Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-331-03 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: პატენტით დაცული გამოგონების გამოყენებისათვის ჯარიმის დაკისრება, გამოგონების გამოყენების აკრძალვა, პატენტისა და საავტორო მოწმობის ნაცვლად გაცემული დამცავი დოკუმენტების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. და მ. ბ-ებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით შპს “ო-ის” მიმართ და აღნიშნეს, რომ შპს “ო.” უნებართვოდ, მოგების მიღების მიზნით ამზადებს 1991წ. 13 ნოემბერს მ. ბ-ზე გაცემული ¹... პატენტით დაცულ გამოგონებას, “მიკროდამხარისხებელი მისადგმელს”, და 2600 ლარად რეალიზაციას უკეთებს ჩაის ფაბრიკებში. როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, მოპასუხის მიერ გამოშვებულია 100-ზე მეტი დამახარისხებელი მანქანა, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 260000 ლარს, საიდანაც მოგება 20%-ის ოდენობით შეადგენს 52000 ლარს. მოგების 15% კი შეადგენს 7800 ლარს, რაც საავტორო ჯილდოა. აღნიშნულზე მითითებით მოსარჩელეები მოითხოვენ პატენტით დაცული გამოგონების აკრძალვას და უნებართვოდ გამოყენებისათვის პატენტმფლობელის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის დაკისრებას, ხოლო გამოგონების ავტორის სასარგებლოდ საავტორო ჯილდოს, 7800 ლარის დაკისრებას.

საქმის განხილვის დროს შპს “ო-ის” მიერ შეტანილ იქნა შეგებებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მხარემ საქართველოს საპატენტო კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ზ. და მ. ბ-ების გამოგონების _ ¹1494899 პატენტის და საავტორო მოწმობის ნაცვლად გაცემული დამცავი დოკუმენტის გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ 2002წ. 23 ოქტომბერს სასამართლოს სხდომაზე შპს “ო-ის” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

შპს “ო-ის” დირექტორმა გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი 21 ოქტომბერს გახდა ავად გულის შეტევის, ფილტვების ანთების და მაღალი წნევის შედეგად. 22 ოქტომბერს მან გააგზავნა დეპეშა, რითაც ითხოვა სხდომის გადადება. მხარის აზრით, მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ შპს “ო-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარისათვის სასამართლოში გამოცხადებისათვის ხელშემშლელ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. დეპეშა სასამართლოს ჩაბარდა სხდომის დამთავრების შემდეგ, ხოლო დ.ქ-ის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლომ დ. ქ-ის ავადმყოფობაც არ მიიჩნია საპატიო მიზეზად, რადგან ეს უკანასკნელი ავად გახდა სხდომაზე ორი დღით ადრე და მას ამ დროის განმავლობაში უფლება ჰქონდა საქმეზე მონაწილეობა მიენდო სხვა პირისათვის.

სასამართლოს აღნიშნული განჩინება შპს “ო-ს” დირექტორმა დ.ქ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი მტკიცებულებები დეპეშებისა და ავადმყოფობის ცნობის სახით. მის მარწმუნებელს არ ჰქონდა მინიჭებული სკ-ს 98-ე მუხლით მინიჭებული უფლებები და ამიტომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორის განმარტებით, ბ-ებს არ გააჩნდათ სარჩელის აღძვრის წინაპირობები მათი პატენტის პატენტუუნარობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სხდომა გრძელდებოდა ივლისიდან ოქტომბრამდე. ამ პერიოდში სასამართლომ მოისმინა მხარეთა, მათ შორის, მოპასუხის ახსნა-განმარტებები, მხარეებისა და მოსამართლეების მიერ დასმულია შეკითხვები, დაკითხულია სპეციალისტი, რაც გამორიცხავს მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის ფაქტს სასამართლოს სხდომაზე. უფრო მეტიც, შპს “ო-ს” დირექტორი დ. ქ-ი პირადად წარმოადგენდა აღნიშნულ იურიდიულ პირს სასამართლოს სხდომაზე. რაც შეეხება მის წარმომადგენელ ს.ა-ეს, როგორც საქმეში წარმოდგენელი ორდერიდან ირკვევა, იგი დ.ქ-ის (როგორც ფიზიკური პირის) წარმომადგენელია და არა შპს “ო-ის”, ხოლო დ.ქ-ის ავადმყოფობის ფაქტი, რაც უარყოფილი არ არის სასამართლოს მიერ, წარმოადგენს სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, მითუმეტეს, რომ მხარემ სასამართლოს აცნობა თავისი ავადმყოფობის შესახებ.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია შპს “ო-ს” შეგებებული სარჩელის მოთხოვნის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 53-ე, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ო-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.