Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-324-03 17 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: საავტორო უფლებათა დაცვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების _ საქტელერადიომაუწყებლობის, ნ. ჩ-ის და ი. ს-ის საავტორო უფლებათა დამრღვევად ცნობა; გადაცემის “...ის” შექმნის, ეკრანიზაციის საჯარო შესრულების და ეთერით გადაცემის აკრძალვა; საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის მოპასუხეებისათვის: საქტელერადიომაუწყებლობისათვის 163800 ლარის და 187920 აშშ დოლარის, ხოლო ი. ს-ისათვის 66500 ლარის ჩამორთმევა; საქტელერადიომაუწყებლობას საავტორო ჰონორარის სახით 23200 ლარის და საბანკო პროცენტის 1342,45 ლარის, სულ 24542,45 ლარის დაკისრება; მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის დაკისრება თითეულ მათგანს შემდეგი ოდენობით: საქტელერადიომაუწყებლობას – 60000 აშშ დოლარი, ი. ს-ეს – 20000 აშშ დოლარი, ნ. ჩ-ეს – 15000 აშშ დოლარი; მოპასუხეებისათვის მოთხოვნილ თანხებზე მორალური ზიანის გარდა საურავის დაკისრება. მოპასუხეებისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდის დაკისრება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით, მოსარჩელის საავტორო უფლებათა დარღვევისათვის. ნ.მ-ე სასარჩელო მოთხოვნებს ასაბუთებდა შემდეგით: საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტმა და პირველმა არხმა 2000წ. მაისში გამოაცხადა ტელეგადაცემების ტენდერი. მოსარჩელემ საკონკურსო პირობების დაცვით წარადგინა აუდიოვიზუალური ნაწარმოების “...ის” პროექტი. საპროექტო განაცხადში იდეის ავტორებად მითითებული იყვნენ ნ. მ-ე და ვ. მ-ი, პროექტის ავტორებად კი მოსარჩელე და ნ. ჩ-ე. თუმცა ამ უკანასკნელს სცენარის და მთლიანად პროექტის შემუშავებაში არავითარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი წვლილი არ შეუტანია და იგი მთლიანად მოსარჩელეს ეკუთვნის, რასაც ადასტურებს სცენარის და პროექტის ნ.მ-ის მიერ შესრულებული ხელნაწერი. მოსარჩელის მტკიცებით, პროექტი შემუშავებული იქნა მის მიერ, შოუს ეთერში გასვლამდე ერთი წლით ადრე, იგი პირველად გამოქვეყნდა 2000წ. მაისის კონკურსზე, სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს და მუსიკალური გადაცემების ნომინაციაში მეორე ადგილი დაიკავა. ნ. მ-ის ავტორობა სცენარზე, პროექტზე და იდეაზე დასტურდება კონკურსზე წარდგენილი პროექტის თავფურცელზე აღნიშვნებით, ტელერადიოდეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით; ეთერში გამოსული “.. ..-ის” ტიტრებით და ი. ს-ის მიერ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებისათვის მიცემული ინტერვიუებით. გადაცემა, კონკურსის პირობების თანახმად, ეთერში 2000წ. სექტემბრიდან გავიდა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სატელევიზიო პროგრამების რეიტინგში ლიდერობდა. გადაცემა გადიოდა ყველაზე “პრესტიჟულ” დროს _ კვირა საღამოს 2200 საათზე, რაც უზრუნველყოფდა სარეკლამო ბლოკებიდან მაღალი შემოსავლების მიღებას. ამასთან, მოპასუხეებისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო გადაცემის სპონსორების მიერ გადახდილი თანხები და გადაცემაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციით შემოსული თანხები. პირველ გადაცემებში მოსარჩელის ავტორობა პროექტზე და სცენარზე მითითებული იყო, მოგვიანებით ტიტრები შეიცვალა და ავტორობა შენარჩუნდა მხოლოდ იდეაზე. 2001 წ. თებერვლიდან კი “...ის” ტიტრებიდან საერთოდ ამოღებულ იქნა მოსარჩელის გვარი და პროგრამის ავტორებად დაფიქსირდნენ ნ. ჩ-ე და ი. ს-ე. პროექტმა კონკურსზე სწორედ ნ. მ-ის ავტორობით გაიმარჯვა და კონკურსზე წარმოდგენილი პროექტი სხვა მასალებთან ერთად შეიცავდა პროექტის ავტორის ხელმოწერილ განაცხადს, გადაცემის საჰონორარო ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვას, ზუსტ ბიუჯეტს და ლიტერატურულ სცენარს, რომლის ავტორად აღნიშნული არის ნ. მ-ე. 2001წ. კონკურსზე ნ. ჩ-ემ წარადგინა იგივე პროექტი სახელწოდებით “განახლებული ...”, სადაც ავტორად თავისი თავი მიუთითა და ამ პროექტმა პირველი ადგილი დაიკავა. მოპასუხეებმა არ დადეს რა მოსარჩელესთან საავტორო ხელშეკრულება, მოსარჩელის ნებართვის გარეშე შეიტანეს პროგრამაში ცვლილებები, რითაც დაარღვიეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, მიაყენეს მოსარჩელეს მორალური ზიანი, შელახეს მისი პროფესიული ავტორიტეტი და საქმიანი რეპუტაცია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი მოტივებით: საქტელემაუწყებლობის მიერ 2000წ. მაისში გამოცხადებულ კონკურსზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო მუსიკალურ-გასართობი შოუ “...ის” პროექტი-კონცეფცია. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში”. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პროექტი-კონცეფცია არ შეიძლება ჩაითვალოს სცენარად, იგი არ არის ნაწარმოები, ის მხოლოდ გადაცემის ტექნიკური აღწერაა, რის გამოც მოსარჩელეზე არ ვრცელება კანონის მეექვსე მუხლი. მოსარჩელეს ჰონორარი არ უნდა მიეღო, ვინაიდან კონკურსში მონაწილეობისათვის არ იყო დაწესებული არანაირი ჰონორარი. ნ.მ-ეს ეთერში გასული არც ერთი გადაცემის სცენარის თუ დიალოგის დაწერაში მონაწილეობა არ მიუღია. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მორალურ ზიანზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ სატელევიზიო გადაცემების კონკურსში წარდგენილი გადაცემის პროექტი არ წარმოადგენს საავტორო უფლების დაცვის ობიექტს. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებს, მე-6 მუხლის “ნ” ქვეპუნქტს და მე-5 მუხლის მესამე პუნქტს.

ნ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მეორე პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის და სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 985-ე, 992-ე, 413-ე და მე-18 მუხლების საფუძველზე მისი სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი მოტივებით: სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არ მიუთითა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლად მითითებული შემდეგი გარემოებები: საქტელერადიომაუწყებლობამ საავტორო ხელშეკრულებები დადო რა მესამე პირებთან გადაცემის მომზადების თაობაზე, ნ.მ-ის მიერ შექმნილ პროექტს და მასში ჩართულ ციკლური გადაცემის სცენარს საავტორო უფლებების ობიექტად მიიჩნევდნენ. სარჩელში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში მორალური ზიანის მიყენება საავტორო უფლებების დარღვევისას პრეზუმირებულია.

სასამართლო კოლეგია “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნევს, რომ სადავო პროგრამა არ წარმოადგენს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს და არც მოსარჩელის მიერ მითითებული სცენარი – აუდიოვიზუალური ნაწარმოების სცენარს. კოლეგიის ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება მითითებული ნორმის შინაარსს და “მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მეორე მუხლის პირველ ქვეპუნქტს, რომელიც ტელეგადაცემებს კინემატოგრაფიულ (აუდიოვიზუალურ) ნაწარმოებებს უთანაბრებს.

კოლეგიას მიაჩნია, რომ გასართობი პროგრამა შოუ “...” არის “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებული მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემა პროგრამა, რომელიც შექმნილია თვით საეთერო ან საჯარო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლის _ საავტორო უფლების ერთ-ერთი სუბიექტის ცნებას და არა სამაუწყებლო ორგანიზაციის ანუ სავტორო უფლების ობიექტის ეთერით გადაცემული პროგრამის ცნებას. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ “...” არის მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემა – პროგრამა ... და იგი მიეკუთვნება ამავე კანონის მე-6 მუხლის “ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა ნაწარმოებთა რიგს”. აღნიშნული ეწინააღმდეგება ამავე კანონის არსს, რადგან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა არის მომიჯნავე უფლებების ობიექტი, მას არეგულირებს კანონის 45-53-ე მუხლები და იგი არ მიეკუთვნდება “სხვა ნაწარმოებთა რიგს”. შოუ “...” წარმოადგენს არა საქტელერადიომაუწყებლობის გადაცემას, არამედ მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში ჩართულ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს. კანონის 45.2 მუხლის თანახმად საქტელერადიომაუწყებლობა ვალდებული იყო საავტორო ხელშეკრულებები დაედო გამარჯვებული პროექტის ავტორებთან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი სცენარი წარმოადგენს არა იმ სახის სცენარს, რომელიც დაცულია საავტორო კანონით, არამედ “სასცენარო გეგმას”. საავტორო კანონმდებლობა დაცვას ავრცელებს სხვადასხვა სახის “სასცენარო ნაწარმოებებზე”, მათ შორის სასცენარო გეგმაზეც. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტ ი.ღლონტის დასკვნაც. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქტელერადიომაუწყებლობას ინდ. მეწარმე “ი. ს-ესთან” და კომპანია “ფ.”-სთან დადებული ჰქონდა საავტორო ხელშეკრულებები, სადაც მხარეები მ-ის პროექტს და სასცენარო გეგმას საავტორო უფლებების ობიექტად მიიჩნევდნენ.

სასამართლო დაუსაბუთებლად აიგივებს “პროექტს” და “კონცეფციას” როდესაც მიუთითებს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის 5.3 მუხლის თანახმად კი საავტორო უფლება არ ვრცელდება “იდეაზე და კონცეფციაზე”. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, პროექტი შეიძლება რთული ობიექტი იყოს, რომელიც შეიცავს როგორც საავტორო უფლებებით დაცულ ნაწარმოებებს, ისე დაცვის მიღმა არსებულ ობიექტებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს ტელერადიომაუწყებლობამ 2000წ. მაისის თვეში გამოაცხადა პირველი და მეორე არხების სატელევიზიო გადაცემათა კონკურსი. ნ. მ-ემ კონკურსის დებულების თანახმად წარადგინა მუსიკალური გასართობი პროგრამის შოუ “...ის” პროექტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას განმცხადებლისა და შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ, პროექტის კონცეფციას და ...ის ინტერაქტივს, შემოსავლის წყაროებს და სარეკლამო კამპანიას, საკონკურსო განაცხადის მიხედვით გადაცემის შემოქმედებით ჯგუფში გარდა ნ.მ-ისა შედიოდნენ ნ. ჩ-ე, ი. ს-ე და ვ. მ-ი. საქმეში ნ. მ-ის მიერ წარმოდგენილი გადაცემის პროექტის როგორც ხელნაწერი, ასევე ნაბეჭდი ეგზემპლარის თავფურცელზე მოსარჩელე თავის თავს მოიხსენიებს იდეის და პროექტის ავტორად. ნ. მ-ე საავტორო უფლების ობიექტად – აუდიოვიზუალური ნაწარმოების შემადგენელ ნაწილად, სცენარად მიიჩნევს საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ნაწილს – საქმის ფურცელი 64-დან, მუსიკალური შოუ “...დან” საქმის ფურცელ 66-მდე – ...ის ინტერაქტივამდე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო კოლეგიამ სავსებით სწორად გამოიყენა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ბ” პუნქტი და მიიჩნია, რომ საქტელერადიომაუწყებლობის პირველი არხის გასართობი პროგრამა შოუ “...” არ წარმოადგენს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს. აღნიშნული ნორმის თანახმად “აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული ან სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა). კანონის ეს დანაწესი შესაბამისობაშია ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის მეორე მუხლთან, რომლითაც საავტორო სამართლის ობიექტად მიჩნეულია კინემატოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებსაც უთანაბრდება კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებით შექმნილი ნაწარმოებები. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს წარმოადგენს რა განსაზღვრული მიმდევრობით მონაცვლე გამოსახულების აღბეჭდვა მგრძნობიარე ფირზე ფილმის სახით ჩვენებისათვის ხმის თანხლებით ან მის გარეშე, მასში მოიაზრება უპირველესად კინოფილმი, აგრეთვე ტელეფილმი, ვიდეოფილმი, დიაფილმი და სხვა მსგავსი ნაწარმოებები, რომელთა ერთგვაროვნად მიჩნევის აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს ამ ტიპის ნაწარმოებთა არსი და არა მათი შექმნის საშუალებები (ტექნიკა და სხვა). აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ ბერნის კონვენცია ტელეგადაცემებს უთანაბრებს კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებს.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის მსგავსად ბერნის კონვენციისა განსაზღვრავს სავტორო სამართლით დაცვად ობიექტთა წრეს, რომლის თანახმად სავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალური – შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ზემოხსენებულ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება სცენარიც, რომელიც წერილობითი ფორმით ასახავს თეატრალურ, სასცენო, ტელერადიომაუწყებლობის ან კინემატოგრაფიის ნაწარმოებს და ზუსტად გადმოსცემს ამ სახის ნაწარმოებთა სიუჟეტს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საავტორო კანონმდებლობა დაცვას ავრცელებს სხვადასხვა სახის სასცენო ნაწარმოებზე, მათ შორის სასცენარო გეგმაზე. ეს უკანასკნელი თავისი შინაარსით წინასწარი, სავარაუდო მონახაზია რა სცენარისა, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით სავტორო უფლებათა დაცვის ობიექტად დასახელებული არ არის და თავისი თვისებებიდან გამომდინარე ასეთად ვერ იქნება მიჩნეული. ამასთან, ამავე კანონის 5.3 მუხლის თანახმად, “საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია, ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.”

აღნიშნული საკითხები ანალოგიურადაა გადაწყვეტილი ბერნის კონვენციითაც. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (ე.წ. თღIPშ) ხელშეკრულების მეორე ნაწილის 9.2 მუხლის თანახმად “საავტორო უფლების დაცვა ვრცელდება გამოსახვის ფორმაზე და არა იდეებზე, პროცედურებზე, ფუნქციონირების მეთოდებზე...”

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ შოუ “...ის” გადაცემასთან დაკავშირებით საქტელერადიომაუწყებლობის მიერ მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებებით კასატორის მიერ შექმნილი პროექტი მიჩნეულია საავტორო უფლების ობიექტად, რაც ამყარებს ნ.მ-ის პოზიციას. საავტორო სამართლის დაცვად ობიექტთა წრე განსაზღვრულია კანონით და მესამე პირთა, თუნდაც სადავო ურთიერთობაში მოპასუხეთა, მოსაზრებას ამ საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით გადაცემული გასართობი პროგრამა შოუ “...” არის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის მე-4 მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებული მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემა და მიეკუთვნება ამავე კანონის მე-6 მუხლის “ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა ნაწარმოებთა რიგს, რომლის დაცვაც მოწესრიგებულია ამავე კანონის მე-6 თავით. მხოლოდ ის გარემოება, რომ შოუ “...” შექმნილია საქტელერადიომაუწყებლობასთან შეთანხმებით არ შეიძლება იყოს მისი მომიჯნავე უფლების ობიექტად მიჩნევის საფუძველი. ვინაიდან, ზემოხსენებული საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს და, ამასთან, არსებითად არ ცვლის დავაზე მისაღები გადაწყვეტილების შედეგს, იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.