Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №432აპ-23 თბილისი

ს-ი გ., 432აპ-23 19 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ო-ისა და მ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განაჩენით გ. ს-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 წლით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 82 კალენდარული დღე; ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 75 დღით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი. მსჯავრდებულ გ. ს-ს დანიშნული სასჯელიდან მოხდილად ჩაეთვალა 157 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ს-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2012 წლის ოქტომბერში ე. მ-მა და ა. მ-მა გ. ს-ს მოსავლელად მიაბარეს 790 სული ცხვარი, რომელთა მოვლა-პატრონობა უნდა განეხორციელებინა გ. ს-ს. წლების განმავლობაში ცხვართა რაოდენობა გაიზარდა და 2017 წლის გაზაფხულში გახდა 5500 სული. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში გ. ს-ს დამატებით, ცხვრების მოსავლელად, მომრავლებისა და შენახვის ხარჯებისათვის ე. მ-მა და ა. მ-მა გადასცეს თანხა 420 000 ლარი. ცხვრების მოვლის პროცესში გ. ს-მა გადაწყვიტა, თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი ე. მ-ისა და ა. მ-ის კუთვნილი ცხვრების მითვისება და 2017 წლის გაზაფხულიდან 2019 წლის დეკემბრამდე მიითვისა 4508 სული, 1 081 920 ლარად ღირებული ცხვარი, რის შემდეგაც ფერმაში დარჩა მხოლოდ 992 სული ცხვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. მ-სა და ა. მ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ო-მა და მ. ს-ამ. დაცვის მხარე ითხოვს გ. ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი მანანა თანდაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატების საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გ. ს-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატების – მ. ს-სა და გ. ო-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე და აღდგენილ იქნა გასაჩივრების ვადა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები, ვალის აღიარების ხელწერილი, დაზარალებულ ე. მ-ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარეებს შორის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის გაფორმება უპირობოდ არ ნიშნავს მიყენებული ზიანის წარმოშობას სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებიდან. ვალდებულებების შეუსრულებლობის დროს პირის ქმედებას სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია რომ მიენიჭოს, ამ ქმედებას საფუძვლად უნდა ედოს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, სხვის ხარჯზე გარკვეული სარგებლის მიღება და არა მხოლოდ ამა თუ იმ მიზეზით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით – მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ ქონება - ნივთი ან ქონებივი უფლება, რომლის მისაკუთრების მიზანიც აქვს დანაშაულის სუბიექტს, უნდა იმყოფებოდეს მის მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ გ. ს-ი მეცხვარედ დაიქირავეს ე. მ-მა და ა. მ-მა და მას, ისევე, როგორც სხვა მეცხვარეებს, ცხვრის მოვლა-პატრონობისათვის უხდიდნენ ხელფასს. ასევე უტყუარად დადგინდა (თავად მსჯავრდებულის ჩვენებითაც), რომ გ. ს-მა ე. მ-ისა და ა. მ-ის ცხვარი გაყიდა, თუმცა ფული მათთვის არ გადაუცია. მანვე დაზარალებულების კუთვნილი ცხვარი ე.წ. „ტ-ის“ პირობის შესასრულებლად გაატანა გ. ბ-ეს, რაც გასხვისების ერთ-ერთი ფორმაა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ს-ის ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა, რადგან შეიცავს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ო-ისა და მ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე