Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-339-03 4 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: შვილებთან ერთად მესაკუთრედ ცნობა და რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ-ე და ნ. წ-ე 1992წ. 18 ივლისს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ნ. წ-ე 1995 წლიდან ორ შვილთან ერთად ჩაეწერა ... მდებარე რ. ბ-ის ბინაში. 1998წ. 3 დეკემბერს მოხდა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია, რა დროსაც ბინაში რეგისტრირებული იყვნენ რ. ბ-ე, ნ. წ-ე, მათი ორი მცირეწლოვანი შვილი და ი. ბ-ე.

2000წ. 11 სექტემბერს ნ. წ-ესა და რ. ბ-ეს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება.

2000წ. 28 სექტემბერს ნ. წ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შვილებთან ერთად ბინის 3/5-ზე მესაკუთრედ ცნობისა და ბინიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცნობილ იქნა სადავო ბინის 3/5-ის მესაკუთრედ. იმის გამო, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ბინიდან რეალური წილის გამოყოფა შეუძლებელია, სასამართლომ დაადგინა სადავო ბინის საჯარო აუქციონზე გაყიდვა და ამონაგების განაწილება მხარეებზე წილების პროპორციულად.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ-ემ და რ. ბ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, კერძოდ, მოსარჩელეს არ მოუთხოვია საზიარო უფლების გაუქმება. ამასთან, აპელანტთა მითითებით, სადავო ბინა ეკუთვნოდა გამოჩენილ ქართველ მსახიობ ე. მ-ს და უახლოეს ხანში გადაწყვეტილია მისი სახლ-მუზეუმის გახსნა, რაც გამორიცხავს სადავო ბინის აუქციონზე გაყიდვის შესაძლებლობას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. წ-ე ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/3-ის მესაკუთრედ. გაუქმდა საზიარო უფლება ამ უფლების მონაწილეთა შორის სადავო ბინის აუქციონზე გაყიდვის გზით.

სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი შვილები ვერ გახდებოდნენ ბინის თანამესაკუთრენი, ხოლო ნ.წ-ე თანამესაკუთრე გახდა არა გარიგებით, არამედ _ კანონისმიერი საფუძვლით. ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ბინა გადაკეთდეს სახლ-მუზეუმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საზიარო ნივთი უნდა გაიყიდოს არა მესამე პირზე, არამედ უნდა გაიყოს საზიარო უფლების მონაწილეთა შორის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ნ. წ-ემ, ისე _ რ. ბ-ემ.

ნ. წ-ემ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, არასწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ამასთან, კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ საზიარო უფლების მონაწილეთა შორის სადავო ბინის აუქციონზე გაყიდვის ნაწილში.

რ. ბ-ემ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კასატორის აზრით, ბინის აუქციონზე გაყიდვა დაუშვებელია, რადგან ბინა შესაძლებელია გადაკეთდეს ე. მ-ის სახლ-მუზეუმად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საკასაციო საჩივრებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. აღნიშნული დადგენილების მიღებისას მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებოდნენ დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები (62-ე მუხლი). ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დამქირავებელთან ერთად მცხოვრები პირები, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობდნენ ყველა უფლებით და ეკისრებოდათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამქირავებლის ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს, წარმოეშვათ დამქირავებლის თანაბარი უფლება, საკუთრებაში მიეღოთ მინისტრთა კაბინეტის დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ გადაცემული საცხოვრებელი სახლი (ბინა).

1997წ. 25 ნოემბრიდან, ახალი სკ-ს ამოქმედებიდან, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსმა ძალა დაკარგა. ბუნებრივია, გაუქმდა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ადგენდა დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრების თანაბარ უფლებებს. მიუხედავად ამისა, ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი საოჯახო ურთიერთობებს განიხილავს როგორც პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს და იგი არ შეიცავს არასრულწლოვანთა მიერ საკუთრებაში უძრავი ქონების მიღების შემზღუდავ ნორმებს. ამდენად, ზემოთ მითითებული მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით საქართველოს მოქალაქეთათვის მინიჭებული უფლება – მიიღონ საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი (ბინა) თანაბრად ვრცელდება დამქირავებლის ოჯახის ყველა წევრზე, მიუხედავად ასაკისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ნ. წ-ის წილი სადავო ბინაში არასრულწლოვან შვილთათვის წილის მიკუთვნებაზე უარის თქმის გამო.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორია მხარეთა საზიარო უფლების გაუქმების ნაწილშიც. სკ-ს 964-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგების განაწილებით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგნის ნატურით გაყოფა დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა სადავო ბინის გაყიდვა და ამონაგების განაწილება მხარეთა შორის, რომ არ დაუდგენია, შესაძლებელი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარისათვის მიკუთვნებული სადავო ბინიდან 1/3-ის გამოყოფა ნატურით. სააპელაციო სასამართლო ისე დაეყრდნო ექსპერტის დასკვნას, რომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ექსპერტიზა ჩატარებული იყო ბინის 3/5-ის და არა 1/3-ის გამოყოფაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. წ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.