საქმე # 210100122005893649
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№443აპ-23 ქ. თბილისი
გ-ი რ, 443აპ-23 26 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გიორგი კაკულიას
ადვოკატ - თ. ბ-ს
მსჯავრდებულ - რ. გ-ის
თარჯიმან - ნ. ო-ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-სა და თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენზე და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით:
რ. გ-ი, დაბადებული --- წლის … თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
რ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 7 მაისიდან;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. იმავე კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2022 წლის 7 მაისს, ღამით, ს--ს რაიონის სოფელ მ-ში მდინარე ი--ს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილებისას რ. გ-ი პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მიერ უკანონოდ შეძენილ, 538.27 გრამ მოყავისფრო-მონაცრისფერო ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს,“ წონით - 162.46 გრამს, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 7 მაისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით:
მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სამართლის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
4. კასატორები რ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები: გ. გ-ე და თ. ბ. ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, მხარეთა შორის მიღწეულია საპროცესო შეთანხმება და მოლაპარაკება საბოლოო პირობებზე მიმდინარეობს.
5. ადვოკატების საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალდებას შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. 2023 წლის 19 ოქტომბერს სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ის გარემოება, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
7. 2023 წლის 20 ოქტომბერს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ რ. გ-ს შორის 2023 წლის 19 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და იშუამდგომლა, რომ რ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით - განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 15 000 ლარი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
საპროცესო შეთანხმების შესაბამისად, მსჯავრდებული ვალდებულია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან (N033070522001) გამოყოფილ საქმეზე (N033140622002), არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხვისას აქვს მიწოდებული.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე პროკურორმა, გიორგი კაკულიამ და მოსამართლის შეკითხვაზე განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ითანამშრომლა, რის საფუძველზეც, მის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა რ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თ. ბ-ა, ასევე მხარი დაუჭირეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას; ამასთან, საკასაციო საჩივართან მიმართებით ადვოკატმა დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მიხეილ კუპრაშვილსა და მსჯავრდებულ რ. გ-ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას რ. გ-ის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის - სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულებს, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელთა ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ რ. გ-ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, სრულად აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.
5. საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. რ. გ-ი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. რ. გ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
6. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით - დადასტურებულია რ. გ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
8. ამდენად, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
9. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორ, მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-სა და თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მიხეილ კუპრაშვილსა და მსჯავრდებულ რ. გ-ს შორის და რ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 4 (ოთხი) წელი;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
5. მსჯავრდებულ რ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 7 მაისიდან;
6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი