Facebook Twitter

3კ-335-03 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი:L ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. კ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. ოქტომბერში მოპასუხეს ასესხა 2850 აშშ დოლარი ყოველთვიური 10%-ის დარიცხვით. თანხას მოპასუხე დააბრუნებდა მოთხოვნისთანავე. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს დაბრუნებული აქვს 2000 აშშ დოლარი, დღეისათვის მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 850 აშშ დოლარი და პროცენტი 765 აშშ დოლარი, მოპასუხე დარჩენილი თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებს, რის გამო მოსარჩელემ მოითხოვა 1615 აშშ დოლარი მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან თანხა არ უსესხებია და არც ხელწერილზე მოუწერია ხელი, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, მან 1998წ. ოქტომბერში ასესხა მოპასუხეს 2850 აშშ დოლარი, რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადგენილი ხელშეკრულების ნამდვილობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი სასამართლომ არ მიიჩნია მტკიცებულებად, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერა სავარაუდოდ არ არის შესრულებული მოპასუხის მიერ.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 624-ე მუხლი სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ დაარღვია მისი უფლებები, როდესაც არ დაკითხა მოპასუხის ოჯახის წევრები, რომლებიც მისი მოსაზრებით ვერ უარყოფდნენ და აღიარებდნენ ვალის არსებობას, სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 131-ე მუხლის მოთხოვნა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი ხელწერილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2001წ. 4 აპრილს განცხადებით მიმართა შს სამმართველოს. განცხადებაში იგი მიუთითებდა, რომ 1999წ. ოქტომბერში მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, მოპასუხე ე. კ-ი არ უბრუნებს ვალს და არც ხელწერილს უწერს. ამდენად, 2001წ. 4 აპრილს არ არსებობდა ხელწერილი. მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა ხელწერილი დათარიღებული 1999წ. 15 ოქტომბრით. ექსპერტიზის დასკვნით ხელმოწერა სავარაუდოდ არ არის შესრულებული მოპასუხის მიერ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებები და მართებულად არ მიიჩნია წარმოდგენილი ხელწერილი ვალის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი თავის მოთხოვნას ამყარებდა მოპასუხის ოჯახის წევრების აღიარებაზე, მაგრამ სასამართლომ ისინი არ დაკითხა, რითაც დაარღვია სსკ-ს 131-ე მუხლი, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან მითითებული ნორმით სახეზე უნდა იყოს მხარის, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის აღიარება და არა მოწმის აღიარება, აქედან გამომდინარე, სასამართლოს, რომ დაეკითხა აღნიშნული მოწმეები და მათ კიდევაც, რომ დაედასტურებინათ მოსარჩელის მოთხოვნა, სასამართლო მათ აღიარებას საფუძვლად ვერ დაუდებდა გადაწყვეტილებას.

სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

სესხის ხელშეკრულება რომ ნამდვილად ჩაითვალოს, დაცული უნდა იყოს კანონით განსაზღვრული ფორმა. სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითი. ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არაა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, აუცილებელია რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება მსესხებლისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დოკუმენტი მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დასადასტურებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.