Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-286 11 თებერვალი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

ნ.კვანტალიანი

დავის საგანი: იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. პ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1996წ. 14 აგვისტოს მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგი უკანონოდ გაათავისუფლა მოსკოვში საქართველოს საელჩოს საკონსულოს სამმართველოს ...ის თანამდებობიდან. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით იგი აღადგინეს სამუშაოზე. მისი სამუშაოზე აღდგენის ბრძანება მოპასუხემ დაწერა მხოლოდ 1999წ. 9 აგვისტოს, რითაც დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის მოთხოვნა. ამდენად, მას უნდა მიეცეს კუთვნილი ხელფასი სამუშაოზე აღდგენის დღემდე და აღდგენის დღიდან, 1999წ. 10 თებერვლიდან 9 აგვისტომდე, სულ _ 46800 აშშ დოლარი.

1999წ. 31 აგვისტოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოცხადდა. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ა. პ-ის სასარგებლოდ გადახდა სამუშაოზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის იძულებით გაცდენილი ხელფასი _ 45595,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს წარმომადგენელი სამართლებრივ საკითხებში იმყოფებოდა შვებულებაში და ამდენად, სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლოში გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული მიზეზი არ მიიჩნია საპატიოდ და 1999წ. 23 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე 16 დეკემბრის განჩინება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 45595,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გაითვალისწინა სამინისტროს მიერ კანონის თანახმად დასაბუთებული გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით საქმეზე შეჩერდა საკასაციო წარმოება ა. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამთავრებამდე. პალატამ მიიჩნია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ა. პ-ის ბრალდებით, რომლის შედეგსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს მოცემული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის განჩინებით ა. პ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა განახლდა, რადგან აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების შეჩერებას _ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 აგვისტოს განაჩენით პ-ი ცნობილ იქნა გამართლებულად და განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტარციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად, იგი არის ადმინისტრაციული ორგანო.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი არის ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, გადაუხადოს მოსარჩელის იძულებითი განაცდური, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გაადწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპრცოესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.