გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-341-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სამეზობლო დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ჯ-ა-ს-მ 2000წ. 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. ო-ს მიმართ და მოითხოვა ... ეზოს მხრიდან მისი ბინის კედელზე მოპასუხის მიერ მიშენებული სათავსოს მთლიანად მოშლა და აღება.
მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ ცხოვრობს .... 1989 წლამდე მისი ბინის ფანჯრების ქვეშ მიშენებული იყო სათავსო და საპირფარეშო, რომელმაც დააზიანა და დაანესტიანა ბინის კედელი ... მდებარე ეზოს მხრიდან.
მთაწმინდის რაიონის საექსპლოატაციო-საბინაო ტრესტის განკარგულების საფუძველზე აღნიშნული სათავსო აღებულ იქნა. ამჟამად კი მოპასუხე ხელახლა აშენებს სათავსოს, რის თაობაზეც მას ნებართვა მიუღია 1995 წელს რაიონის გამგეობისაგან, რაც მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მოსარჩელის მოსაზრებით გამგეობის განკარგულება ძალადაკარგულია, ვინაიდან ის გაცემულია 1995 წელს, მშენებლობაზე ნებართვას კი აქვს ორწლიანი ხანდაზმულობის ვადა და თვლის, რომ მოპასუხეს ამ განკარგულებით მშენებლობის წარმოების უფლება არა აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მის მიერ აშენებული სათავსოს კედელად გამოიყენა მისი ბინის კედელი, რომელზედაც მისი თანხმობა არ გააჩნია, სათავსოს სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყალი კი ჩაედინება მისი ბინის უკანა კედელზე, ანესტიანებს და აზიანებს ბინას, მოითხოვა მოპასუხის მიერ განხორციელებული სათავსოს უკანონო მშენებლობის მოშლა.
ს. ო-მ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელი აღძრა ზ. ჯ-ა-ს-ს მიმართ და მოითხოვა ზ. ჯ-ა-ს-ს სახლის კედელზე გამოჭრილი უკანონო ფანჯრის ღიობის ამოქოლვა, ... მდებარე ეზოს მხრიდან, ასევე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ა-ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ს. ო-ს დაეკისრა თავისი ხარჯებით ნაწილობრივ მოშალოს თბილისში, ... საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე მოსარჩელის კედელთან არსებული სათავსო, დააშოროს იგი საცხოვრებელი სახლის კედელს არანაკლებ 1,88 მეტრით და მოახდინოს სათავსოს გადაკეთება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ 2001წ. 27 მარტის ¹2/427-2001 საექსპერტო დასკვნაში მითითებული ნახაზით. მოსარჩელის სათავსოს მოშლაზე ეთქვა უარი.
ს. ო-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ო-მ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თბილისში, ... მდებარე ორ საეზოვე ნაკვეთებს შორის სამეზობლო საზღვართან არსებული კედელი, რომელზედაც მიშენებულია ს. ო-ს კუთვნილი სათავსო წარმოადგენს სამეზობლო კედელს. აღნიშნული სამეზობლო კედელი, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნით, წარმოადგენს ზ. ჯ-ა-ს-ს საცხოვრებელი ბინის კედელს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო კედელი მოსარჩელის სახლის კედელია და ამ სახლში მცხოვრებ პირთა საკუთრებაა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. ო-მ დაარღვია ზ. ჯ-ა-ს-ს როგორც კედლის მესაკუთრის უფლებები, მისი თანხმობის გარეშე, ... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კედელზე ... მდებარე სახლთმფლობელობის მხრიდან მიაშენა სადავო სათავსო, რომელსაც სამი მხრიდან გააჩნია დამოუკიდებელი კედელი, ხოლო ... მდებარე სახლთმფლობელობის მხარეს კი დამოუკიდებელი კედელი არ გააჩნია და მიშენებულია ზ. ჯ-ა-ს-ს საცხოვრებელი სახლის კედელზე, რითაც დაირღვა მოსარჩელის სახოვრებელი ბინისათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა განმეორებითი კომისიური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად სადავო ნაგებობაში სათავსოს მოწყობის შემთხვევაში საჭიროა სათავსოს უკანა მხარეზე მოსარჩელის კუთვნილი ბინის კედლიდან 1 მეტრის დაცილებით მოეწყოს დამოუკიდებელი კედელი, ვინაიდან ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სადავო ნაგებობა მოწყობილია სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, დაევალოს მოპასუხეს 1 მეტრით დააშოროს სათავსო სახლის კედელს, ხოლო სათავსოს სრულ მოშლაზე უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს, რადგან სადავო სათავსო აშენებულია ძველად არსებული სათავსოს პარამეტრებში, როგორც სიგანეში, ასევე სიმაღლეში. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლები.
