Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-316-03 4 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სარჩელში _ ბინიდან გამოსახლება; შეგებებულ სარჩელში _ გირავნობის ხელშეკრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ჟ-მა ერთი წლით და 6 თვით ნ. პ-ისაგან ისესხა 1300 აშშ დოლარი. მან სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 1997წ. 16 აგვისტოს გააფორმა გირავნობის ხელშეკრულება ნ. პ-თან კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ... ქ. ქუთაისში, ნაწილის თაობაზე. ვინაიდან კ. ჟ-მა ვერ გადაუხადა დათქმულ ვადაში ვალი ნ. პ-ს, კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოვალის მიმართ და მოითხოვა თანხის დაბრუნება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. პ-ის სარჩელი და მოპასუხე კ. ჟ-ს დაეკისრა ძირითადი თანხის, 1300 აშშ დოლარის, პროცენტის სარგებლის _ 260 აშშ დოლარის ან შესაბამისი კურსით ლარის გადახდა ნ. პ-ის სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონი დაინიშნა კ. ჟ-ის საცხოვრებელ სახლზე. ნ. პ-მა 2000წ. 29 თებერვალს ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა კ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლი და აღრიცხა თავის საკუთრებაში.

ნ. პ-მა 2002წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: კ. ჟ-ის და მისი შვილის, მ. ს-ს, მიმართ და მოითხოვა კუთვნილი ბინიდან მათი გამოსახლება, ვინაიდან ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდნენ.

კ. ჟ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. პ-ის, ნოტარიუს ე. გ-ის მიმართ და მოითხოვა 1997წ. 16 აგვისტოს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მის სასარგებლოდ ნ. პ-ისათვის ქირის სახით 2400 აშშ დოლარის დაკისრება კუთვნილი ფართის სარგებლობისათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები კ. ჟ-ი და მ. ს-ა გამოსახლებულ იქნენ ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ფართიდან (21,81 კვ.მ) მათთან მცხოვრებ ყველა პირთან ერთად.

საქმის წარმოება კ. ჟ-ის შეგებებული სარჩელის გამო შეწყდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. პ-ის სარჩელი და კ. ჟ-ს დაეკისრა ძირითადი თანხის, 1300 აშშ დოლარის, პროცენტის სარგებლის _ 260 აშშ დოლარის ან შესაბამისი კურსით ლარის გადახდა ნ. პ-ის სასარგებლოდ, ასევე, საქმის წარმოებისათვის დახარჯული 150 ლარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 19 ივლისის განჩინებით კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი, კერძოდ: კ. ჟ-ს დაეკისრა ნ. პ-ის სასარგებლოდ 1300 აშშ დოლარი აღსრულების დროისათვის ეროვნული ვალუტის – ლარის _ კურსით, მასვე დაეკისრა ნ. პ-ის სასარგებლოდ საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 150 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა 260 აშშ დოლარისა და სახბაჟის, 390 ლარის, გადახდა.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან კ. ჟ-ი შეგებებული სარჩელით ითხოვს მხარეთა შორის 1997წ. 16 აგვისტოს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ნ. პ-ის მიერ ფართის სარგებლობისათვის 2400 აშშ დოლარის დაკისრებას კ. ჟ-ის სასარგებლოდ, ამიტომ სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტისა და 266-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სასამართლომ ნ. პ-ის სარჩელი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ დააკმაყოფილა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს კ. ჟ-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ და მ. ს-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 14 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა კ. ჟ-ის და მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მ. ს-ა, მართალია, არ არის შეურაცხადი, მაგრამ იგი ფსიქიურადაა დაავადებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ჰყავდა წარმომადგენელი, რის გამოც, მას თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა მხარეთა თანაბარი უფლებებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს არც ის გამოურკვევია, მ. ს-ე იყო თუ არა საერთოდ მოპასუხე. სააპელაციო პალატის განჩინებაში მითითებულია ისიც, რომ ნ. პ-ის განმარტებით, დავის საგანი აღარ არსებობს, ვინაიდან მოპასუხეები აღარ ცხოვრობენ ამ ბინაში და ბინას ფლობს ნ. პ-ი. თუ დადგინდება, რომ არ არსებობს სარჩელის საგანი და საცხოვრებელი ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაშია, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს შეუძლია, ნ. პ-ის სასარჩელო საქმის წარმოება შეწყვიტოს.

კ. ჟ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ნ. პ-ის სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატის განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ სწორად არის შეწყვეტილი საქმის წარმოება მისი შეგებებული სარჩელის თაობაზე, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნა, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად დაუსაბუთებელია. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნები ურთიერთსაპირისპიროა. სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა კ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი, რომ საერთოდ არ მიუთითა მატერიალური სამართლის ნორმაზე, არ იმსჯელა კასატორსა და ნ. პ-ს შორის ქირავნობის ურთიერთობაზე, რის საფუძველზეც იგი მოითხოვს მის სასარგებლოდ ნ. პ-ისათვის ბინის ქირის, 1100 აშშ დოლარის, გადახდის დაკისრება.

ვ. ჟ-მა მოითხოვა ნ. პ-თან 1997წ. 16 აგვისტოს გაფორმებული ბინის გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი შეცდომაში იქნა შეყვანილი, რადგან ეგონა, რომ ბინის ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა, მით უფრო, რომ 1995წ. მარტიდან მხარეთა შორის არსებობდა ბინით სარგებლობის ზეპირი შეთანხმება. დაქვეითებული მხედველობის გამო კასატორმა ვერ შეძლო ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვა, იგი ენდო ნ. პ-ს და ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვის გარეშე მოაწერა მას ხელი, ნოტარიუსი კი არ დაინტერესდა მისი ფიზიკური ნაკლით და არც ხელშეკრულების ტექსტი წაუკითხა.

