საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №351აპ-23 თბილისი
ნ. კ., 351აპ-23 15 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ჭ-ისა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით კ. ნ-ე, – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით გაუქმდა; კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2023 წლის 18 იანვრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ნ-ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
4. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 11:15 საათიდან 11:39 საათამდე პერიოდში, ქ. ქ-ში, ა-ის გამზირზე, საავტომობილო გზაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახ. ნომერი -) მართვისას, კ. ნ-ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.8, 25.2(ბ), 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და დაეჯახა ქვეით თ. ლ-ას, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და ადგილზე გარდაიცვალა.
5. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ნ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ვახტანგ ჭუმბურიძე შესაგებლით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გადაწყვეტილების მიღებისას გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 16 სექტემბრის № - და 2019 წლის 17 დეკემბრის №- დასკვნები, რომელთა თანახმად, „გამოძიებით დადგენილ ვითარებაში მძღოლ კ. ნ-ეს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება“. მძღოლ კ. ნ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.8 და 25.2(ბ) მუხლებისა და 33.1, 33.2 მუხლების მოთხოვნებს. ექსპერტმა ზ. გ-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დასკვნების სისწორე. ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 3 ოქტომბრის №- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „მერსედეს ბენცის“ მოდელის (სახ. ნომერი -) ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ. ქ-მ.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 10 ივნისის №- დასკვნით დადასტურდა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ კ. ნ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. დასკვნის სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა – ი. ს-ემ და ლ. ფ-მა და მიუთითეს, რომ გამოკვლევისას და დასკვნის გაცემისას გაითვალისწინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოტაბულა და განმარტეს, რომ, როდესაც ხდება გარკვეული სიჩქარით მოძრავი ავტომობილისა და ქვეითის ურთიერთკონტაქტი, ავტომობილი, რომელსაც გააჩნია მეტი კინეტიკური სიჩქარე, ვიდრე ქვეითს, აგრძელებს იმ მიმართულებით გადაადგილებას, რა მიმართულებითაც მოძრაობდა, ხოლო ქვეითი და მის ხელთ არსებული ნივთები ასევე გადაადგილდება და იწყებს გზის სავალ ნაწილზე ცვენას იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ავტომობილმა შეჯახების შედეგად მათ მიანიჭა გარკვეული მიმართულება და კინეტიკური ენერგია. აქედან გამომდინარე, შეჯახების ადგილი მდებარეობს პირველ ჩამონაყარამდე, ქვეითად გადასასვლელ „ზებრაზე“.
11. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი, რომ ავტომობილსა და ქვეითს შორის ურთიერთკონტაქტი მომხდარია ქვეითთა გადასასვლელ „ზებრაზე“, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეჯახება რომ მომხდარიყო „ზებრიდან“ დაახლოებით 10-15 მეტრში, როგორც ამას მძღოლი კ. ნ-ე და მოწმე თ. კ. აღნიშნავენ, შეჯახების უკან, გზის სავალ ნაწილზე ვერანაირად ვერ დაიყრებოდა ნაგავი და ქვეითის შავი ფერის „ჩუსტი“. იმავეს ადასტურებს მოწმეების – დ. გ-ის (რომელმაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი), გ. ქ-ს, ვ. ვ-სა და ზ. ხ-ის ჩვენებები, რომელთა მიხედვით, ნაგავი განფენილი იყო ე.წ. „ზებრიდან“ დასავლეთის მიმართულებით. გარდა ამისა, მოწმე გ. ს-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ არის კ. ნ-ის მეზობელი, რომელმაც პოლიციის შენობაში მას უთხრა, რომ ავტომანქანის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე შემოუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რა დროსაც დახედა ტელეფონის ეკრანს, ამის გამო ვერ დაინახა საავტომობილო გზაზე მოძრავი ქალბატონი და შეეჯახა.
12. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიული ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 17 თებერვლის №- დასკვნას (რომლის თანახმად, მძღოლ კ. ნ-ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება), საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა, ვინაიდან გამოკვლევა ჩატარდა ცალმხრივად და არასრულად, ექსპერტმა მხედველობაში არ მიიღო შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვლები, გზაზე დაყრილი ნაგვის დასაწყისი და დასასრული, მისი სწორხაზოვანი განფენა, თ. ლ-ას „ჩუსტების“ ადგილმდებარეობა და მოწმე გ. ხ-გან მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო მოწმე თ. კ-ის ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოში წარდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ვინაიდან კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნაგავი და თ. ლ-ას ფეხსაცმელი ვერანაირად ვერ მოხვდებოდა საავტომობილო გზის იმ ადგილებზე, იმ ურთიერთგანლაგებითა და დაშორების მანძილებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ისე რომ განვითარებულიყო, როგორც ამას დაცვის მხარე აღწერს. ამასთან, ექსპერტმა რ. ვ-მა გამოკვლევა ჩაატარა განსხვავებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
13. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – გ. ხ-ას, ნ. კ-ის, დ. გ-ის, მ. ღ-ის, გ. ს-ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
14. დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის, განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი.
15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
17. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ჭ-ისა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე