გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-309-03 11 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2000წ. 26 დეკემბერს დადებული მორიგების აქტის ბათილად ცნობა და აღნიშნული აქტის დასამტკიცებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ იმავე დღეს მიღებული განჩინების გაუქმება.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ დავის სასამართლოში განხილვისას მის მეუღლეს – ნ. კ-სა და ნ. თ-ის წარმომადგენელ მ.გ-ეს შორის შედგა მორიგება, რომლის მიხედვით ნ. კ-მა იკისრა ვალდებულება ნ. თ-ისაგან ნასესხები თანხა - 5000 აშშ დოლარი _ გადაეხადა 2001წ. 26 ივნისამდე. აღნიშნული თანხის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა გატანილ იქნებოდა იძულებით აუქციონზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბინა წარმოადგენს მისი და მისი მეუღლის თანასაკუთრებას და მხოლოდ ის, რომ ბინის რეგისტრაცია განხორციელდა ნ. კ-ის სახელზე, არ ნიშნავს იმას, რომ ბინის განკარგვის უფლება ჰქონდა მეუღლის თანხმობის გარეშე, ვინაიდან ბინის მიღება განპირობებული იყო საერთო ფაქტორით, კერძოდ, 1987 წელს ა.გ-სა და ნ.კ-ს შეეძინათ შვილი, რის საფუძველზეც მიიღეს სადავო ბინა, სადაც ჩაწერილი იყო ოჯახის სამივე წევრი. მოგვიანებით მოხდა ბინის პრივატიზება ნ.კ-ის სახელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა.გ-მა მოითხოვა მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტის ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით ა.გ-ის სარჩელი 2002წ. 26 დეკემბრის მორიგების აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.თ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტმა სადავოდ მიიჩნია მორიგების აღსასრულებლად იძულებით აუქციონზე გასატანი საცხოვრებელი ბინის მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო ბინა არის მხოლოდ ნ.კ-ის საკუთრება. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მორიგების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სადავო ბინის იძულებით აუქციონზე გატანას. დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. თ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა შეძენილია მოსარჩელის ა.გ-ისა და მისი მეუღლის ნ. კ-ის, ერთად ცხოვრების პერიოდში, რომელიც სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.
ა.გ-ის განმარტებით, მეუღლე მას არ შეუთანხმდა გარიგების დადების თაობაზე, რითაც შეილახა მისი და მისი მცირეწლოვანი შვილის უფლებები.
სკ-ს 1159-ე მუხლის თანახმად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და საჯარო რეესტრში აღრიცხულია ნ.კ-ის სახელზე. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ნ.კ-ს მეუღლესთან შეთანხმების გარეშე უნდა განეკარგა სადავო ბინა, მაგრამ ა. გ-ს სრული უფლება ჰქონდა განეხორციელებინა საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, რაც არ გაუკეთებია. ა.გ-ს არც ბინის აღრიცხვის მომენტში ტექაღრიცხვის ბიუროში ბინის მეუღლის სახელზე რეგისტრაციის გამო და არც შემდეგ გამოუთქვამს პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ა. გ-მა თავისი უფლება, აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში და ესარგებლა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, განეკარგა ქონება, დაუთმო მეუღლეს _ ნ. კ-ს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ს ზოგიერთი ნორმის მიხედვით (მაგალითად 1513-ე, 1433-ე მუხლები) პირი მესაკუთრედ ითვლება, ერთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების, ხოლო მეორე შემთხვევაში _ მემკვიდრეობის გახსნის მომენტიდან, მაგრამ კანონი ორივე შემთხვევაში იმპერატიულად მოითხოვს სანივთო სამართლებრივი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გაფორმება საბოლოოდ წარმოებს სწორედ სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესებით, რაც ამ უფლების წარმოშობის ერთ-ერთი წინაპირობაა (სკ-ს 183-ე მუხლი).
პალატა თვლის, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სკ-ს 1158-ე მუხლით გათალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ წარმოიშობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად.
სკ-ს 1160-ე მუხლის მიხედვით კი იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაში შედის, ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით, იმის მიუხედავად, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული გარიგება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მეუღლის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება და დამტკიცებული იქნება, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მას ასეთი უფლება არ ჰქონდა.
განსახილველ შემთხვევაში პრიორიტეტი კასატორის ინტერესების დაცვას უნდა მიენიჭოს, ვინაიდან თანამესაკუთრემ, ანუ ა. გ-მა არაფერი იღონა იმისათვის, რომ მისი საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით ყოფილიყო გაფორმებული (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული).
სკ-ს 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყოს რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი და ამ ურთიერთობაში მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ჩანაწერი არაზუსტი იყო.
პალატა ითვალისწინებს კეთილსინდისიერი მეუღლის, როგორც თანამესაკუთრის, ინტერესების დაცვის საჭიროებას, მაგრამ მიაჩნია, რომ მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს სამართლებრივი საშუალება, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით დაიცვას თავისი უფლება ხელყოფისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განმარტა კანონი და არ არსებობს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 26 დეკემბრის მორიგების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ვალის გადახდის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე ქ. ქუთაისში ... მდებარე ბინის გატანას.
მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.