Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-306-03 1 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისში ... მდებარე სახლის მესაკუთრეა ვ. მ-ე.

მ. მ-ე 1974 წელს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ვ. მ-ის ვაჟიშვილ ბ. მ-ესთან. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ხ. მ-ე და ნ. მ-ე.

ოჯახური უსიამოვნების გამო მ. მ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ბინაში შესახლების და იზოლირებულად ფართის გამოყოფის შესახებ.

ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სასამართლოს 1985წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. მ-ის სარგებლობის უფლებით გამოეყო 25,31 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი და 10,50 კვ.მ. დამხმარე სათავსი, ღია აივანი, ტუალეტი და სამზარეულო დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში.

მ. და ბ. მ-ეებს შორის ქორწინება შეწყდა 1989წ. 22 აპრილს.

2000წ. ნოემბერში ვ. მ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მ. მ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ. მ-ე შვილებთან ერთად ცნობილ იქნა ბინის ფართზე უფლებადაკარგულად და ბინა დაუბრუნდა მოსარჩელეს.

მ., ხ. და ნ. მ-ეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. მ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილებულ იქნა ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა მ., ნ. და ხ. მ-ეების სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე.

ვ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეები ამ ბინაში 18 წელია აღარ ცხოვრობენ და არ ეთანხმებიან მის წინადადებას ფართის ერთობლივად გამოყენების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხეები არიან მართლზომიერი მფლობელები, რომლებიც შექმნილი სიტუაციის გამო დროებით ცხოვრობენ სხვაგან და რომ მათ არ დაუთმიათ ბინის მფლობელობა.

სკ-ს 168-ე მუხლის თანახმად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები აგრესიულად არიან განწყობილნი, იმუქრებიან ანგარიშსწორებით და მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შეუძლებელია.

სასამართლომ უარყო კონფლიქტური ურთიერთობის არსებობის ფაქტი, მაშინ, როდესაც თვით მოპასუხეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ სადავო ბინაში სისტემატურად ვერ ცხოვრობდნენ მხარეებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობის გამო.

სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა დადასტურებულად ის გარემოება, რომ მესაკუთრეს ესაჭიროება მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი.

სააპელაციო პალატის 2001წ. 15 ნოემბრის სხდომაზე ვ. მ-ემ განაცხადა, რომ მ. მ-ეს შესთავაზა სადავო ფართის გამონთავისუფლება და გაყიდვა. სანაცვლოდ მოპასუხეებმა მოითხოვეს მოკლე ვადაში 6000 აშშ დოლარის გადახდა.

2002წ. 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ვ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მა განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა მოპასუხეებს თავის დროზე სამაგიერო ბინის შესაძენად შესთავაზა 2000 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მოპასუხეებმა მოითხოვეს 4000 აშშ დოლარი, რისი საშუალებაც მოსარჩელეს არ გააჩნდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მეორე ინსტანციის სასამართლოში მხარეებს შორის დავის მორიგებით გადაწყვეტის შესაძლებლობა.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნა შემდგომში გაქირავების მიზნით წარმოადგენს მესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენებას და მოპასუხეებისათვის ზიანის მიყენების მცდელობას.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. კერძოდ, სკ-ს 170-ე მუხლის მეორე ნაწილი.

სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, რის გამო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.