¹ 3კ-328-03 23 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით გადახდილი თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 28 აპრილს ა. ა.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა. ს.-ის წინააღმდეგ.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996წ. 27 მარტს მან მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხის საკუთრებაში არსებული სამსართულიანი დაუმთავრებელი სახლის კარკასი გადავიდოდა მოსარჩელის საკუთრებაში, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული კარკასის ღირებულებას – 10000 აშშ დოლარს გადაიხდიდა ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში.
მოსარჩელემ მოპასუხეს – ა. ს.-ს, გადაუხადა კარკასის ღირებულების ნახევარი – 5000 აშშ დოლარი. სასარჩელო განცხადების მიხევით, მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მან ამის შემდეგ მოპასუხეს რამდენჯერმე შესთავაზა დარჩენილი თანხის გადახდა, მაგრამ იგი ურჩევდა, რომ ეს თანხები გამოეყენებინა კარკასის მშენებლობის დასამთავრებლად.
მოსარჩელემ მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების – 20000 აშშ დოლარის, ასევე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 6550 აშშ დოლარის, წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის – 2000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის – 600 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი წინააღმდეგია ნასყიდობოს ხელშეკრულების დადების, რადგან ა. ა.-მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა კარკასის ღირებულება სრულად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21544 აშშ დოლარის წარმომადგენლის ხარჯების – 2000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 345 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. სარაძის წარმომადგენელმა ამ. ს.-მ.
2002წ. 24 აპრილის ბრძანებით ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის ბრძანების თანახმად მოცემულ საქმეზე ჩატარდა განმეორებითი (კომისური) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
ამავე სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. ს.-ს, ა. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21544 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა; მასვე დაეკისრა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების – 1775 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა.
ეს გადაწყვეტილება ა. ს.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
წინამდებარე მორიგების აქტს ვადგენთ მხარეები, ერთის მხრივ, ა. ს.-ე (ამ. ს.-ის წარმომადგენლობით), მეორეს მხრივ ა. ა.-ი (გ. ჩ.-ს წარმომადგენლობით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავაზე ა. ს.-ის საკუთრებაში არსებულ 50 კვ.მ ნაკვეთზე და მასზე მშენებარე სამსართულიანი ნაგებობების თაობაზე.
ა. ს.-ე თანახმაა მიიღოს ა. ა.-ისაგან 8000 აშშ დოლარი 2003წ. 31 დეკემბრამდე, რის სანაცვლოდაც კისრულობს ვალდებულებას გადასცეს საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მშენებარე სამსართულიან ნაგებობაზე.
ა. ა.-ი თანახმაა გადარიცხოს 8000 აშშ დოლარი ა. ს.-ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე არა უგვიანეს 2003წ. 31 დეკემბრამდე, რის სანაცვლოდაც მიიღებს საკუთრების უფლებას ანგელინა ს.-ის საკუთრებაში არსებულ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მშენებარე სამსართულიან ნაგებობაზე. ა. ა.-ს უფლება აქვს მორიგების აქტში მითითებულ ვადის გასვლამდე თავის სურვილისამებრ ეცადოს სახლის სხვა მყიდველისათვის ჩვენება და ფასზე შეთანხმება, ა. ს.-ის ჩაურევლად, ნაკვეთისა და ნაგებობის შემდგომში გასხვისების (იპოთეკით დატვირთვა) მიზნით.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2003წ. 23 ივლისის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 273-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
წინამდებარე მორიგების აქტს ვადგენთ მხარეები, ერთის მხრივ, ა. ს.-ე (ამ. ს.-ის წარმომადგენლობით), მეორეს მხრივ ა. ა.-ი (გ. ჩ.-ს წარმომადგენლობით), საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავაზე ა. ს.-ის საკუთრებაში არსებულ 50 კვ.მ ნაკვეთზე და მასზე მშენებარე სამსართულიანი ნაგებობების თაობაზე.
ა. ს.-ე თანახმაა მიიღოს ა. ა.-ისაგან 8000 აშშ დოლარი 2003წ. 31 დეკემბრამდე, რის სანაცვლოდაც ვალდებულებას კისრულობს გადასცეს საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მშენებარე სამსართულიან ნაგებობაზე.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.