Facebook Twitter

¹ 3კ-1510-02 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ნივთების დაბრუნება და ვალის გადახდისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ბ.-ს საკუთრებას წარმოადგენს ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ი. ბ.-ს მეუღლე ს. ჭ.-ის მეანაბრე იყო ე. დ.-ე, რომელსაც შეტანილი ჰქონდა 20000 აშშ დოლარი; ვინაიდან ს. ჭ.-ის ფირმას ფინანსური სირთულეები შეექმნა, მეუღლეებმა ე. დ.-ს მისცეს სახლის გასაღები, რათა იქ გაეხსნა მაღაზია და აენაზღაურებინა ზიანი. ე. დ.-მ კი მაღაზიის გახსნის ნაცვლად ამ ბინაში შეუშვა ს. ხ.-ში. ს. ხ.-ში არ ათავისუფლებს ბინას, იგი მესაკუთრეს არ უბრუნებს კუთვნილ ნივთებსაც. ი. ბ.-ს წარმომადგენელმა ნ. ს.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. დ.-ის და ს. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა ბინიდან გამოსახლება, კუთვნილი ნივთების დაბრუნება და ე. დ.-ისათვის მისაცემი თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, რადგან იგი ოთხი წელია შემოსავალს იღებს მისი ბინიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ბ.-ს სარჩელი ს. ხ.-შის ბინიდან გამოსახლების და ნივთების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ.-მ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 28 თებერვალს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი. ბ.-ს გამოუცხადებლობის გამო. ამ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ი. ბ.-ს ეცნობა სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მან კი სასამართლოს აცნობა, რომ ვერ ჩამოვა პროცესზე ეკონომიკური სიძნელეების გამო და მოითხოვა საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე.

ი. ბ.-მ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ ი. ბ.-ს საჩივრის განხილვა დანიშნა 2002წ. 30 სექტემბერს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ.-ს საჩივარი გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად იქნა დატოვებული იმავე პალატის 2002წ. 28 თებერვლის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ი. ბ.-ს საჩივრის განხილვა იმავე პალატის 2002წ. 28 თებერვლის დაუსწრებელ გადაწვეტილებაზე დანიშნული იყო 2002წ. 30 სექტემბერს 14 საათზე. სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა ი. ბ.-ა, რომელსაც უწყება ჩაბრდა სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მან აცნობა პალატას, რომ ეკონომიკური სიძნელის გამო ვერ ჩამოვიდოდა და მოითხოვა მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომის ჩატარება. მოწინააღმდეგე მხარემ ს. ხ.-მ და ე. დ.-მ კი იშუამდგომლეს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

ი. ბ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი სასამართლო სხდომებს ვერ ესწრება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამავე მიზეზით ვერ აიყვანა ადვოკატი. სასამართლომ დაარღვია ასევე სსკ-ს 394-ე მუხლის მოთხოვნა და ორივე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლოს ერთი და იმავე შემადგენლობამ. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ე. დ.-მ არ წარმოადგინა წერილობითი ხელშეკრულება სესხის შესახებ. ე. დ.-ს არ ჰქონდა უფლება მისი მინდობილობის გარეშე გაექირავებინა კასატორის საცხოვრებელი სახლი, სახლის გაქირავება მოხდა სანოტარო წესით დადასტურებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატამ ი. ბ.-ს საჩივრის – ამავე პალატის 2002წ. 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ – განხილვა დანიშნა 2002წ. 30 სექტემბერს. ი. ბ.-ა საქმის განხილვის დროისათვის იმყოფება რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, ქ. ბელგოროდში. მას ზემოხსენებულ მისამართზე გაეგზავნა დეპეშა 2002წ. 30 სექტემბრის სასამართლო სხდომის შესახებ. იგი არ გამოცხადდა დათქმულ დროს სასამართლო პროცესზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მითითებებს იმის შესახებ, რომ ი.ბ.-ს ეცნობა 2002წ. 30 სექტემბრის სხდომის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. ამ უკანასკნელმა კი აცნობა პალატას, რომ ეკონომიკური სიძნელეების გამო არ ჩამოვა და ითხოვა მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომის ჩატარება. ე. ბ.-ს აღნიშნული ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილია პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე ე.ბ.-ს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის გამოგზავნილი ასეთი შინაარსის პასუხი; ასევე არ არის წარმოდგენილი ე.ბ.-სათვის 2002წ. 30 სექტემბრის სხდომის შესახებ სასამართლო უწყების ჩაბარების პასუხი, რითაც დარღვეულია სსკ-ს 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ე.ბ.-სათვის სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის სხდომის შესახებ არ ყოფილა ცნობილი სსკ-ით გათვალისწინებული წესების დაცვით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი. ბ.-ს საკასაციო საჩივარი. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.