Facebook Twitter

308-03 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

კასატორის თხოვნა: ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს აუქციონის შედეგების გაუქმება.

შეგებებული სარჩელის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 4 დეკემბერს ა. ტ-მა ა. ქ-ის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ ა. ქ-მა 1999წ. 20 ოქტომბერს მისგან 1999წ. 31 ოქტომბრამდე სესხად აიღო 10000 ლარი. 2 თვის ვადაში სესხი მთლიანად უნდა დაფარულიყო ქ-ის პირადი ქონებიდან.

განმცხადებელმა მოითხოვა გადახდის ბრძანებით მოვალისათვის 10000 ლარის დაკისრება და მოვალის ბინაზე ყადაღის დადება.

2000წ. 11 დეკემბერს გადახდის ბრძანებით ა. ქ-ს დაეკისრა 10000 ლარის გადახდა. ბინას დაედო ყადაღა.

გადახდის ბრძანება ა. ქ-ს ჩაბარდა 2000წ. 21 დეკემბერს.

2001წ. 12 აპრილს ა. ქ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადის აღდგენა. 2001წ. 11 მაისის განჩინებით გადახდის ბრძანების გაპროტესტების საპროცესო ვადის აღდგენაზე ა. ქ-ს უარი ეთქვა.

მითითებულ განჩინებაზე 2001წ. 14 აგვისტოს ა. ქ-მა წარადგინა კერძო საჩივარი. კერძოდ საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2001წ. 11 მაისის განჩინების გაუქმება და გასაჩივრების ვადის აღდგენა.

2001წ. 7 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გადახდის ბრძანებაზე საპრეტენზიო ვადის გაშვება ჩაითვალა საპატიოდ, მიღებულ იქნა შესაგებელი დ დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის განხილვა დადგინდა საერთო სასარჩელო წესით. ამასთან, გაუქმდა 2000წ. 11 დეკემბრის ბრძანება და სააღსრულებო ფურცელი.

2001წ. 14 სექტემბერს ა. ქ-მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვა 2001წ. 3 აპრილის აუქციონის ბათილად ცნობა, რომლითაც მისი ბინა იძულებითი აუქციონის წესით გადაეცა ა. ტ-ს.

2001წ. 8 ოქტომბერს ა. ქ-მა შეიტანა შეგებებული სარჩელი. მან მოითხოვა მოპასუხის შეცლა სათანადო მოპასუხით. 1999წ. 20 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების 2.3 ქვეპუნქტის ბოლო წინადადების ბათილად ცნობა და 2001წ. 3 აპრილის აუქციონის შედეგების გაუქმება.

2001წ. 15 ოქტომბერს მ. რ-ემ ა. ქ-ის წინააღმდეგ შეიტანა დამოუკიდებელი სარჩელი და მოითხოვა 2000წ. 8 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გასესხებული 2000 აშშ დოლარის დაბრუნება.

2002წ. 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ტ-ის და მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაკმაყოფილდა ა. ქ-ის შეგებებული სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 20 ოქტომბრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტი.

აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელის ავტორის თხოვნით გამოეყო ცალკე წარმოებად.

2002წ. 15 ივლისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის და მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ა. ქ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილში კონკრეტულად არ არის მითითებული, რა გადაწყდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით.

საქალაქო საამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ტ-ისგან 10000, ხოლო რ-ისაგან 2000 ლარი ისესხა არა ა. ქ-მა, არამედ ქუთაისის ფარმაცევტულმა ბაზამ, რომლის წილის 100% მფლობელია სახელმწიფო. ამასთან, ვალი უკვე გასტუმრებული იყო და მათ ქ-ის მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნდათ.

საქალაქო სასმართლომ ასევე მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ვალის დაბრუნებას პირადი ქონებიდან კისრულობდა ქ-ი, ბათილი იყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ტ-ის და მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 7 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გადახდის ბრძანების გაპროტესტების ვადა აღდგენილი იქნა, მიღებულ იქნა შესაგებელი და დაიწყო საერთო სასარჩელო წესით საქმის განხილვა. ასევე გაუქმდა 2000წ. 11 დეკემბრის გადახდის ბრძანება, სააღსრულებო ფურცელი და აღნიშნული განჩინების შემდგომი ყველა სასამართლო გადაწყვეტილება.

უცვლელად იქნა დატოვებული 2001წ. 11 მაისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 4 დეკემბერს მოახდინა 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორება და ამ განჩინებით 2002წ. 11 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში წინადადება: “ასევე გაუმდეს 2000წ. 11 დეკემბრის გადახდის ბრძანება და სააღსრულებო ფურცელი” _ ამოღებულ იქნა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოაყალიბა შემდეგი რედაქციით: “გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 7 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გადახდის ბრძანების გაპროტესტების ვადა აღდგენილ იქნა, მიღებულ იქნა შესაგებელი და დაიწყო საერთო სასარჩელო წესით საქმის განხილვა, გაუქმდეს აღნიშნული განჩინების შემდგომი ყველა სასამართლო გადაწყვეტილება”.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია კერძო საჩივრის ძირითად მოთხოვნაზე _ 2001წ. 11 მაისის განჩინების გაუქმებაზე და აშკარად გასცდა საჩივრის მოთხოვნას, როცა გააუქმა სააღსრულებო ფურცელი. ამით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნები, მხარეებს დაუკმაყოფილა ის, რაც მას არ უთხოვია.

საქალაქო სასამართლომ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დაარღვია სსკ-ს 66-ე მუხლის მოთხოვნებიც: თუ სასამართლო ცნობდა, რომ გადახდის ბრძანების გაპროტესტების ვადა გასული იყო, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ ვადის აღდგენის შესახებ საკითხი და განცხადების დასაშვებობა. ამ საკითხის გადასაწყვეტად ქ-ს უნდა შეეტანა შესაგებელი, რაც მის მიერ არ წარდგენილა, რითაც დაირღვა სსკ-ს 307-ე მუხლი.

მას მიაჩნია, რომ გადახდის ბრძანების გაპროტესტების გაშვებული ვადის აღდგენა მოხდა არასაპატიო მიზეზით. გადახდის ბრძანების გაპროტესტება კასატორს შეეძლო 2000წ. 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ _ 2001წ. 18 მარტიდან 12 აპრილამდე.

სააპელაციო სასამართლომ ა. ქ-ის შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების დროს დაარღვია სსკ-ს 178-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების მოთხოვნები, კანონის მოთხოვნათა დაცვით არ მიუთითა მოპასუხის მონაცემები.

საქალაქო სასამართლოს არც შეგებებული სარჩელი და არც რ-ის სარჩელი არ მიუღია წარმოებაში სსკ-ს 183-ე და 188-ე მუხლების დაცვით. ამასთან, საქალაქო სასამართლომ 2002წ. 19 ივლისს მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

2002წ. 27 დეკემბერს ა. ქ-მა საკასაციო საჩივრით მიმართაAსაქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 3 აპრილის აუქციონის შედეგების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა გადახდის ბრძანების გაპროტესტების გაშვებული ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი.

კასატორმა მიუთითა, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია 2002წ. 11 მაისის განჩინების გაუქმებაზე, მაშინ, როცა 2001წ. 7 სექტემბრის განჩინებაში პირდაპირაა მითითებული, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ეს განჩინება და განჩინების სარეზოლუციო ნაწილშიც მითითებულია 2001წ. 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე. აქედან გამომდინარე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ თითქოს ძალაში დარჩა 2001წ. 11 მაისის განჩინება თავისი შედეგებით.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საგადასახო ინსპექციის 2000წ. 5 დეკემბრის და კონტროლის პალატის 2000წ. 20 დეკემბრის აქტი იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ ბაზას 20 ოქტომბერს სესხის სახით მიღებული ჰქონდა 88000 ლარი და არა 10000 ლარი, რომელიც დაბრუნებული იყო საწარმოს სალაროდან 1999წ. ნოემბერში. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ, სესხის დაბრუნების დოკუმენტებზე. სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ სესხი იურიდიული პირის სესხად ჩაეთვალა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საწინააღმდეგოდ იურიდიული პირის დირექტორის მიერ, იურიდიული პირის სასარგებლოდ აღებული სესხი უკანონოდ კერძო პირის გადასახდელად მიიჩნია და უკანონოდ დატოვა უცვლელად გადახდის ბრძანება ამ ვალის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ დაყრდნობია არცერთ მატერიალურ ნორმას.

სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ამ შინაარსის აქტი მიეღო განჩინების ფორმით, ვინაიდან მან ფაქტობრივად გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

2001წ. 11 მაისის განჩინების უცვლელად დატოვებით უპასუხოდ დარჩა მ. რ-ის და ა. ტ-ის სარჩელები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთ განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მხარეებს შორის 1999წ. 20 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მოვალე არის ფარმაცევტული ბაზა შპს “ი-ი”, რომლის წილის 100%-ის მესაკუთრე სახელმწიფოა; მისმა დირექტორმა ა. ქ-მა ამ ხელშეკრულების საფუძველზე 10000 ლარი ისესხა ა. ტ-ისაგან ბაზის სახელით ბაზის ინტერესებისათვის; ამავე ხელშეკრულებით ფარმაცევტული ბაზა გახდა პასუხისმგებელი ვალის დაბრუნებაზე; ხელშეკრულებაშივე მიეთითა, რომ ვალის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტა მოხდებოდა სასამართლოს წესით ბაზის დირექტორ ქ-ის პირადი ქონებიდან, მაგრამ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორად გვევლინება ა. ტ-ი, მოვალედ – შპს “ი-ი” ხოლო ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას პირადი ქონებით კისრულობდა ა. ქ-ი.

ასეთ ვითარებაში გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე განცახდების წარმოებაში მიღების დროს სასამართლოს უნდა გაერკვია, ხელშეკრულების შესაბამისად ა. ქ-ი ხომ არ იყო თავდები.

სკ-ს 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორსის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

მოცემულ შემთხვევაში ქ-ი, როგორც ბაზის დირექტორი, ამ ხელშეკრულების მიხედვით წარმოადგენდა საზოგადოებას, რომელმაც სასესხო ხელშეკრულება დადო საზოგადოების ინტერესებისათვის, სასამართლოს უნდა გამოერკვია როცა ა. ქ-ი პირადად თავისი ქონებით კისრულობდა პასუხისმგებლობას საზოგადოების მიერ ვალდებულების შესრულების დაგვიანებისათვის, წარმოადგენდა თუ არა თავდებს. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ა. ქ-ი, როგორც ფიზიკური პირი, ამ ხელშეკრულებით თავდები იყო, მაშინ უნდა გადაეწყვიტა, სწორად იყო მოთხოვნა წამოყენებული თუ არა, ვინაიდან სკ-ს 894-ე მუხლის შესაბამისად თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

ამ ნორმის შესაბამისად ა. ქ-ს, როგორც კერძო პირს, უფლება ექნებოდა, უარი ეთქვა კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე იგი არ შეეცდებოდა ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით კრედიტორს ძირითადი მოვალისათვის იძულებითი აღსრულების შესახებ არ მიუმართავს.

სსკ-ს 303-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად განცხადება დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ უნდა შეიცავდეს წამოყენებული პრეტენზიის დასაბუთებას, ანუ განცხადებაში მითითებული უნდა ყოფილიყო მოვალისადმი იძულებითი აღსრულების მიმართვის გარეშე, რატომ უნდა აენაზღაურებინა ა. ქ-ს, როგორც ფიზიკურ პირს, განცხადებით მოთხოვნილი თანხები.

სსკ-ს 305-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო თავისი განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე, თუ განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის საფუძველი (303-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი) ვერ ასაბუთებს ამ მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მიერ ა. ქ-ისათვის, როგორც კერძო პირისათვის, ვალის გადახდის მოთხოვნის განცხადების შესაბამისად სასამართლოს მიერ გადახდის ბრძანების მიღება მანამ, სანამ არ გაირკვეოდა ზემოთ მითითებული საკითხები, არამართებული იყო. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადახდის ბრძანება გამოტანილი აქვს მას შემდეგ, როცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალი შპს “ი-მა” 1999 წელსვე დაუბრუნა კრედიტორ ა. ტ-ს. ეს გარემოება დადასტურებულია 2000წ. 5 დეკემბრის თარიღით შედგენილ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მთავარი საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილი აქტით.

ამრიგად, გადახდის ბრძანება სასამართლოს გამოტანილი აქვს იმ სავალო დოკუმენტებზე, რომელიც ბრძანების გამოტანის დროს უკვე გადახდილი იყო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქალაქო სასამართლოს მიერ გადახდის ბრძანების უცვლელად დატოვების შესახებ, სწორია ვინაიდან მოპასუხე ა. ქ-ს გადახდის ბრძანების გაპროტესტების ვადა გაშვებული აქვს და არც არსებობს საფუძველი გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა.

უდავოდ დადგენილია, რომ გადახდის ბრძანება ა. ქ-ს ჩაბარდა 2000წ. 21 დეკემბერს. მართალია, 2000წ. 27 დეკემბრიდან ა. ქ-ი შრომის უუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა, მაგრამ 2001წ. 18 მარტს დაიხურა შრომის უუნარობის ფურცელი.

ა. ქ-მა გადახდის ბრძანების გაპროტესტების გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2001 წ. 12 აპრილს, ანუ შრომის უუნარობის ფურცლის დახურვიდან 25-ე დღეს. ა. ქ-ს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არავითარი მტკიცება იმისა, რომ 2001წ. 18 მარტიდან 2001წ. 12 აპრილამდე განვლილი პერიოდი საპატიოდ ჩაეთვალოს.

სსკ-ს 307-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს შეუძლია არ ცნოს გადახდის ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეიტანოს მის წინააღმდეგ მოტივერებული შესაგებელი (პროტესტი) სასამართლოში, რომელმაც მიიღო ეს ბრძანება გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. მოპასუხეს შეუძლია გააპროტესტოს გადახდის ბრძანება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაპროტესტების ვადის გასვლას სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს.

მოცემულ შემთხვევაში გადახდის ბრძანების გაპროტესტების 10 დღიანი ვადის გაშვება სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია საპატიოდ, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება გაპროტესტების გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შესახებ.

სსკ-ს 309-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ განმცხადებელი სასამართლოში დროულად არ შეიტანს შესაგებელს გადახდის შესახებ მიღებული ბრძანების წინააღმდეგ, სასამართლო მიიღებს სააღსრულებო განკარგულებას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ გადახდის ბრძანებაზე დროულად არ წარადგინა რა შესაგებელი, სასამართლომ მიიღო სააღსრულებო განკარგულება, რომლის შესაბამისად 2001წ. 3 აპრილს ჩატარდა აუქციონი და აღსრულება მიექცა მოპასუხის ქონებაზე.

სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ამავე კოდექსის 309-ე მუხლის შესაბამისად გადახდის ბრძანება კანონიერ ძალაში შედის, თუ კი გადახდის ბრძანების მიღებიდან გავიდა 10 დღე და ამ ვადაში მოპასუხემ არ გააპროტესტა იგი და ამასთან არ არსებობს გაპროტესეტის ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გადახდის ბრძანების გაპროტესტება არ მოხდა კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში და გაპროტესტების ვადის გასვლაც არასაპატიოდ იქნა მიჩნეული, თავისთავად ცხადია, რომ გადახდის ბრძანება უკვე კანონიერ ძალაშია შესული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 3 აპრილის აუქციონის ბათილობის თაობაზე.

მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა მოპასუხე თავის შეგებებულ სარჩელით და ეს შეგებებული სარჩელი სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის განჩინების შემდეგ რეაგირების გარეშე დარჩა (ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არც საქალაქო სასამართლოს მიუღია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, შეგებებული სარჩელის თუ რა მოთხოვნა დაკმაყოფილდა), მაგრამ ეს გარემოება არ ართმევს უფლებას მოპასუხეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში სასარჩელო განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

სკ-ს 372-ე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად მოპასუხეს აქვს შპს “ი-ისაგან” უკუმოთხოვნის უფლებაც, თუ კი მან, როგორც მესამე პირმა, დააკმაყოფილა მოვალის ნაცვლად კრედიტორის მოთხოვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინება.

ა. ქ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 400 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 კოდი 59 ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.