¹ 3კ-319-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 22 სექტემბერს ქ. ო.-სა და მ. ლ.-ს შორის გაფორმდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. მ. ლ.-მ სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება თვალთმაქცურია. მოსარჩელის განმარტებით, ქ. ო.-ე მას დაპირდა სამისდღეშიო რჩენას, რის გამოც მას არ მიუღია ბინის ღირებულება, ბოლო პერიოდში ეპყრობა უხეშად, საქმე იქამდე მივიდა, რომ დავაში ჩაერია უბნის რწმუნებული.
სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. ო.-მაც და მოითხოვა სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე უკანონო მფლობელობიდან ბინის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ იგი სადავო ნივთის კანონიერი მესაკუთრეა, კანონით დადგენილი წესით ბინის ყიდვის შემდეგ მან ბინა გაარემონტა, შეიტანა ავეჯი, მაგრამ ვერ ახერხებდა იქ გადასვლას. მ. ლ.-ს უნდა ეცხოვრა ამ ბინაში, სანამ იყიდიდა გარეუბანში სხვა ბინას, მაგრამ დღემდე ბინა არ დაუცლია და მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რომ გაანთავისუფლოს იგი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოწმეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 1999წ. 22 სექტემბერს დაიდო თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც მხარეებმა დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხეშეკრულება.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ო.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსამართლემ საქმის განხილვისას დაარღვია საპროცესო ნორმები, კერძოდ, მისი დასწრების გარეშე დაკითხა მოწმე მუშკუდიანი, ასევე გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თვალთმაქცურია, ხოლო მისი შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ო.-სა და ლ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ უსასყიდლოდ გადასცა ბინა მოპასუხეს, ხოლო მოპასუხემ იკისრა სამისდღეშიოდ ერჩინა გამჩუქებელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ო.-მ და მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულება ბათილად ცნო სკ-ს 56-ე მუხლის I ნაწილით მაშინ, როდესაც ქუთაისის საოლქო სასამართლომ განჩინება ბათილად ცნო 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებები დადგენილად, რომ არ უმსჯელია მის მიმართ სსკ-ს მე-4 მუხლის დარღვევაზე, რაც გამოიხატა მოწმეების დაკითხვის თაობაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაში. სასამართლოს მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უფლება არ ჰქონდა დაედგინა გაყიდული ბინის საფასურის გადახდის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მ. ლ.-სა და ქ. ო.-ს შორის 1999წ. 22 სექტემბერს დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ბათილია გარიგება დადებული მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. იგივე გარიგება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულია თვალთმაქცურ გარიგებად, რომლითაც დაიფარა სხვა გარიგება, კერძოდ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება წინააღმდეგობრივია. მან სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და იმავდროულად სადავო გარიგებას მისცა განსხვავებული სამართლებრივი შეფასება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ ქ. ო.-ს არ გადაუხდია სადავო ბინის ღირებულების თანხა, რაც დასტურდება თვით ქ. ო.-ის 2002წ. 10 აპრილის ახსნა-განმარტებით, სადაც აღნიშნავს, რომ 1999 წელს სანოტარო წესით გაიფორმა მ-ს თანხმობით თავისი კუთვნილი ბინა მხოლოდ იმისათვის, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე მოევლო მისთვის. ასეთი ახსნა-განმარტება საქმის მასალებში არ მოიპოვება, აღნიშნულის თაობაზე მითითებული არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია. ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ო.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.