Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-315-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ხელწერილების ბათილად ცნობა; მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ქ-ს საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა. იგი 1996 წელს შეუთანხმდა ნ. და ლ. შ-ეებს, რომ 3500 ამერიკულ დოლარად ამ ბინას მიყიდდა. მან მიიღო შ-ეებისაგან 2500 ამერიკული დოლარი, მაგრამ მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული არ იქნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ. და გ. შ-ების სარჩელი მოპასუხე ნ. ქ-ს მიმართ და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის გადახდა. ვინაიდან ნ. ქ-მ არ გადაუხადა შ-ეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, 2000წ. 25 აპრილს დაინიშნა იძულებითი აუქციონი, ამ აუქციონზე სადავო ბინა გადავიდა ლ. შ-ის საკუთრებაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ა გამოსახლდა სადავო ბინიდან. ნ. ქ-მ 2000წ. ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების გ. და ლ. შ-ეების მიმართ და მოითხოვა მის მიერ დაწერილი ხელწერილების ბათილად ცნობა. მოპასუხეებისათვის მატერიალური ზარალის სახით, 3000 ამერიკული დოლარის დაკისრება სკ-ს 361-ე, 411-ე მუხლების საფუძველზე; ასევე მორალური ზიანის სახით, მოპასუხეებისათვის 3000 ამერიკული დოლარის დაკისრება სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინაზე ყადაღის დადება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ს სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინაზე ყადაღის დადებაზე უარი ეთქვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ქ-მ შ-ეებისაგან ბინის ღირებულების ნაწილის – 2500 აშშ დოლარის მიღების შემდეგ აღარ ისურვა ბინის გათავისუფლება, რის გამოც მოპასუხეებმა მოითხოვეს კუთვნილი თანხის დაბრუნება. სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ს დაეკისრა შ-ეების სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. ქ-მ 2000წ. 11 თებერვლის ხელწერილით იკისრა დაეცალა სადავო ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანახმა იყო ბინა გაყიდულიყო აუქციონის წესით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ. ქ-ს მითითება იმის შესახებ, რომ ეს ხელწერილი კანონშეუსაბამო იყო, რადგან მან ვერ დაადასტურა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ იყო იგი შედგენილი. ვინაიდან ნ. ქ-მ ნებაყოფლობით არ შეასრულა შ-ეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არც თანხა გადაუხადა და არც საცხოვრებელი სახლი დაუცალა, ამიტომ 2000წ. 25 აპრილს დაინიშნა იძულებითი აუქციონი, რის საფუძველზეც სადავო ბინა გადავიდა ლ. შ-ის საკუთრებაში, ხოლო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. ქ- გამოსახლებული იქნა სადავო ბინიდან. ვინაიდან სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და აღსრულებულია, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 266-ე მუხლი, კანონიერად არ დააკმაყოფილა სარჩელი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მოპასუხეებმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და შეპირებული თანხის 3500 აშშ დოლარიდან არ გადაუხადეს 1000 ამერიკული დოლარი. ამიტომ მათ კასატორის წინაშე ეკისრებათ ვალდებულება, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით და შ-ეების მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით. მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ კასატორს მათთვის სადავო ბინა უნდა გაეფორმებინა 1000 ამერიკული დოლარის გადახდამდე. ამდენად,M სასამართლომ არ იმსჯელა მხარეთა ურთიერთვალდებულებების შესახებ. სასამართლომ მცდარად გაიგო, რომ 2500 აშშ დოლარის აღების შემდეგ ვალდებული იყო კასატორი ბინა დაეთმო მყიდველისათვის, ამის თაობაზე მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში. სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმა. პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 394-ე მუხლი, რომელიც კასატორს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას აძლევს. სასამართლომ საერთოდ არ განიხილა კასატორისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მოსამართლე მ. ს-მა, რომლის მიერ გამოტანილ იქნა 2001წ. 16 ნოემბრის განჩინება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაშია შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და იგი აღსრულებულია, სსკ-ს 266-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად უთხრა უარი ნ. ქ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოცემულ საქმეში არ მოიპოვება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი.

სსკ-ს 266-ე მუხლში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებსა და აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები, იმავე საფუძველზე, აგრეთვე, უფლება არა აქვთ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 29 ნოემბრის განჩინების ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. და გ. შ-ეების სარჩელი მოპასუხე ნ. ქ-ს მიმართ და მას დაეკისრა შ-ებისათვის 2500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ნ. ქ-მ 2000წ. ნოემბერში აღძრული სარჩელით მოითხოვა ლ. და გ. შ-ეებისათვის მატერიალური ზიანის – 3000 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის 3000 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე, მის მიერ დაწერილი ხელწერილების ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ კი არ შეაფასა ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანისას დავის საგანს არ წარმოადგენდა ნ.ქ-ს მიერ დაწერილი ხელწერილების ნამდვილობის საკითხის დადგენა და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელა მხოლოდ; ნ.ქ-მ კი თავის სარჩელში მოითხოვა ამ მტკიცებულებების ნამდვილობის საკითხის დადგენა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.