Facebook Twitter

საქმე # 330100117001673025

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№370აპ-23 თბილისი

ხ–ა ა., 370აპ-23 4 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ხ–ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა.

2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

· ა. ხ–მ მეგობრებთან – ვ. ვ–სსა და ა. ს–სთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“, „კანაფის ფისი“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რომლებსაც უკანონოდ ინახავდნენ და უკანონოდ მოიხმარეს. 2016 წლის 25 ნოემბერს ა. ხ–ს მეგობრებთან – ვ. ვ–სა და ა. ს–სთან ერთად გადაადგილდებოდა ავტომანქანით თ–ში, გ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ვ. ვ–ს, ა. ხ–სა და ა. ს–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 0,3648 გრამი მოყვითალო ფხვნილისებური ნივთიერება, რომელშიც აღმოჩნდა 0,0192 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დიაცეტილმორფინი“ („ჰეროინი“), 0,00925 გრამი „6-მონოაცეტილმორფინი“ და 0,00063 გრამი „აცეტილკოდეინი“; ასევე – 0,5508 გრამი მცენარის თესლი, რომელიც წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლს და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ კვალს; 2,9650 გრამი მოყავისფრო მყარი მასა, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „კანაფის ფისს“.

· ა. ხ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა, კერძოდ: 2016 წლის 26 ნოემბერს ა. ხ–ს საცხოვრებელი ბინიდან (თ–ი, თ–ს მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტლის №.. კორპუსის ბინა №..) ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოყვითალო ფერის სამი კაფსულის შიგთავსი, საერთო წონით – 1,5848 გრამი, წარმოადგენს ნივთიერება „გაბაპენტინის“ შემცველ კაფსულებს; 0,2182 გრამი საერთო წონის ორი თეთრი ტაბლეტი, რომლებიც წარმოადგენს ნივთიერება „ბაკლოფენის“ შემცველ აბებს; 0,2368 გრამი წითელი ტაბლეტი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“ („3.4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) შემცველ აბს და შეიცავს 0,0511 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ა. ხ–ს, – დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. ა. ხ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· ა. ხ–სმ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა, კერძოდ: 2016 წლის 26 ნოემბერს ა. ხ–ს საცხოვრებელი ბინიდან (თ–ი, თ–ს მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტლის №.. კორპუსის ბინა №..) ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოყვითალო ფერის სამი კაფსულის შიგთავსი, საერთო წონით – 1,5848 გრამი, წარმოადგენს ნივთიერება „გაბაპენტინის“ შემცველ კაფსულებს; 0,2182 გრამი საერთო წონის ორი თეთრი ტაბლეტი, რომლებიც წარმოადგენს ნივთიერება „ბაკლოფენის“ შემცველ აბებს; 0,2368 გრამი წითელი ტაბლეტი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“ („3.4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) შემცველ აბს და შეიცავს 0,0511 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი თამარ იაკობიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ხ–სს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ა. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

10. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ნოემბრის განჩინებით 2016 წლის 25 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა „კრაისლერის“, რომელსაც ა. ს–სი მართავდა, ჩხრეკა უკანონოდ იქნა ცნობილი, ხოლო ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია – დაუშვებელ მტკიცებულებად. შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება და მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულება ა. ხ–ს წინააღმდეგ სასამართლომ კანონიერად არ გამოიყენა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული ა. ხ–ს პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მათი ერთობლიობა არ არის საკმარისი ა. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. ხ–ს გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი და არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე