გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-334-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ხ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბ. ფ-ისა და მ. ა-ის ოჯახის გამოსახლება მის საკუთრებაში არსებული ბინიდან. მან მიუთითა, რომ სადავო ბინაში დროებით, ორი კვირით, შეუშვა ისინი, რის შემდეგაც მათ უარი განაცხადეს დროებით დაკავებული ბინის გათავისუფლებაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ დაკავებული ფართიდან.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ა-ემ და ბ. ფ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება.
სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებსაც ეცნობათ სხდომის დღის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამავე სასამართლომ 2002წ. 25 ივნისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აპელანტებმა საჩივრით მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ მათი შვილების ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ სასამართლოს სხდომაზე და წარმოადგინეს ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა.
ამავე სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის განჩინებით აპელანტების მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა. მხარეებს სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ საქმის განხილვის თარიღი, თუმცა ბ. ფ-ე და მ. ა-ე სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდნენ. სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მიუთითა, რომ აპელანტები განგებ აჭიანურებენ საქმის განხილვას, რათა, რაც შეიძლება მეტი დრო დარჩნენ მის კუთვნილ ბინაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ა-ისა და ბ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2002წ. 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
ბ. ფ-ე და მ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: კასატორთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შვილის – 6 თვის ზ. ფ-ის ავადმყოფობით, რაზედაც სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა მოსამართლის თანაშემწე. ზ. ფ-ე სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა ქ. თბილისის ჩ-ს სახელობის პედიატრიის ინსტიტუტში, რის დამადასტურებელი ცნობა თან ერთვის საკასაციო საჩივარს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 25 ივნისს, სასამართლო სხდომაზე იხილებოდა რა მ.ა-ისა და ბ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებულ იქნა მ. ა-ის და ბ. ფ-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა საჩივარი და სხდომის დღედ დაინიშნა 2002წ. 15 ოქტომბერი, 15 საათი. ასევე, დადგენილია და თვით კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მხარეებს სხდომის დღის თაობაზე ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მ. ა-ის და ბ. ფ-ის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო პალატამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე 2002წ. 21 ოქტომბერს მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ს 242-ე მუხლი, რომლის თანახმად მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება იმ მხარის მიმართ, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ მათ საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ აცნობეს საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს თანდართულ ცნობას მცირეწლოვანი ზ. ფ-ის ავადმყოფობის შესახებ, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სსკ-ს 393-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საოლქო სასამართლოს მიერ კი დადგენილია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტთა გამოუცხადელობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოსათვის უცნობი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ფ-ის და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.