ნ. პ-ს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ თანხა გადასცა კ. ჟ-ს. 1997წ. 16 აგვისტოს ბინის გირავნობის ხელშეკრულებით კასატორს არაფერი მიუცია, ნ. პ-ი კი განაგრძობდა ამ ბინის ფლობას და ღებულობდა სარგებელს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. პ-მა. მან მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების შეწყვეტა როგორც სარჩელს, ისე _ შეგებებული სარჩელი ნაწილში. შეგებებული საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის წარმოებით შეწყვეტის ნაწილში შემდეგი საფუძვლით: ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კ. ჟ-ის შეგებებული სარჩელის წარმოება შეწყვიტა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი სსკ-ს 274-ე მუხლით გათვალისწინებულის ნაცვლად დაადგინა სააპელაციო წესით, რადგან ამით კ. ჟ-ის საპროცესო უფლება არ დარღვეულა, ამიტომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ამ მოტივით არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და უკანონოდ დააბრუნა იგი ხელახლა განსახილველად. ნ. პ-მა საოლქო სასამართლოში სხდომის გახსნის მომენტისათვის მოითხოვა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოებით შეწყვეტა, რადგან მოპასუხეებს მისი კუთვნილი ბინა გამოთავისუფლებული აქვთ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტით და ამ საფუძვლით არ უნდა დაებრუნებინა საქმე ხელახალი განხილვისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორად გააუქმა სააპელაციო სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ გასარკვევი იყო, მ. ს-ე საქმეში მოპასუხედ კანონიერად იყო თუ არა ჩართული. ასევე არასწორად მიუთითა მისთვის საპროცესო წარმომადგენელის დანიშვნის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნ. პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. პ-ის სარჩელი და მოპასუხე კ. ჟ-ს დაეკისრა ძირითადი თანხის, 1300 აშშ დოლარის, პროცენტის სარგებლის _ 260 დოლარის ან შესაბამისი კურსით ლარის გადახდა ნ. პ-ის სასარგებლოდ. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ჟ-მა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 19 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში შეიცვალა იმ მიმართებით, რომ კ. ჟ-ს დაეკისრა ნ. პ-ის სასარგებლოდ 1300 აშშ დოლარი აღსრულების დროისათვის ეროვნული ვალუტის _ ლარის კურსით. მასვე გადახდა ნ. პ-ის სასარგებლოდ საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯი 150 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა პროცენტის სარგებლის, 260 აშშ დოლარის დაკისრება და 390 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეწყვიტა კ. ჟ-ის შეგებებული სარჩელის წარმოება კანონიერ ძალაში შესული ზემოხსენებული სასამართლო განჩინების გამო სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტზე მითითებით, რადგან ამ ნორმის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული მუხლი, რადგან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კ. ჟ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნ. პ-ისათვის თანხის დაკისრება. კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის 1999წ. 19 ივლისის განჩინება კი იმავე მხარეებს შორის სულ სხვა დავის საგანს (ნ. პ-ის სასარგებლოდ კ. ჟ-ისათვის თანხის დაკისრებას) ეხება, ამიტომ სასამართლოს არსებითად უნდა განეხილა კ. ჟ-ის შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ მ. ს-ე, მართალია, არ არის შეურაცხადი, მაგრამ არის ფსიქიურად ავადმყოფი და თავის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა მხარეთა თანაბარი უფლებებით, ვინაიდან არ ჰყავდა წარმომადგენელი. სასამართლოს არ გამოურკვევია, მ. ს-ე მოპასუხე იყო თუ არა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მითითებასაც, რადგან ნ. პ-მა სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეებად მიუთითა კ. ჟ-ი და მ. ს-ე. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმში მოცემულია მ. ს-ს, როგორც მოპასუხის, ახსნა-განმარტება. მართალია, საქმეში წარმოდგენილია მ. ს-ს ავადმყოფობის ცნობა, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იგი არ არის ცნობილი სასამართლოს მიერ ქმედუუნარო პირად სკ-ს მე-12 მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე. სსკ-ს 82-ე მუხლის პირველი ნაწილი კი საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნას სავალდებულოდ მიიჩნევს იმ პირისათვის, თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.

სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის სხდომის ოქმში მოცემულია ნ. პ-ის წარმომადგენელ ი. გ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ ნ. პ-მა თავისი ინიციატივით გამოასახლა აპელანტი მხარე სადავო ბინიდან და ფართი მთლიანად დაიკავა, ამიტომ დავის საგანი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ნ. პ-ის აღნიშნული განმარტების შესახებ და განჩინებაში არასწორად მიუთითა შემდეგზე: თუ პირველი ინსტანციის სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის საგანი არ არსებობს და საცხოვრებელი ბინა გამოთავისუფლებულია, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე შეუძლია, ნ. პ-ის სასარჩელო საქმის წარმოება შეწყვიტოს. სააპელაციო სასამართლოს ნ. პ-ის განმარტების მოსმენის შემდეგ თვითონ უნდა ემსჯელა სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ს 385-ე მუხლის მეორე ნაწილის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.