¹3კ-321-03 23 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს “ს-მა”. იგი მიუთითებდა, რომ სს “ს-ი” წლების მანძილზე ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს “რ-ში”. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის სს “რ-ს” უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, რაც არ შეასრულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სასარჩელო წესით განიხილა და 2001წ. 24 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “ს-ის” სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 223035 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “რ-მა”. აპელანტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. სს “ს-მა” აწარმოვა გარკვეული სახის სამუშაოები არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რის შემდეგაც დამკვეთის გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად შეუწყვიტა სამუშაოები და დაუსრულებლად მიატოვა.
სს “რ-ი” უკანონოდ მიიჩნევდა მოსარჩელის მოთხოვნას აშშ დოლარით წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების შესახებ და მიაჩნდა, რომ სკ-ს 389-ე მუხლი სასამართლომ არასწორად გამოიყენა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისი გაანგარიშების საფუძველზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, სს “რ-ისათვის” 223035 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 165054 აშშ დოლარის გადახდა.
პალატა მიუთითებს: დადგენილია რომ სს “ს-ი” წლების განმავლობაში ასრულებდა სს “რ-ის” აგრეგატების სარემონტო-სარეალიზაციო სამუშაოებს. სარემონტო სამუშაოთა მიღება-ჩაბარების ორმხრივად დადასტურებული აქტების, კერძოდ, ფორმა ¹2-ის, მხარეთა შორის გაფორმებული 1997წ. 24 მარტისა და 1998წ. 4 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით 1996 წელში ფაქტობრივად შესრულებულია 22597,21 ლარის სარემონტო სამუშაო, 1997 წელს _ 24444,18 ლარის სამუშაო, ხოლო 1998 წელს _ 38162,65 ლარის სამუშაო, 1996-98 წლებში შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულებამ შეადგინა 86152,02 ლარი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2002წ. 19 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, სს “რ-ის” მიერ შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებლად გადახდილია სულ 28171 ლარი, გადასახდელი დარჩა 1998წ. 1 იანვრამდე შესრულებული სამუშაოებისათვის ძირითადი ვალდებულება 29754,27 ლარი, ფინანსური სანქცია 4209,5 ლარი, სულ 14963,77 ლარი. 1998წ. 1 იანვრის შემდეგ მიწოდებულ სამუშაოებზე ძიძრითადი თანხა 29037,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ფინანსური სანქცია 111063,86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, სულ 140109,10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
პალატა მიიჩნევს, რომ სს “რ-ი”, სამუშაოთა მიღების აქტების შედგენის შემდეგ ვალდებული იყო, სს “ს-ისათვის” აენაზღაურებინა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს “ს-ის” მიერ ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოს შეწყვეტის და მიტოვების თაობაზე სააპელაციო საჩივარში დაყენებული საკითხები, რადგან მოპასუხე მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ აღუძრავს მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი და არ მოუთხოვია ამ საკითხის სასამართლო წესით განხილვა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “რ-მა”. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ, 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 76-ე, 79-ე და 88-ე მუხლების თანახმად, ყურადღება არ მიაქცია მოთხოვნის ხანდაზმულობას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკმაყოფილა იგი.
მოქმედი სკ-ს 383-ე მუხლის მიხედვით, მხარემ ეროვნული ვალუტიდან თანხა აშშ დოლარებში გადაიანგარიშა, რითაც არაკანონიერად უარყო მუხლის მოთხოვნა. როგორც 383-ე მუხლი, ისე ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ფულადი ვალდებულებების უცხოურ ვალუტაში ანაზღაურებას. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა დავალიანების თანხის აშშ დოლარებში გაანგარიშება.
სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა სსკ-ს 170-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით იქნა შესრულებული. ექსპერტმა სასამართლოს სხდომაზე ვერ დაასაბუთა უცხოური ვალუტით თანხების გაანგარიშების კანონიერება.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონებს, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნები უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მხოლოდ მტკიცებულებების ლოგიკურად უარყოფის ან ლოგიკურად გაზიარების გზით უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია მიეცეს არსებულ ურთიერთობას.
სააპელაციო სასამართლო მოპასუხეს აკისრებს 165064 აშშ დოლარის გადახდას ეროვნულ ვალუტაში. არც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და არც საქმის მასალებიდან არ ირკვევა მოცემული თანხის დაკისრების იურიდიული საფუძველი, რომლითაც სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 165064 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. დაუსაბუთებელია, როგორც თანხის ოდენობა, ასევე აშშ დოლარებში ფულადი ვალდებულების გაანგარიშება.
სკ-ს 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. ფულადი ვალდებულება შეიძლება გამოიხატოს უცხოურ ვალუტაშიც, თუ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ მიუთითებს მტკიცებულებაზე, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვალდებულება უცხოურ ვალუტაში გამოიხატოს.
როდესაც სასამართლო სკ-ს 1507 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით იყენებს 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსს, იურიდიულად დაუსაბუთებელია ამასთან ერთად ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება. სასამართლომ ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად უნდა განსაზღვროს ის ნორმატიული აქტი, რომელიც მოცემული შემთხვევის მოსაწესრიგებლად უნდა იქნეს გამოყენებული და გამოიყენოს ან ძველი, ან ახალი სამოქალაქო კოდექსი.
თუ სასამართლოს სწორად მიაჩნია ორივე ნორმატიული აქტების გამოყენება, მაშინ ეს იურიდიულად უნდა იყოს დასაბუთებული.
სსკ-ს 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე უნდა დასაბუთდეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, ექსპერტის დასკვნა განიხილოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნა განხილული არ არის და არც გადაწყვეტილებიდან ჩანს, რატომ იზიარებს სასამართლო ექპერტიზის დასკვნას.
ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ მისი განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს ის გარემოებები, რომლებიც ეხება “ს-ის” მიერ ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოს შეწყვეტის და მიტოვების საკითხებს, ვინაიდან მოპასუხეს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი და არ მოუთხოვია ამ საკითხის სასამართლო წესით განხილვა.
სსკ-ს 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად მოპასუხის წერილობით პასუხში, თუ სარჩელს არ ცნობს მითითებული უნდა იყოს, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.
თუ მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ აქვს მის მიმართ მოთხოვნის უფლება და მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც სადავო ურთირთობას უკავშირდება, სასამართლოს არა აქვს უფლება მითითებული გარემოებები განხილვის გარეშე დატოვოს და გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინოს.
მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები მხარეთა შორის არსებულ მოცემული კონკრეტული სადავო ურთიერთობიდან გამომდინარეობს და იგი უნდა იყოს განხილული როგორც შესაგებლის საგანი და არა როგორც შეგებებული სარჩელის საგანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.