Facebook Twitter

3კ-310-03 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სადაზღვევო თანხის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 28 იანვარს ი. ა-მა სს სადაზღვევო კომპანია “ა-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თ. დ-ის კუთვნილი ავტომანქანით სომხეთიდან საქართველოში მგზავრობის დროს სომხეთის რესპუბლიკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო დაზიანება.

მოსარჩელემ მოითხოვა სავალდებულო დაზღვევის სახით 2250 ლარის, გადახდის ვადის გადაცილების გამო კი 250 ლარის, სულ _ 2750 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ავტომოტოტრანსპორტად მიიჩნევა ყველა სახის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით გამოსაყენებლად შემოტანილის ჩათვლით.

ვინაიდან შემთხვევა სომხეთის ტერიტორიაზე მოხდა და შემთხვევა დადგა საქართველოს ტერიტორიის გარეთ, გამორიცხულია სადაზღვევო შემთხვევის არსებობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს სადაზღვევო კომპანია “ა-ს” ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2750 ლარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს სადაზღვევო კომპანია “ა-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარმოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სხეულის დაზიანება მიიღო სომხეთში თ. დ-ის კუთვნილი ავტომანქანით მგზავრობის დროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მითითებული ა/მანქანა “სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის შესაბამისად დაზღვეული იყო.

2001წ. 4 აპრილს ამ მანქანით სომხეთში მომდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნია, ვინაიდან თ. დ-ის ავტომანქანის ექსპლუატაციის ძირითადი ადგილი იყო საქართველო. მან მიუთითა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევა არ შეიძლება გაგებული ყოფილიყო ისე, რომ საერთოდ ავტომანქანის ექსპლუატაცია ხდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ა/მანქანა ექსპლუატაციაში იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მოძრაობდა მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო დაზღვევის მოწმობა სომხეთის ტერიტორიაზეც ძალაში იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი არ ადგენს კანონის გავრცელებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დამდგარ სადაზღვევო შემთხვევაზე, ავტომობილის საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ ტერიტორიაზე გადაადგილება, რომელზეც საქართველოს სავიზო მიმოსვლის რეჟიმი არ გააჩნია და იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევა მოხდა უშუალოდ ამ მანქანაში იგი უნდა ჩაითვალოს სადაზღვევო შემთხვევად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, სადაზღვევო პოლისის მეორე გვერდზე მითითებულია, რომ პოლისის მოქმედების გეოგრაფიული არეალია საქართველო, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ამის ქვეშ არ არის მძღოლი დ-ის ხელმოწერა, ამასთან ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტს, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

2002წ. 27 დეკემბერს სს სადაზღვევო კომპანია “ა-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორს მიაჩნია, რომ სკ-ს 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშელკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო ამავე კოდექსის 801-ე მუხლის შესაბამისად კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართ გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ის არ ეწინააღმდგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონი ავალდებულებს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს, დაზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მათ მფლობელობაში არსებულ ავტომოტოტრანსპორტზე (კანონის მე-3 მუხლი). ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მიხედვით ავტომოტოტრანსპორტი ესაა ყველა სახსი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაცია ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. სადაზღვევო პოლისში, რომელიც “ა-მა” გასცა, გათვალისწინებულია კანონის შესაბამისი პირობა და პოლისის მე-2 გვერდზე მითითებულია, რომ პოლისის მოქმედების გეოგრაფიული არეალი არის საქართველო. მას მიაჩნია, რომ კანონი სავალდებულოს არ ხდის მოწმობაზე დაზღვევის ხელმოწერას. დაზღვევა წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას და დადებულად ითვლება სადაზღვევო შესატანის გადახდის მომენტიდან. იგი წარმოადგენს საბუთს სადაზღვევო შენატანის გადახდის და ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ. “ა-ის” მიერ გაცემული პოლისი შედგენილია ყველა რეკვიზიტის დაცვით და აკმაყოფილებს სკ-ს 80-2-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ დაზიანება მიიღო დ-ის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, შემთხვევა მოხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ _ სომხეთში. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ავტომოტოტრანსპორტი, რომელშიც მოხდა შემთხვევა, დ-ის მფლობელობაშია. მას “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული აქვს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიის მიერ მასზე გაცემულია ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოწმობა (პოლისი), რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მითითებულია, რომ ამ პოლისის მოქმედების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ტერიტორია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თითქოს სადაზღვევო პოლისში მითითებული გარემოება, რომ პოლისის მოქმედების გეოგრაფიული არეალი საქართველოს ტერიტორიაა, ეწინააღმდეგება “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნას. მისი მოსაზრებით კანონის ამ ნორმით მითითებულ ავტომოტოტრანსპორტში იგულისხმება არა მარტო ის ავტომოტოტრანსპორტი, რომლის ექსპლუატაციაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ისეთიც, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მათ შორის _ ისეთ სახელმწიფოებში, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს მხრივ კანონის ამგვარი განმარტება უსწორია შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის უმთავრეს პირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. თუ არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ არსებობს. მეორე პირობა ამ ნორმის მოთხოვნისა ისაა, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ სკ-ს 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან დაზღვევის ინტერესისა და საგნის შესახებ, განისაზღვრება სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა და სხვა, რის შემდეგაც ფორმდება სადაზღვევო ხელშეკრულება. ამ ნორმის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. სადაზღვევო რისკი კი ის საფრთხეა, რომლისგანაც დაზღვეულია დამზღვევის ქონება ან პიროვნება. დამზღვევის რისკი კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში.

სკ-ს 802-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მზღვეველი მოვალეა, ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დამზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა, პოლისი). მზღვეველი აფორმებს ერთ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს როგორც დაზღვევის ხელშეკრულება, ისე დაზღვევის პოლისს, ანუ ამ ნორმის შესაბამისად სადაზღვევო პოლისი სადაზღვევო ხელშეკრულებაცაა და მზღვეველი ვალდებულია, შეასრულოს ის პირობები, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში.

სკ-ს 801-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

ამ ნორმის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება ნებაყოფლობითი სადაზღვევო ურთიერთობები. სავალდებულო დაზღვევა რეგულირდება სპეციალური კანონით, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავალდებულო დაზღვევის მოსაწესრიგებლადაც.

“დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედების არეალია საქართველო და მასში მითითებული არ არის მოქმედების არელიას გაფართოების შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად იგი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, რის შესახებაც თვით ამ კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტშიც არის მითითებული. ამ ნორმის შესაბამისად ავტომოტოტრანსპორტი ყველა სახეობის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის ექსპლუატაციაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით გამოსაყენებლად შემოტანილის ჩათვლით, ანუ სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი შემთხვევა, რომელიც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს.

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ სომხეთის ტერიტორიაზე, ამიტომ იგი არ შეიძლება ჩათვალოს სადაზღვევო შემთხვევად და მზღვეველის მხრივ ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ სწორად არის მითითებული სადაზღვევო პოლისშიც, რომ პოლისის მოქმედების გეოგრაფიული არეალი საქართველოს ტერიტორიაა. პოლისში მითითებული ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას. პირიქით, კიდევ უფრო აკონკრეტებს და გასაგებს ხდის მას.

მცდარია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო პოლისის მოქმედება სომხეთის ტერიტორიაზეც ვრცელდება ვინაიდან სომხეთთან საქართველოს სავიზო ურთიერთობა არ აკავშირებს. ასევე მცდარია მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან დ-ის კუთვნილი ა/მანქანა რეგისტრირებულია საქართველოში, ხოლო შემთხვევა, მართალია, სომხეთში მოხდა, მაგრამ დ-ის მანქანაშია, ამიტომ ეს შემთხვევა სადაზღვევო შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას შემთხვევა ა/მანქანაში მოხდა, თუ მის გარეთ; არც იმას აქვს მნიშვნელობა, შემთხვევა მოხდა იმ ქვეყანაში, რომელთანაც სავიზო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს თუ არა. შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად მიჩნევისათვის სხვა ფაქტორებთან ერთად, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში და კანონში, უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შემთხვევა სადაზღვევო შემთხვევად რომ იქნეს მიჩნეული, იგი დამდგარი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე აქვს დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. დადგენილი გარემოებებისათვის სწორი სამართლებრივი შეფაების მიცემა კი საკასაციო სასამართლოს შეუძლია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

სს სადაზღვევო კომპანია “ა-ის” სასარგებლოდ ი. ა-ს დაეკისროს სასამართლო ხარჯების _ 110 ლარის _ გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.