¹ 3კ-318-03 12 სექტემბერი 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ მასსა და მოპასუხე შპს “ლ.-ს” შორის 2000წ. 17 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად დეპარტამენტი შპს “პ.-იდან” მოპასუხეს მიაწვდიდა 70 ტონა ხორბალს, რის სანაცვლოდაც იგი ვალდებულებას იღებდა მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ხორბლის ბურღული. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მთლიანად შეასრულა და მოპასუხეს მიაწოდა 24360 ლარის ღირებულების 70 ტონა ხორბალი.
მოპასუხე შპს “ლ.-მ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და მოსარჩელეს მიაწოდა მხოლოდ 11240 ლარის ღირებულების ხორბლის ბურღული. 12830 ლარის ღირებულების ბურღული კი მოპასუხეს არ მიუწოდებია და დავალება დღემდე არ დაუფარავს.
მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად მის სასარგებლოდ 12830 ლარის დაკისრება.
მოპასუხე შპს “ლ.-ს” დირექტორმა გ. ა.-მ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა გასული არ არის და ამდენად, არ არსებობს სარჩელის აღძვრის საფუძველი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “ლ.-ს” საქართვლოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასარგებლოდ, ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 12830 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრდა შპს “ლ.-ს” დირექტორმა გ. ა.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრდა შპს “ლ.-ს” დირექტორმა. კასატორმა მოითხოვა მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე მოქმედების განხორციელების თაობაზე.
მოცემულ დავაში მოპასუხე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისგან.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს და უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად.
სსკ-ს მიხედვით მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სსკ-ს საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო საქმეთა სასამართლო წარმოებისაგან განასხვავებს.
პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარ დარღვევას შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
ვინაიდან მოცემული დავა განხილულია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.