Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-307-03 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. დ-მ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მის სასარგებლოდ მოითხოვა “... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციისათვის 330 აშშ დოლარის დაკისრება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2001წ. 19 მაისს მხარეებს შორის დაიდო სიტყვიერი ხელშეკრულება ბინის ქირავნობის შესახებ; მოპასუხემ თვეში 100 აშშ დოლარის საფასურად იქირავა ნ. დ-ს ბინა. ნ. დ-მ განმარტა, რომ “... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალურმა ორგანიზაციამ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება, ფაქტობრივად ბინა ისე დატოვა, რომ გადასახდელი დარჩა ბინის ქირა _ 250 აშშ დოლარი. ვინაიდან ბინა არ იქნა გამონთავისუფლებული, განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოსათვის მიმართვის დრომდე ქირის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 სექტემბერს მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც ნ. დ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და “... ასოციაციის” ქ. ზუგდიდის რეგიონალურ ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაეკისრა 330 აშშ დოლარის გადახდა.

“... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ დ. ს-მ შესაგებელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა გადახდის ბრძანების გაუქმება, საქმის სასარჩელო წესით განხილვა და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა. კერძოდ, შესაგებელის ავტორმა მიუთითა, რომ ნ. დ-სთან ხელშეკრულება გააფორმა პირმა მათი ორგანიზაციის სახელით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის განთავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, დ. ს-მ მიიჩნია, რომ სათანადო მოპასუხე სწორედ ის პირი იყო.

ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების საერთო წესით. ზეპირი განხილვა დაინიშნა 2001წ. 29 ნოემბერს. მხარეები გააფრთხილეს სათანადო წესით.

ნ. დ-მ 2001წ. 10 ოქტომბერს წერილობითი განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც შეცვალა დავის საგანი და სკ-ს 407-ე, 414-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის 830 აშშ დოლარის დაკისრება, ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

2001წ. 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მთლიანად დაკმაყოფილდა ნ. დ-ს სარჩელი.

“... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალურმა ორგანიზაციამ გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის ხელახალი განხილვა დაინიშნა 2002წ. 12 თებერვალს 10 საათზე. საქმის განხილვა მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო რამდენჯერმე. საბოლოოდ, ქ. ფოთის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 2 აპრილს მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც “... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალურ ორგანიზაცას ნ. დ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 830 აშშ დოლარის გადახდა და მოსარჩელისათვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

“... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა დ. ს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 სექტმბრის გადახდის ბრძანების, 2001წ. 29 ნოემბრის, 2002წ. 2 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2002წ. 2 აპრილის ფოთის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება: 1. სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში სიტყვა “ზუგდიდის” შეიცვალა სიტყვით “სამეგრელოს”. 2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა მე-6 პუნქტი: “გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 სექტემბრის გადახდის ბრძანება”. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 28 მარტის ¹2-16 ცნობა იმის შესახებ, რომ დ. ს- 2 აპრილს მონაწილეობს ყ-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვაში არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მითითებულ დღეს. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ გარემოებას ადგილიც რომ ჰქონოდა, ის მაინც ვერ ჩაითვლებოდა საპატიოდ. საქმის განხილვა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო არაერთხელ გადაიდო. “... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალურ ორგანიზაციას სათანადო რწმუნებულებით უნდა გაეგზავნა სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენელი.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. “ ... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა დ. ს-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ს 233-ე და 241-ე მუხლების დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მათი წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს სხდომაზე იმყოფებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

დადგენილია, რომ 2001წ. 29 ნოემბერს ,,... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო ქ. ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხემ შეიტანა საჩივარი, რომელიც მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა 2002წ. 12 თებერვალს. 2002წ. 12 თებერვალს, 26 თებერვალს და 2 აპრილს სასამართლოს მიერ დანიშნულ პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი. 2 აპრილს ქ. ფოთის სასამართლომ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ასოციაციას დეპეშა ჩაბარდა 26 მარტს, ანუ მოპასუხემ 26 მარტს იცოდა, თუ როდის იყო დანიშნული სასამართლო სხდომა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 28 მარტს გაცემული ცნობა დ. ს-ს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან დ. ს- 2 აპრილამდე ვალდებული იყო, აღნიშნული ცნობა წარედგინა სასამართლოში. ამასთან, მოპასუხე ვალდებული იყო, სასამართლოში საქმის განხილვის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ მაინც უზრუნველეყო მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადება.

“... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალურმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო წარმოედგინა სსკ-ს 234-ე და 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“... ასოციაციის” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.