ს. ო-ს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ფანჯრის ღიობი მოწყობილია 1940 წელს, იგი დაკანონებულია და ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით სადავო ფანჯრის ღიობი აღრიცხულია საინვენტარიზაციო გეგმა-ნახაზში, როგორც კანონიერი. ამასთან, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად, რაც ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება ს. ო-ს მოთხოვნას მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ს. ო-მ ზიანის მიყენების შესახებ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ა-ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ს. ო-ს დაეკისრა თავისი ხარჯებით მოშალოს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე მოსარჩელე ზ. ჯ-ა-ს-ს საცხოვრებელი სახლის უკანა კედელთან არსებული სათავსო, დააშოროს იგი საცხოვრებელი სახლის კედელს ერთი მეტრით და დამოუკიდებელი კედელი ააშენოს აღნიშნული მანძილის დაცვით;
მოსარჩელე ზ. ჯ-ა-ს-ს სათავსოს სრულ მოშლაზე ეთქვა უარი;
ს. ო-ს შეგებებული სარჩელი ფანჯრის ღიობის ამოშენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მასვე ეთქვა უარი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ზ. ჯ-ა-ს-ს საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უზენაესი სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინებით დარჩა განუხილველი.
კასატორი ს. ო-ა მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს მე-3, მე-4 და 248-ე მუხლის მოთხოვნები.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 84-ე მუხლი.
სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 170-ე, 172-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მაიკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ზ. ჯ-ა-ს-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ს. ო-ს მიმართ და მოითხოვა სადავო სათავსოს მთლიანად მოშლა და აღება. სააპელაციო პალატამ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, სათავსოს მთლიანად აღებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს. მოპასუხეს დაევალა 1 მეტრით დააშოროს სათავსო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კედელს. ე.ი. სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე ნაკლები, ვიდრე ის მოითხოვდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს მე-3 და 248-ე მუხლების მოთხოვნები და მიაკუთვნა მხარეს ის რაც მას არ მოუთხოვია.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაესაბუთებინათ თავიანთი მოთხოვნები.
კასატორის მოსაზრებით, თუ მის მოთხოვნაზე გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მაშინ სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში, ხოლო თუ მიიღო ეს ნიშნავს იმას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა საპატიოდ ჩათვალა. კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად მიიღო ს. ო-ს სარჩელი წარმოებაში, განიხილა იგი და გამოირკვა, რომ სადავო ფანჯრის ღიობი გაკეთებულია 1940 წელს, რის შესახებაც ს. ო-სათვის ცნობილი იყო, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სკ-ს (1964 წ.) 75-ე და 84-ე მუხლების საფუძველზე მართებულად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ფანჯრის ღიობის ამოქოლვის შესახებ.
არასწორია ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები, რადგან სადავო კედელი სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელის საკუთრებად.
სახლმფლობელობის საინვენტარიზაციო გეგმის, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სადავო კედელი ზ. ჯ-ა-ს-ს საცხოვრებელი სახლის კედელია და ამ სახლში მცხოვრებ პირთა საკუთრებაა. სადავო კედელი წარმოადგენს სამეზობლო საზღვართან აგებულ კედელს, რომელიც მთლიანად განთავსებულია ამშენებლის ნაკვეთზე და არ წარმოადგენს სასაზღვრო ნაგებობას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, როგორც კედლის მესაკუთრემ მართებულად მოითხოვა აღკვეთილიყო მისი ნებართვის გარეშე, მისი კუთვნილი სახლის კედელზე სათავსოს მშენებლობის გაგრძელება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა, შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.