, სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად აპელანტებისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნება შეეძლო მოეთხოვა, რადგან 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება, რომელიც შესრულდა, მის მიმართ აღარ არსებობს. იგი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 16 მარტის დადგენილებით. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა აპელანტთა მოსაზრება, რომ ქონების და ავტომანქანის გაყოფის თაობაზე მხარეთა შორის დავაზე საქმის წარმოება შეწყვეტილია.

ნ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 14 მარტის დადგენილებით ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს საკასაციო კოლეგიის 1995წ. 21 ნოემბრის განჩინება ნ. და მ. ჯ-ეების სარჩელის გამო მოპასუხე ჩ-ის მიმართ ავტომანქანის გაყოფის თაობაზე გაუქმებულია და შეწყვეტილია. აღნიშნული უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო პალატას და საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე წარმოებით უნდა შეეწყვიტა. მოდავე მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა ახალი სკ-ს მიღებამდე და სასამართლოს სკ-ს 976-ე და 981-ე მუხლები არ უნდა გამოეყენებინა. უსაფუძვლო გამდიდრების ცნებიდან გამომდინარე მხარეთა შორის ურთიერთობაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები არ შეიძლება გავრცელებულიყო. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ის გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორთა სასარგებლოდ გ. ჩ-ს დაეკისრა 746 აშშ დოლარის გადახდა, 1996წ. 15 იანვარს უკვე აღსრულდა. იმ დროს მოქმედი სკ-ს 75-ე მუხლით და ასევე ახალი სამოქალაქო კოდექსით იმპერატიულად დადგენილია ხანდაზმულობის ვადები. გ. ჩ-ს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მისთვის უარი უნდა ეთქვათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ასეთი სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, ხოლო საქმის მასალებით და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია შემდეგი:

საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ჩ-მა ნ. და მ. ჯ-ეებს გადაუხადა 746 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ზემოხსენებული გადაწყვეტილება გაუქმდა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 14 მარტის დადგენილებით, საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 აპრილის განჩინებით დადგინდა ამავე სასამართლოს 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება, რაც გამოიხატა გ. ჩ-ის სასარგებლოდ მ. და ნ. ჯ-ეებისათვის 746 აშშ დოლარის, სასამართლო ხარჯების _ 146 ლარისა და 37 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაში.

ასევე დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 მაისის განჩინებით მ. ჯ-ის განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 აპრილის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს, კერძოდ, გ. ჩ-მა შეასრულა რა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა, რაც შემდგომში გაუქმებულ იქნა იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან სავსებით კანონიერად მოითხოვა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება სკ-ს 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე. აღნიშნული ნორმით დაწესებულია, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს. გ. ჩ-ის ვალდებულების საფუძველი – სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმებულია, რის გამოც მისი მოთხოვნა კანონიერია.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 14 მარტის დადგენილებით მხარეთა შორის დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები გაუქმებულია და საქმის წარმოება შეწყვეტილია, რის გამოც სააპელაციო პალატას იმავე მხარეებს შორის იგივე დავა არ უნდა განეხილა. მითითებული დადგენილებით შეწყდა საქმის წარმოება ნ. და მ. ჯ-ეების სარჩელისა გამო გ. ჩ-ის მიმართ ავტომანქანის გაყოფის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ჩ-ის სარჩელი ნ. და მ. ჯ-ეების მიმართ ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის თაობაზე.

ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე. კასატორის ეს არგუმენტი დაუსაბუთებელია და ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება, ვინაიდან გ. ჩ-მა 1996წ. 15 იანვარს აღასრულა საბურთალოს რაიონის 1995წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 14 მარტის განჩინებით გაუქმდა. შემდგომში გ. ჩ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს აღსრულების შებრუნების თაობაზე, რაც საბურთალოს რაიონის 1997წ. 30 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით კანონის დარღვევის გარეშე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.