საქმე # 010100122006142529
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №759აპ-23 ქ. თბილისი
ვ-ძე რ, 759აპ-23 26 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ვ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის - ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2020 წლის ივლისის ეპიზოდი); სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის - ოჯახის წევრის მიმართ (2021 წლის შემოდგომის ეპიზოდი); სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის - ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის მაისის ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2022 წლის 16 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის ზაფხულში, ქალაქ ბ-ში, ხ-ის ქუჩაზე, №..-ის ბინა ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სრულწლოვანმა რ. ვ-მ დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ხელით შიშველ მკერდზე შეხებით განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედება მისი ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის - ა. კ-ს მიმართ;
· 2020 წლის ივლისში, ქალაქ ბ-ში, ხ-ის ქუჩაზე, №..-ის ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ვ-მ იძალადა ოჯახის წევრებზე, კერძოდ, არასრულწლოვანი გერის - ა. კ-ის თანდასწრებით, ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. დ-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის სახის არეში დარტყმებით, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ოჯახის წევრს, გერს - ა. კ-ს თმის მოქაჩვითა და სახის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ა. კ-მ და ლ. დ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი;
· 2021 წლის შემოდგომაზე, ქალაქ ბ-ში, ლ-ის ქუჩაზე, ...-ის ბინა ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სრულწლოვანმა რ. ვ-მ დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ხელით შიშველ მკერდზე, სასქესო ორგანოსა და საჯდომზე შეხებით განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედება მისი ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის - ა. კ-ის მიმართ;
· 2022 წლის მაისში, ქალაქ ბ-ი, ლ-ის ქუჩაზე, ...-ის ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სრულწლოვანმა რ. ვ-მ დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ტუჩებზე ორჯერ კოცნით განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედება მისი ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის - ა. კ-ს მიმართ;
· 2022 წლის 16 ივლისს, ქალაქ ბ-ში, ლ-ის ქუჩა ..., ბინა ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ვ-მ იძალადა ოჯახის წევრებზე, კერძოდ, არასრულწლოვანი გერის - ა. კ-ის თანდასწრებით, ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. დ-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქუნთის, ე.წ. „პუფის “ თავის არეში დარტყმით, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ოჯახის წევრს, გერს - ა. კ-ს ხელის ხელზე და სახის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ა. კ-მ და ლ. დ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
2.1. რ. ვ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ივლისის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის შემოდგომის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გამართლებულ რ. ვ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2.3. რ. ვ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენის გაუქმება, რ. ვ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ივლისის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის შემოდგომის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ. ვ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ივლისის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის შემოდგომის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
7. შეტყობინების რეგისტრაციის №... დოკუმენტის მიხედვით, სატელეფონო შეტყობინების ინიციატორმა - 13 წლის ა. კ-მ გადმოსცა, რომ მამინაცვალი რ. ვ-ძე სექსუალურად ძალადობს დედაზე - ლ. დ-ზე;
8. კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ 2022 წლის 19 ივლისის დადგენილების მიხედვით, სისხლის სამართლის №171180722010 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და სამართალწარმოება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. დ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის - რ. ვ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;
10. მოწმის სახით დაკითხული მ. კ-ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დგინდება, რომ ლ. დ-ძე არის მისი შვილი, რომელიც შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ცალკე; ლ-ი იმყოფება მეორე ქორწინებაში რ. ვ-ან, მათ ჰყავთ საერთო შვილი - ნ. ვ-ძე, ლ-ის პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილი - ა. კ-ე. 2022 წლის 16 ივლისს, ზუსტი დრო არ ახსოვს, მობილურ ტელეფონზე დაურეკა შვილიშვილმა - ა. კ-მ და უთხრა, რომ დედამისი და მისი მეუღლე - რ. ვ-ძე ჩხუბობდნენ. მ. კ-ძე დაუყოვნებლივ მივიდა შვილის ბინაში, სადაც არეულობა არ შეიმჩნეოდა, ლ-ი იყო განერვიულებული. მოწმე მიხვდა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა კამათს, მას არაფერი უკითხავს, ორივე შვილიშვილი წაიყვანა საკუთარ ბინაში. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, რა მოხდა 2022 წლის 16 ივლისს მის შვილს - ლ. დ-სა და რ. ვ-ეს შორის, იგი უშუალო კონფლიქტს არ შესწრებია, მას დაურეკა შვილიშვილმა - ა. კ-მ და უთხრა, რომ მშობლები ჩხუბობდნენ და აღარ უნდოდა მათი ჩხუბის მოსმენა. მოწმის განმარტებით, ლ. დ-ს მისთვის არ უთქვამს მის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ჩადენის შესახებ;
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ა. კ-მ არ დაადასტურა და კატეგორიულად უარყო რ. ვ-ის მიერ მისი და დედის - ლ. დ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობებისა და ა. კ-ის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას არ მოსწონდა, რომ სიმთვრალის დროს რ. ვ-ძე ეკამათებოდა დედას, რის გამოც სურდა, რომ ლ. დ-ძე და რ. ვ-ძე დაშორებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ მიზნით მოუგონა რ. ვ-ს ფიზიკური ძალადობისა და სექსუალური ქმედებების ამბები. ა. კ-მ უარყო მის გამოკითხვის ოქმებში მითითებული რ. ვ-ის მიერ ფიზიკური ძალადობებისა და სექსუალური ქმედებების ჩადენის შესახებ ინფორმაციის სისწორე და განმარტა, რომ მის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციები რ. ვ-ის ქმედებებთან დაკავშირებით მან მოიგონა და რეალურად აღნიშნული ქმედებები რ. ვ-ს არ ჩაუდენია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებისას მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის არასწორი და რ. ვ-ს ბრალად წარდგენილი არცერთი ქმედება არ ჩაუდენია.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას რ. ვ-მ უარყო მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი და ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც რ. ვ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა ლ. დ-მ ისარგებლა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და სასამართლოს არ მისცა რ. ვ-ის მამხილებელი ჩვენება. დაზარალებულმა ა. კ-მ კატეგორიულად უარყო რ. ვ-ის მიერ მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების, ასევე დედამისის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტები და განმარტა, რომ ასეთ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციები საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მოწმეების - მ. კ-ის, ჯ. ხ-სა და ნ. მ-ის გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას რ. ვ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
15. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, რომელთა თანახმად, ა. კ-მ მიუთითა, რომ მამინაცვალი - რ. ვ-ძე მას და დედამისს - ლ. დ-ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მის მიმართ რამდენჯერმე ჩაიდინა არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოკლებულია მტკიცებულებით ღირებულებას, ვინაიდან მათში მითითებული ფაქტები თავად ინფორმაციის მიმწოდებელმა წყარომ არ დაადასტურა სასამართლოში.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა რ. ვ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ივლისის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის შემოდგომის ეპიზოდი), 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი